ემერი მალანიუ | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | XVI საუკუნე |
გარდ. თარიღი | ივნისი, 1598 |
გარდ. ადგილი | ამსტერდამი |
მოქალაქეობა | ინგლისის სამეფო |
საქმიანობა | კარტოგრაფი და მათემატიკოსი |
ემერი მალანიუ (/ˈɛməri ˈmɒlᵻnoʊ/ EM -ər-ee MOL -in-oh ; გ. ივნისი, 1598) — ინგლისელი ელისაბეთის ხანის გლობუსის, მათემატიკური ინსტრუმენტებისა და სამხედრო იარაღების მწარმოებელი. მისი სახმელეთო და ციური გლობუსები, რომელიც თავდაპირველად გამოუშვეს 1592 წელს, იყო პირველი გლობუსი, რომელიც შექმნა ინგლისელმა მეცნიერმა ინგლისში.
მალანიუ ცნობილი იყო, როგორც ინგლისელი მათემატიკოსი და მუშაობდა ისეთ ხელსაწყოებზე, როგორებიცაა კომპასი და ქვიშის საათი. იგი ახლოს იცნობდა უამრავ გამოჩენილ ადამიანს, მათ შორის მწერალ რიჩარდ ჰაკლუიტს და მათემატიკოსებს — რობერტ ჰუესს და ედვარდ რაიტს. იგი ასევე იცნობდა მაძიებლებს — თომას კავენდიშს, ფრენსის დრეიკს, ვოლტერ რაილის და ჯონ დევისს. დევისმა გააცნო მალანიუს საკუთარი მფარველი, ლონდონელი ვაჭარი უილიამ სანდერსონი, რომელიც დიდწილად აფინანსებდა ემერის საქმიანობას. ძირითადად, დასრულების შემდეგ, გლობუსს წარუდგენდნენ ელისაბედ I-ს. უფრო დიდ გლობუსებს იძენდნენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, დიდგვაროვნები და აკადემიური ინსტიტუტები, ხოლო მცირე ზომის გლობუსების ყიდვა შედარებით უფრო პოპულარული იყო მეზღვაურთა და სტუდენტთა შორის, პრაქტიკული ნავიგაციისთვის. თავდაპირველად ემერი გლობუსებს ქმნიდა ისეთი გამძლე ნივთიერებებისგან, რომლებიც ზღვის სინესტეს უძლებდნენ. სწორედ ამიტომ, ისინი გემებზე საკმაოდ პოპულარული და მნიშვნელოვანი გახდნენ.
1596, ან 1597 წელს მალანიუ მეუღლესთან ერთად ემიგრაციაში წავიდა ამსტერდამში, სადაც მან წარმატებით დააინტერესა გაერთიანებული პროვინციების თანამდებობის პირები თავისი გამოგონილი ქვემეხის მონაცემებით, მაგრამ იგი მოულოდნელად გარდაიცვალა 1598 წლის ივნისში, აშკარად სიღატაკეში. მასთან ერთად გაქრა ინგლისში გლობუსის შემქმნელი ინდუსტრია.
მიჩნეულია, რომ მსოფლიოში მისი დამზადებული გლობუსის მხოლოდ ექვსი ეგზემპლიარია შემორჩენილი. სამი მდებარეობს ინგლისში, რომელთაგან ერთი წყვილი, რომელიც შედგება სახმელეთო და ციური გლობუსებისგან, შედის Middle Temple-ის საზოგადოებისა და მისი ბიბლიოთეკის შემადგენლობაში, ხოლო ერთი სახმელეთო არის პეტვორთში, დასავლეთ სასექსში.
ემერი მალანიუ მიჩნეულია ინგლისში პირველი ხმელეთის და ციური გლობუსის შემქმნელად და როგორც გლობუსების პირველი მწარმოებელი ინგლისში. [1] თავად კაცის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. პეტრუჩო უბალდინი, იტალიელი კალიგრაფი, ილუმინატორი და ელჩი [2] რომელიც მას კარგად იცნობდა, ამბობდა, რომ ის გაურკვეველი ოჯახური ფონის მატარებელი იყო. [3][4] 1580-იანი წლებისთვის იგი ატარებდა სემინარს ლამბეტში, მდინარე თემზას სამხრეთ ნაპირზე და სარგებლობდა მათემატიკოსისა და მათემატიკური ინსტრუმენტების შემქმნელის რეპუტაციით. [5] რიჩარდ პოლტერი, თავის 1605 წელს გამოცემულ წიგნში „The Pathway to Perfect Sayling“ (უნაკლო ნაოსნობის გზამკვლევი), [6] აღნიშნა, რომ მალანიუ იყო კომპასების და ქვიშის საათების ნიჭიერი შემქმნელი.
