კატარის საგარეო ურთიერთობები კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იმართება. არაბული ქვეყნები პირველები იყვნენ, რომლებმაც კატარის დამოუკიდებლობა აღიარეს. 1971 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კატარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და არაბული ქვეყნების ლიგაში გაწევრიანდა. 1961-2019 წლებში კატარი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წევრი იყო. ქვეყანა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს დამფუძნებელი წევრია. დიპლომატიური მისიები ქვეყნის დედაქალაქში, დოჰაშია განლაგებული.
კატარის რეგიონული ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკა რეგიონულ და ძლიერ სახელმწიფოებს შორის დაბალანსებული სტრატეგიული ურთიერთობებით ხასიათდება. ქვეყანას დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აქვს და რეგიონული ბალანსის შენარჩუნებაში მონაწილეობს თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე აღიარების მოსაპოვებლად.[1][2] კატარი პატარა სახელმწიფოა და „ღია“ საგარეო პოლიტიკა აქვს, რისი წყალობითაც ქვეყანას რეგიონულ მოთამაშეებთან კავშირები აქვს, მათ შორის ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც თალიბანი და ჰამასია.[3]
არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი საზღვაო მეზობლები არიან. ორივე სახელმწიფო სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრია.[4] 2017 წლის 5 ივნისს, კატარის დიპლომატიური კრიზისის დროს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კატართან ურთიერთობები შეწყვიტა.[5] ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური კავშირები სრულად აღდგა 2021 წლის 6 იანვარს.[6]
კატარსა და კვიპროსს შორის ურთიერთობები 2001 წლის 21 თებერვალს დამყარდა. კვიპროსის საელჩო დოჰაში მდებარეობს, ხოლო კატარს საელჩო ნიქოზიაში და საკონსულო ლიმასოლში აქვს.
კატარსა და სინგაპურს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1984 წელს დამყარდა.[7][8] კატარის საელჩო სინგაპურში მდებარეობს,[9] ხოლო სინგაპურის საელჩო ― დოჰაში.[10]
იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოსა და კატარის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1972 წელს დამყარდა, თუმცა ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა ერთი წლით ადრე დაიწყო. კატარმა დამოუკიდებლობა 1971 წლის სექტემბერში მოპოვა და ახალი სახელმწიფოს განათლების, სამხედრო და ეკონომიკური სექტორების დაგეგმარებისთვის იორდანიელი სპეციალისტები მიიწვია.[11] 1972 წელს ყატარის საელჩო ამანში გაიხსნა.[12] იორდანიის საელჩო დოჰაში მდებარეობს.
კატარსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 16 მარტს დაარსდა.[13] საქართველოს საელჩო დოჰაში მდებარეობს, ხოლო კატარის საელჩო თბილისშია განთავსებული.
კატარსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის ივლისში დამყარდა. კატარის საელჩო ასტანაში მდებარეობს,[14] ხოლო ყაზახეთის საელჩო დოჰაშია განლაგებული.[15]
ერაყთან ომის დროს კატარი იმ არაბულ სახელმწიფოებს შორის იყო, რომლებიც ქუვეითის გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ. კატარელი ჯარისკაცები ხაფჯის ბრძოლაში მონაწილეობდნენ, რომელიც პირველი მთავარი შეტაკება იყო სპარსეთის ყურის ომის დროს. 2017 წლის კატარის დიპლომატიური კრიზისის დროს ქუვეითი მედიატორის როლს ასრულებდა. მედიატორის სტატუსი ქუვეითის ნეიტრალიტეტითა და ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობებით იყო განსაზღვრული.[16]
ქუვეითის საელჩო დოჰაში მდებარეობს,[17] ხოლო კატარის საელჩო ელ-ქუვეითშია განთავსებული.[18] ორივე სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარეობს და ახლო კულტურული და ისტორული კავშირები აქვთ.[19]
ორივე სახელმწიფო სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრია. ომანის საელჩო დოჰაში, ხოლო კატარის საელჩო მასკატში მდებარეობს. 2016 წელს კატარსა და ომანს შორის ვაჭრობის მოცულობა 814 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.[20] 2017 წლის სექტემბერში ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობა ივნისის შემდეგ, როდესაც კატარის დიპლომატიური კრიზისი დაიწყო, 2 000%-ით გაიზარდა. 2017 წლის დიპლომატიური კრიზისის დროს ომანი კატარისთვის მთავარი სატრანზიტო გასასვლელი იყო. კრიზისის დაწყების შემდეგ კატარში საქონელი სალალაჰისსა და სოჰარის პორტებიდან შედიოდა.[21] ივნისშივე ამ ორ პორტსა და კატარის ჰამადის პორტს შორის პირდაპირი მარშრუტები შემუშავდა.[22]
კატარსა და ვიეტნამს შორის ოფიციალური ურთიერთობები 1993 წლის 8 თებერვალს დაიწყო.[23] კატარის საელჩო ჰანოიში მდებარეობს, ხოლო ვიეტნამის საელჩო ― დოჰაში. 1986 წელს წარმატებული ეკონომიკური რეფორმის შემდეგ ვიეტნამი კატარელი ინვესტორებისთვის მთავარი დანიშნულების ადგილი გახდა. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიეტნამში უმსხვილესი ინვესტორი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, თუმცა მისგან განსხვავებით კატარის ინვესტიციები სოფლის მეურნეობის, ენერგიის, სექტორებსა და ორ სახელმწიფოს შორის ექსპორტისა და ვაჭრობის ხელშეწყობაზეა ფოკუსირებული.