რუსაკოვის სახელობის კულტურის სახლი Дом культуры имени Русакова | |
---|---|
მდებარეობა | მოსკოვი, რუსეთი |
არქიტექტორი | კონსტანტინე მელნიკოვი |
მოქანდაკე | კონსტანტინე მელნიკოვი |
სტილი | ავანგარდიზმი |
დაწყების თარიღი | 1927 |
დასრულების თარიღი | 1929 |
მდგომარეობა | გარემონტებული |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
რუსაკოვის სახელობის კულტურის სახლი (რუს. Дом культуры имени Русакова) — სამუშაო კლუბის შენობა მოსკოვის სტრომინკასა და ბაბაევსკის ქუჩის კვეთაზე, რომელიც 1929 წელს, კომუნალური სამსახურის მუშებისთვის აშენდა. შენობის პროექტი ეკუთვნის გამოჩენილ არქიტექტორ კონსტანტინ მელნიკოვს.
რუსაკოვის სახელობის კულტურის სახლი შენობა მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც საბჭოთა ავანგარდის არქიტექტურული ძეგლი, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სივრცითი კომპოზიციით, შემონახული მხატვრული გამოსახულებით და ინოვაციური კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით.[1][2]
შენობა, კომუნალური სამსახურის კავშირის დაკვეთით, ახლოს მდებარე ტრამვაის პარკისა და ვაგონების სარემონტო სახელოსნოს მუშებისთვის აშენდა. კულტურის სახლმა, ბოლშევიკების პარტიის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ივან რუსაკოვის (1877—1921 წწ.) სახელი მიიღო, რომლის პატივსაცემად ასევე ტრამვაის დეპო, ქუჩა და მოსკოვის სანაპიროს მონაკვეთიც მის სახელს იღებს.
1987 წელს, კლუბის შენობა საბჭოთა არქიტექტურის ძეგლად აღიარეს.
1996 წელს, კლუბი იჯარით რომან ვიკტიუკის თეატრს გადასცეს. რუსაკოვის სახელობის კლუბი ასევე შეიტანეს მსოფლიო არქიტექტურის ძეგლთა ფონდის განსაკუთრებულად ღირებული ობიექტების სიაში, რომლისგან კლუბმა 20 ათასი ამერიკული დოლარის გრანტი მიიღო. ამ სახსრებზე, ასევე მეიჯარის ფულზე, რუსაკოვის სახელობის კლუბსა და რესტორან „ბაქოური ეზო“-ს ჩაუტარდა ნაწილობრივი რემონტი, სადაც შეიცვალა შენობის გათბობის სისტემა და გადახურვა, ასევე შეიცვალა ძველი ფანჯრებიც. თუმცა, მასშტაბური რესტავრაციისთვის სახსრები არ აღმოჩნდა საკმარისი.
2005 წელს, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, 10 000-იანი ტირაჟით ვერცხლის სამახსოვრო მონეტა გამოუშვა წარწერით „ი. ვ. რუსაკოვის სახელობის კულტური სახლი“ და რომლის ნომინალია 3 რუბლი.
