საიდ-ფაშა

საიდ ფაშა (არაბ. سعيد باشا; დ. 1791 — გ. 1817) — წარმოშობით ქართველი ერაყის მამლუქი მმართველი 1813-1817 წლებში. სულეიმან ბუიუქის შვილი.

მამის გარდაცვალების შემდგომ (1813) საიდმა მიიღო ფაშას წოდება (ქართულად: გუბერნატორი). რადგანაც საიდი სასახლეში აღიზარდა, მას არ მოუწია ებრძოლა ფაშობისთვის, შესაბამისად ის არ გამოირჩეოდა გამოცდილებით და ძლიერი ნებისყოფით, რის გამოც თავს ვერ ართმევდა ერაყის მართვას.[1] ამის გამო 1814 წელს მისმა ოპოზიციონერმა ჰამად-აღამ მოუწყო შეთქმულება. მან საიდის დედა დაარწმუნა, რომ დაუდი, რომელიც საიდის მარჯვენა ხელი იყო, გეგმავდა აჯანყებას, ამის გამგონე დედამ საიდი, ბევრი ცდის შემდგომ, დაითანხმა და დაუდი მოახსნევინა დავთადარის პოსტიდან.[2] ამ გადაწყვეტილებამ საკმაოდ დაძაბა ვითარება ერაყის საფაშოში. აჯანყებამდე მივიდა საქმე, როდესაც დაუდმა ბევრი მომხრე გაიჩინა, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ საიდით.

საიდი, 1816 წლისთვის, ვეღარ ინახავდა ჯარს, რის გამოც გადაწყვიტა ფულის მოჭრა. მან ამ მიზნით ებრაელი ბანკირი აზრა მოიწვია. აზრას შურისძიების სურვილი ამოძრავებდა საიდის მიმართ, რადგან საიდმა, რამდენიმე წლის წინ, ის არ დანიშნა ბაღდადის სავაჭრო კორპორაციის მეთაურად.[3] ამ შურის ძიების მიზნით, აზრამ მონეტას ოსმალეთის სულთნის, მაჰმუდ II-ის ნიშნის მაგივრად, საიდის სახელი დააწერა და გააგზავნა სტამბოლში სულთანთან. ამაზე სულთანი განრისხდა და საიდს უბრძანა დაეტოვებინა ფაშას პოსტი. ეს მომენტი დაუდმა გამოიყენა და თავისი კანდიდატურა წარადგინა ამ თანამდებობაზე. სულთანი დასთანხმდა ამას, თუმცა საიდი არ ნებდებოდა ამ პოსტს.

საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა რომ, 1817 წლის თებერვალში საიდის ბანაკი შიგნიდან გატყდა და დაუდმა მოახერხა ბაღდადში შესვლა, რითაც ერაყის უკანასკნელი მამლუქი ფაშა გახდა.[4]

  • ჯანელიძე დ., სილაგაძე ბ., ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში, თბ., 1967;
  • ბეი-მამიკონიანი გ., ქართველ მამელუკთა მბრძანებლობა ერაყში XVIII და XIX საუკუნეებში, „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“, ტ. 5, № 7, 1944.
  1. სილაგაძე ბ., „ქართველი მამლუქები ერაყში“, თბილისი, 1967, გვ. 228
  2. იქვე, გვ. 229
  3. იქვე, გვ. 231
  4. იქვე, გვ. 238