მარიამი (იმერეთის დედოფალი)

იმერეთის დედოფალი მარიამი (1784-1841)

მარიამ კაციას ასული დადიანი (დ. 1783/1784[1] — გ. 19 მარტი, 1841, სანქტ-პეტერბურგი) — იმერეთის სამეფოს უკანასკნელი დედოფალი, სოლომონ II-ის მეუღლე, კაცია II დადიანის ქალიშვილი. რუსეთის იმპერიის მიერ 1810 წელს იმერეთის დაპყრობის შემდეგ მარიამი რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოდან გაასახლა.

მარიამი 1783/1784 წელს ოდიშის მთავრის ოჯახში დაიბადა, მამამისი იყო კაცია II დადიანი. 1790-იანი წლებში მარიამი დააქორწინეს იმერეთის მეფე სოლომონ II-ზე. წყვილს ორივე შვილი სიყრმეშივე გარდაეცვალა. ამიტომ, 1804 წელს, სოლომონმა რუსეთის მთავრობის ზეწოლით თავის მემკვიდრედ მისივე ძველი მეტოქის, დავით II-ის ძე კონსტანტინე ბატონიშვილი დაასახელა.[2] იმავე, ელაზნაურის შეთანხმების თანახმად იმერეთის სამეფო იძულებული გახდა რუსეთის ქვეშევრდომობა მიეღო. 1810 წლის თებერვალში რუსეთმა სოლომონი ტახტიდან გადაყენებულად გამოაცხადა და იმერეთის დაპყრობას შეუდგა.[3]

1810 წლის მარტში სოლომონმა რუსთა ტყვეობას თავი დააღწია და იმერეთში სახალხო აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. მარიამი ამ ბრძოლაში მეუღლის გვერდით იდგა. საქართველოს მთავარმართებელის, ალექსანდრე ტორმასოვის ბრძანებით გენერალმა სიმონოვიჩმა მარიამ დედოფალი, მისი და (თავად დავით მიქელაძის მეუღლე) და სოლომონის და მაია (თავად მალხაზ ანდრონიკაშვილის მეუღლე) დააპატიმრა და ციხეში მოათავსა. სამივე დიდგვაროვანი ქალის სურსათით უზრუნველყოფა მათივე მამულებს ეკისრებოდა; მათთვის ფულის გადაცემა იკრძალებოდა. თავად სიმონოვიჩი პატიმრების მიმართ სიფრთხილის გამოჩენის მომხრე იყო, რადგან შიშობდა, რომ ქალბატონების უდიერი მოპყრობა აჯანყებას გაარღმავებდა. გათავისუფლების შემდეგ მარიამმა თავი ოდიშის მმართველს, დედოფალ ნინოს შეაფარა.[4] ამ დროისთვის დამარცხებული სოლომონი იძულებული გახდა ოსმალეთის ტერიტორიაზე გადასულიყო. საბოლოოდ, მარიამი დაითანხმეს რუსებს ჩაბარებოდა და 1810 წლის ნოემბერში სამხედრო ესკორტის თანხლებით თბილისში გადაიყვანეს. მალევე, დედოფალი მარიამი და სოლომონის და — მაია რუსებმა ვორონეჟში გაასახლეს. დეპორტირებულმა დედოფალმა საქართველოს ახალი მთავარმართებლის, ფილიპ პაულუჩის შუამდგომლობით სოლომონს წერილი გაუგზავნა, განწირული ბრძოლის შეწყვეტა და ოსმალეთიდან დაბრუნება სთხოვა.[4]

1815 წელს სოლომონი დევნილობაში გარდაიცვალა. მეუღლის სიკვდილმა დედოფალზე მძიმე გავლენა მოახდინა. ამის შემდეგ მას ნება დართეს მოსკოვში, 1817 წელს კი პეტერბურგში დასახლებულიყო. რუსეთის მთავრობამ მას პენსია დაუნიშნა და წმინდა ეკატერინეს ორდენის დიდი ჯვარი უბოძა. ერთ-ერთი ცნობით, მისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მარიამმა რუსეთის იმპერატორს პირადად სთხოვა ციმბირში გადასახლებაში მყოფი, სოლომონის ერთგული ყმისთვის — ივანე სარალიძისთვის დაბრუნების უფლება მიეცა. გათავისუფლებული სარალიძე დედოფალმა პეტერბურგში საკუთარ სახლში დააბინავა, მაგრამ მეორე დილით გულის შეტევით გარდაცვლილი იპოვა.[5] თავად მარიამი 1841 წელს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა პეტერბურგში, დაკრძალეს იქვე.

მარიამი დედოფალი ცნობილი იყო, როგორც მწიგნობრობის მფარველი. მისი ბრძანებით 1804 წელს გადაიწერა „თიმსარიანი“ და „სიბრძნე სიცრუისა“. დედოფლის კარზე მოღვაწეობდა ცნობილი მწერალი იონა ხელაშვილი, შემორჩენილია მათი მიმოწერაც. რუსეთში ცხოვრების პერიოდში მარიამს ურთიერთობა ჰქონდა ისტორიკოს პლატონ იოსელიანთან, რომელმაც დედოფალს მის მიერ 1838 წელს გამოცემული იოანე შავთელის „აბდულმესია“ მიუძღვნა წარწერით: „მათ უმაღლესობას, მეფისა სოლომონ II-სა მეუღლეს დედოფალ მარიამ კაცია დადიანის ასულს მდაბლად მიუძღვნის ტფილისის სემინარიის შინა ფილოსოფოსი და ფიზიკის მასწავლებელი. ღვთის მეტყველების კანდიდატი პლატონ იოსელიანი. აგვისტოს 24-სა 1838 წელსა, ტფილისი“.

  • ქორიძე, დავით. მარიამ დადიანი // ქართველი ქალები უძველესი დროიდან XIX საუკუნის გასულამდე / დავით ქორიძე. - თბილისი, 1976. - გვ. 112-115.
  • ქაფიაშვილი, იზოლდა. მარიამ დედოფალი // ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები / იზოლდა ქაფიაშვილი. - თბილისი, 1994. - გვ. 165-166.
  • ხოფერია, ნინო. ბაგრატოვან ქალთა გალერეა : მარიამი / ნინო ხოფერია // ბაგრატოვანთა ქალები : საქართველო უბედობის ჟამს / ნინო ხოფერია. - თბილისი, 2012. გვ. 60-63.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მითითებული წელი საფლავის ქვაზე
  2. Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. — М.: Линкоминвест, 1998: გვ. 54.
  3. Утверждение русского владычества на Кавказе / Сост. Е. Г. Вейденбаум, В. А. Потто, Н. С. Аносов, В. И. Томкеев; под ред. В. А. Потто; под руков. Н. Н. Белявского. — Тф.: Тип. Я. И. Либермана, 1901. — Т. I: Время Кнорринга, Цицианова и Гудовича. 1801—1809 гг.: გვ. 104–106.
  4. 4.0 4.1 Акты, собранные Кавказскою археографическою комиссиею : Т. 4 : [Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова : 1809-1811] / Издан. под ред. председ. комиссии с. с. Ад. Берже. - 1870. Арх. Гл. упр. наместника кавк.. - Тифлис : тип. Гл. упр. Наместника Кавк., 1866-1904: გვ. 253–254, 323, 335, 337, 340/
  5. ბოროზდინი, კორნელი (თარგმანი ს. დავითიანისა), „იმერეთის დედოფალი მარიამი“. «ივერია» №№ 189–190, 1903: გვ. 2–3, 2–3.