2012 წლის ივლისში, გამოცხადდა შენობის სარემონტო-აღდგენითი სამოშაოების ჩასატარებლად კონკურსი. რეკონსტრუქციის შედეგად, შენობა ასევე ადაპტირებული უნდა ყოფილიყო შემოქმედებითი საქმიანობისთვისაც.[3] 2012 წლის ბოლოს, კლუბის შენობის სრული სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.[2]
2014 წელს, ლაიფციგში გამართულ „Denkmal“-ის გამოფენაზე, სადაც რუსაკოვის სახელობის კულტურის სახლის რესტავრაციის შედეგები იყო ნაჩვენები, პირველი პრიზი მიიღო. როგორც მედიაში იყო აღნიშნული, დაჯილდოება იყო იმის დასტური, რომ სამუშაოების ხარისხი მაღალია და საერთაშორისო საზოგადოება დაინტერესებულია საბჭოთა არქიტექტურის კონსტრუქტივიზმის ეპოქით.[4][5]
2015 წლის 25 მარტს, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, რომან ვიკტიუკთან ერთად, შენობა მოინახულა, სადაც დასრულდა ორ წელიწადზე მეტი დროით მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები. მერმა განაცხადა: „ჩვენ, ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი სარესტავრაციო სამუშაოები აქ დასრულებულია. ეს (შენობა) — დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სარესტავრაციო ობიექტია. 2,5 წლის განმავლობაში, რესტავრატორებმა სრულიად აღადგინეს ყველაზე ნათელი ავანგარდული ძეგლის ისტორიული იერსახე“. მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალექსანდრე კიბოვსკის სიტყვებით, შენობაში სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად, დამონტაჟდა თანამედროვე ხმის და განათების მოწყობილობები, შეიქმნა მოსახერხებელი საგარდერობო ოთახები, სტუმრებისთვის დარბაზე, შეიცვალა გათბობის და წყალმომარაგების სისტემები. ასევე აღდგა მელნიკოვის პროექტში გათვალისწინებული და შემდეგში ჩაშენებული ფანჯრები, შედეგად, რომან ვიკტიუკის თეატრი მოსკოვის თეატრებს შორის ერთადერთი გახდა, სადაც თეატრალური დადგმებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მზის სინათლე. რომან ვიკტიუკმა განაცხადა, რომ თეატრი ფუნქციონირებას სექტემბერში დაიწყებს, ხოლო პრემიერისთვის დაიდგმევა მარინა ცვეტაევას ტრაგედია „პედრა“-ს.[2][5]
რეკონსტრუქციის შემდეგ, უნიკალურ ტრანსფორმირებად დარბაზში 438 ადგილია განკუთვნილი მაყურებლებისთვის, აქედან 266 ადგილი აივანზე, 164 ადგილი დასაკეც სკამებზე და 8 ადგილი განკუთვნილია შშმ პირებისთვის. დამონტაჟებულია სპეციალური ლიფტი ეტლით მოსარგებლე ინვალიდთათვის, რომელიც შენობის თავდაპირველ პროექტში არ იყო გათვალისწინებული. თეატრს უახლესი თეატრალური ტექნიკა გააჩნია, მათ შორის, სცენის მექანიკური მოწყობილობები, განათებისა და ხმის აპარატურა, კერძოდ, თეატრი აღჭურვილია 62 აკუსტიკური სისტემით, რომლის საერთო სიმძლავრე 51 კვტ-ს შეადგენს, ხოლო ხმის წნევა 136 დეციბელია. [4][5]
რუსაკოვის სახელობის კულტურის სახლი ფორმით უზარმაზარ კბილანას გვაგონებს. ეს პირველი შენობაა მსოფლიოში, სადაც მაყურებელთა დარბაზის აივნები გამოტანილია გარეთ და ეყრდნობა სამკბილიან სვეტებს.[5] შენობის მთელი სივრცით-მოცულობითი დაგეგმარება დაქვემდებარებულია მთავარი დარბაზის ტრანსფორმირებად სივრცეს, რომელიც შენობის მოცულობის 70 % იკავებს. შენობის აგების დროს, მელნიკოვის მიერ გამოყენებულ იქნა იმ დროისათვის პროგრესული ტექნოლოგიები: რკინაბეტონის ჩარჩო, ტრანსფორმირებადი გადასვლების სისტემა, შუშის ფანჯრები და კედლები მაყურებელთა დარბაზში. მოძრავი კედლები საშუალებას აძლევდა რამდენიმე დარბაზის გაერთიანებას ან, პირიქით, გაყოფას.
შენობის ცენტრში განლაგებულია ვესტებიული ორი იზოლირებული კიბით და ცენტრალური კიბით შუაში, რომელიც მიჰყავს ორ დარბაზში: ზედა და ქვედა დარბაზში. როგორც თვითონ მელნიკოვი გეგმავდა, ქვედა დარბაზი შეიძლება გამოყენებულიყო, როგორც რესტორანი, ხოლო ზედა — სამიტინგოდ და სპორტული ვარჯიშებისთვის. [6] აშენებულ კლუბს ექვსი დამოუკიდებელი დარბაზი გააჩნდა, რომლებიც ერთიანდებოდნენ სპეციალური სადრენაჟი კედლებით (მოძრავი კედლებით), განლაგებული იყო შენობის იარუსებს შორის და იტევდა 980 ადამიანს.