ტიდორეს სასულთნო (ზოგჯერ Kerajaan Tidore) ― ყოფილი სასულთნო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ცენტრი მდებარეობდა ტიდორეზე, მოლუკის კუნძულებზე (ამჟამად ჩრდილოეთი მალუკუ, ინდონეზია). სასულთნო ასევე ცნობილი იყო როგორც დუკო, ხოლო მისი მმართველი ტიტულს Kië ma-kolano-ს (მთის მმართველი) ატარებდა. ტიდორე სანელებლების ვაჭრობის კონტროლისთვის ტერნატეს სასულთნოს მეტოქე იყო და ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ინდონეზიის არქიპელაგის ცივილიზაციებსა და პაპუას სამყაროს შორის კავშირის დამყარებაში.[1] არსებული ისტორიული ჩანაწერების, კერძოდ, ტერნატესა და ტიდორეს მეფეების გენეალოგიების მიხედვით, ტიდორეს პირველი მეფე იყო საჰჯატი ან მუჰამედ ნაქილი, რომლის ტახტზე ასვლაც, ადგილობრივი ტრადიციით, 1081 წლით თარიღდება. თუმცა, იმ მოსაზრების სიზუსტე, რომ ტიდორე პოლიტიკურ ერთეულად (polity) ჯერ კიდევ XI საუკუნეში ჩამოყალიბდა, სადავოდ ითვლება. ისლამი ოფიციალური სახელმწიფო რელიგია მხოლოდ გვიან XV საუკუნეში გახდა ტიდორეს მეცხრე მეფის, სულთან ჯამალუდინის დროს. მასზე გავლენა მოახდინა შეიხ მანსურის ქადაგებებმა, რომელიც წარმოშობით არაბეთიდან იყო.[2] XVI-XVII საუკუნეებში სულთნები თავიანთი პოლიტიკური როლის შესანარჩუნებლად ესპანეთთან ან პორტუგალიასთან კავშირის დამყარებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ 1663 წელს ჰოლანდიის გავლენის სფეროში მოექცნენ. 1780-1810 წლებში ანტიკოლონიური აჯანყების ხანის მიუხედავად, ჰოლანდიის გავლენა სასულთნოზე იზრდებოდა 1940-იან წლებში დეკოლონიზაციამდე. სამაგიეროდ, ტიდორეს სუზერენობა რაჯა-ამპატსა და დასავლეთ პაპუაზე კოლონიური სახელმწიფოს მიერ იყო აღიარებული.[3] თანამედროვე დროში სასულთნო აღქმულია როგორც კულტურული ინსტიტუტი.[4]
გვიანდელი ისტორიული ტრადიციების თანახმად, ჩრდილოეთ მალუკუს ოთხ სამეფოს (ტერნატე, ტიდორე, ბაჩანი და ჯაილოლო) საერთო ფესვები ჰქონდათ. ისლამის მიღების შემდეგ გავრცელებული ისტორია ამბობს, რომ სამეფოების საერთო წინაპარი იყო არაბი, ჯაფარ სადიკი, რომელმაც ციურ ნიმფაზე (bidadari) იქორწინა და ოთხი ვაჟი შეეძინა, რომელთაგან საჰჯატი ტიდორეს პირველი მმართველი (kolano) გახდა.[5] ტერმინი kolano შესაძლოა იავურიდან ნასესხები სიტყვა იყოს. პანჯის ზღაპრების პერსონაჟის სახელიდან წარმოშობა შეიძლება იავის ადრეულ კულტურულ გავლენაზე მიუთითებდეს.[6] პირველი რვა მმართველი წინაისტორიულია, რადგანაც მათ შესახებ თანადროული წყაროები არ არსებობს. ტიდორეზე თანამედროვე წყაროები XVI საუკუნის დასაწყისამდე არ ჩნდება.[7] როგორც ამბობენ, მეცხრე მმართველი ისლამზე მოაქცია არაბმა შეიხ მანსურმა და მან თავისი უფროს ვაჟს ამ მქადაგებლის სახელი დაარქვა.[8] ევროპული წყაროების თანახმად, ჩრდილოეთ მალუკუს ელიტამ ისლამი დაახლოებით 1460-1470-იან წლებში მიიღო. როდესაც პორტუგალიელები პირველად ეწვივნენ მალუკუს 1512 წელს, მას ჩირი ლელიატუს ვაჟი, სულთანი ალ-მანსური მართავდა. იგი მართავდა მაშინაც, როცა ადგილობრივები მაგელანის ექსპედიციის გადარჩენილებს შეხვდნენ 1521 წელს.[9] იმ დროისთვის სასულთნოს არასტაბილური ურთიერთობა ჰქონდა თავის ახლო მეზობელ ტერნატეს სასულთნოსთან. მიუხედავად ხშირი ომებისა, ტიდორეს მმართველები მათ ქალიშვილებს რეგულარულად ათხოვებდნენ ტერნატეს სულთნებსა და პრინცებზე.[10]
ტერნატესა და ტიდორეს სასულთნოებს ერთად სულავესიდან დასავლეთ პაპუამდე უზარმაზარ ტერიტორიაზე ჰქონდათ სუვერენობა. სავარაუდოდ, ტიდორეს მეცხრე მმართველმა, ჩირი ლელიატუმ, XV საუკუნის ბოლოს დაიპყრო პაპუას კუნძული გებე, ადგილობრივი ძალაუფლების ცენტრი, და რაჯა-ამპატის კუნძულებისა და ახალი გვინეის ტყების ძვირფას პროდუქტებზე წვდომა მოიპოვა. სონინე მალიგეს მუზეუმის ჩანაწერების თანახმად, ტიდორეს გავლენის ზრდა ამ მხარეებში მისი ვაჟის, ალ-მანსურის ან იბნუ მანსურის დამსახურება იყო, რომელმაც კავშირი დაამყარა საზღვაო ლიდერებთან: ვაიგეოსთან, გურაბესისთან ― ბიაკიდან (შემდგომში ცნობილი ევროპული ტიტულით - კაპიტანი) და პატანის სანგაჯისთან, საჰმარდანთან. გადმოცემის თანახმად, 1453 წელს მათ ექსპედიცია წამოიწყეს პაპუაში და გურაბესის დახმარებით პაპუას სოფლებთან კავშირები დაამყარეს.[11] ეს რეგიონები ცალ-ცალკე იმართებოდა Korano Ngaruha-ის (ითარგმნება როგორც „ოთხი მეფე“) ან რაჯა-ამპატის მიერ. ოთხი ქვემეფე (kolano) იყო სალავატი, ვაიგეო, ვაიგამა და უმსოვოლი ან ლილინტა.[12]