თამაზ მელიავა

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მელიავა.

თამაზ გიორგის ძე მელიავა (დ. 23 დეკემბერი, 1929, თბილისი — გ. 27 აგვისტო, 1972, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).

საშუალო განათლება მიიღო თბილისში და სწავლა გააგრძელა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1958 წელს.

შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო ა. დოვჟენკოს სახელობის კიევის კინოსტუდიაში. აქ დადგა პირველი ფილმი „უბრალო ნივთი“. 1959 წელს „მოსფილმში“ გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმები „ლეონ კუტიურე“ და „წყნარი ნავსადგომი“, რომლებითაც მიიპყრო მაყურებელთა ყურადრება. მალე ახალგაზრდა რეჟისორი სამშობლოში დაბრუნდა და აქ გამოავლინა თავისი დიდი შესაძლელობანი 1963 წელს ელდარ შენგელაიასთან ერთად გადაიღო ფილმი „თეთრი ქარავანი“, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა ჩვენშიც და უცხოეთშიც. ამ ფილმისათვის დამდგმელ რეჟისორებს 1967 წელს საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატობა მიენიჭათ. ასევე წარმატებით მოიარა ქვეყნის ეკრანები მისმა სრულმეტრაჟიანმა ფილმა „ლონდრემ“.

ჭეშმარიტად დიდ შემოქმედებით გამოცდად იქცა თ. მელიავასათვის კონსტანტინე გამსახურდიას რომანის „მთვარის მოტაცების“ მიხედვით ორსერიიანი კინოსურათის შექმნა. ნიჭიერმა ხელოვანმა შესანიშნავად გაართვა თავი რთულ ამოცანას და დაგვიტოვა მშვენიერი კინემატოგრაფიული ნაწარმოები. მას ეკუთვნის კინოსცენარები მხატვრული ფილმებისათვის „გლადიატორი“, „სამკაული სატრფოსათვის“ და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე — მანანა ვასილის ასული ანთიძე (დ. 23 აგვისტო, 1933, ჭიათურა — გ. 19 თებერვალი, 1994, თბილისი).

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 265, თბ., 1994