თავისი ხმელეთის გლობუსის შექმნისას მალანიუმ გამოიკვლია რუტიერები (ზღვაზე მიმართულების ინსტრუქციები) [7] და პილოტები (სანავიგაციო სახელმძღვანელოები). [8] ცნობილია, რომ რუტიერი ბრაზილიისა და დასავლეთ ინდოეთისთვის მისცა თომას ჰარიეტს 1590 წელს. [9] მან ასევე მიიღო რჩევა და დახმარება ნავიგატორებისა და სხვა მათემატიკოსებისგან. [10] მაგალითად, სერ ვალტერ რალიმ მას ურჩია ესპანური ლეგენდა სოლომონის კუნძულების შესახებ, რომელიც ხმელეთის გლობუსზე ასახა. [11] რალეიმ მოამარაგა ინფორმაციით პედრო სარმიენტეო დე გამბოასგან. ეს უკანასკნელი იყო გალი მკვლევარი, რომელიც ესპანეთის მეფე ფილიპ II-ემ გაგზავნა მაგელანის სრუტის გასაძლიერებლად, მას შემდეგ, რაც იქ ფრანცის დრეიკმა გაიარა. [12]
მალანიუს ციური გლობუსი, ფაქტობრივად, იყო გერჰარდ მერკატორის 1551 წლის გლობუსის ასლი, რომელიც თავისმრივ დაფუძნებული იყო გემა ფრისიუსის მიერ 1537 წელს შექმნილ გლობუსზე, რომლის აწყობასაც მერკატორმა მხოლოდ ხელი შეუწყო. მალანიუმ მერკატორის გლობუსზე გამოსახულ თანავარსკვლავედებს დაამატა სამხრეთ ჯვარი და სამხრეთის სამკუთხედი, თუმცა მათი რეალური მდებარეობიდან გარკვეულწილად დასავლეთით. როგორც ჩანს, მისი წყარო ანდრეა კორსალის დიაგრამაა ანტარქტიდის ცის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა [13] 1550 წელს. [14] მალანიუს გლობუსები პირველად მოწყობილი იყო იმგვარად, რომ მათზე გავლენა ვერ მოეხდინა ზღვაზე არსებულ ტენიანობას. ისინი მზადდებოდა ფქვილის პასტისგან, იმ დროისათვის იშვიათად გამოყენებული მასალისგან. სიმონ ფორმანმა აღნიშნა, რომ მალანიუს მიერ სრულყოფილი ყალიბის დამზადების და ჩამოსხმის პროცესი იყო ერთადერთი საშუალება კარგი გლობუსის დასამზადებლად. [15]
1590-იან წლებში მალანიუ ცდილობდა მოეპოვებინა ელისაბედ I-ის მფარველობას და დაფინანსებას ქვემეხის დასამზადებლად. იგი თავის ნამუშევარს აღწერდა, როგორც „ახალ გამოგონებას, გარღვევას არტილერიასა და სროლის ტექნიკაში, რომელსაც აქტიურად გამოიყენებდნენ ძირითადად საზღვაო ომებში, პორტებისა და ნავსადგურების დასაცავად.“ მისი აზრით, იგი ასევე გამოდგებოდა „ათასი მუშკეტიდან გასროლილი ცეცხლის გასანეიტრალებლად და მის ველურ ცეცხლს ვერაფერი ჩააქრობდა.“ [16] 1593 წლის მარტში მალანიუს სამეფო ბრძანება გადასცეს. ორი წლის შემდეგ ვაჭარმა რობერტ პარკმა მისთვის იყიდა დიდი რაოდენობით ქვანახშირი, კალიუმის ნიტრატი, ზეთები და ცვილი, სავარაუდოდ ქვემეხისთვის. 1596 წლის 4 ნოემბერს პრივის საბჭომ მოუწოდა ლორდ ადმირალს ესაუბრა მალანიუსთან, ბუსისთან და ორ სხვა მეცნიერთან მათი შემტევი ძრავების ეფექტურობასა და მათი საშუალებით ბრიტანეთის სახლრეთ სანაპიროს დაცვაზე. [17] როგორც ჩანს, მოთხოვნა უგულებელყვეს. 1594 წლის 27 სექტემბერს [18] დედოფალმა დაასაჩუქრა მალანიუ £200-ით და წლიური შემოსავლით, რომელიც £50-ს შეადგენდა. თავდაპირველად მალანიუ ამ შემოთავას დათანხმდა, თუმცა შემდეგ უარი თქვა წინადადებაზე დაახლოებით 1596 წლის აპრილსა და 1597 წლის 4 ივნისს შორის, როცა ის და მისი მეუღლე ემიგრაციაში წავიდნენ ამსტერამში, ჰოლანდიაში. მკვლევარმა უალისმა დააფიქსირა, რომ მან თან წაიღო გლობუსების დასაბეჭდი ფირფიტები და მიჰყიდა ჰონდიუსს, რომელიც დაბრუნდა ამსტერდამში 1593 წელს. [19]
რატომ დატოვა მალანიუმ ინგლისი და ჰოლანდიაში გადასახლდა, უცნობია. ოქსფორდის ეროვნული ბიოგრაფიის ლექსიკონიდან ვკითხულობთ თეორიას, რომლის მიხედვითაც ემერი მალანიუს ჰოლანდიაში წასვლის ძირითადი მოტივი იყო თავისი ნამუშევრების ევროპელი პრინცებისთვის პირადად გაცნობა და პრეზენტაცია, ამსტერდამი კი იმ დროს უკვე მკვიდრდებოდა მსოფლიოს გლობუსების, რუკების წარმოების და კარტოგრაფიის ცენტრად. მეორე მხრივ, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი განზრახვა, თუ მან გლობუსის ფირფიტები ჰონდიუსს მიჰყიდა. შესაძლებელია, რომ მან გადაწყვიტა იარაღების წარმოებაზე კონცენტრირება. 1598 წლის 26 იანვარს, გაერთიანებული პროვინციების თანამდებობის პირებმა, ინტერესი გამოიჩინეს მალანიუს ქვემეხის მიმართ და მას გამოგონებისთვის 12-წლიანი პრივილეგია მიანიჭა. 6 ივნისს მან შეიტანა მეორე განცხადება, მაგრამ გარდაიცვალა თითქმის მაშინვე, ამსტერდამში. იმავე თვის ბოლოს მის მეუღლეს ინგლისში ემერის ქონება გადასცეს. როგორც ჩანს, მალანიუ სიღარიბის შედეგად გარდაიცვალა, რადგან ანნეს მიენიჭა ჰოლანდიური თანაგრძნობის პენსია 50 ფლორინის რაოდენობით, 1599 წლის 9 აპრილს. როგორც გაირკვა, მალანიუს არ ჰყავდა სხვა გადარჩენილი ოჯახის წევრი ამიტომ მასთან ერთად გარდაიცვალა ინგლისის გლობუსების შემქმნელი ინდუსტრია. ფაქტობირვად, არცერთი გლობუსი არ უწარმოებიათ ინგლისში 1670-იანი წლების მოსვლამდე. ისინი დაამზადეს რობერტ მორდენმა, უილიამ ბერიმ და ჯოზეფ მოქსონმა. [20] თუმცა, მალანიუს გარდაცვალებიდან 40-ზე მეტი წლის შემდეგ, უილიამ სანდერსონ უმცროსმა დაწერა, რომ მისი გლობუსები, დიდი და მცირე ზომის, სახმელეთო თუ ციური ატიურ გამოყენებაში იყო, როგორც მის უნივერსიტეტებში, ისე არაერთ ბიბლიოთეკაში (ინგლისში და სხვა ქვეყნებშიც)". [21]
დღეს ოფიციალურად დადასტურებულია ემერი მალანიუს სულ რაღაც ექვსი გლობუსის არსებობა, რომელთაგან ორი ხმელეთის გლობუსია და ოთხი ციური გლობუსი. სამი ციური გლობუსი მდებარეობს გერმანიაში, თითო-თითო — ცერბსტში, ნიურნბერგში, გერმანიის ეროვნულ მუზეუმში და კასელში, Hessisches Landesmuseum-ში. Hessisches Landesmuseum–ს ერთ დროს ჰქონდა 1592 წელს აწყობილი ხმელეთის გლობუსი, მაგრამ, სავარაუდოდ, იგი განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს. სამი გლობუსი რჩება ინგლისში: ერთი წყვილი, რომელიც მოიცავს სახმელეთო და ციურ რუკას და შედის Middle Temple-ის საზოგადოებისა და მისი ბიბლიოთეკის შემადგენლობაში, ხოლო ერთი სახმელეთო არის პეტვორთში, დასავლეთ სასექსში.
https://peoplepill.com/people/emery-molyneux/ https://www.nationaltrust.org.uk/petworth-house-and-park/features/dont-miss-the-molyneux-globe-at-petworth-house