ჯოვანი ვიტროტის მოუწია ცხოვრება ეპოქაში, როცა ფეხს იკიდებდა და უკვე ყოველდღიურობად იქცა ავტომობილი, რადიო, ფოტოგრაფია, ტელეფონი, კინემატოგრაფია. 18 წლის ვიტროტიმ, რომელიც ფერწერით იყო გატაცებული, ფოტოგრაფიამ მიიზიდა. გატაცება მალე პროფესიონალიზმში გადაიზარდა და 1903 წელს ტურინის ერთ-ერთ პრესტიჟულ ფოტოკონკურსზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ჯოვანის კინემატოგრაფიული ბედი გადაწყდა კინომრეწველ არტურო ამბროზიოსთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც „ცოცხალი სურათების“ დადგმა შესთავაზა. არტურო ამბროზიომ შემოიკრიბა კინემატოგრაფიის ენთუზიასტები, მათ შორის ვიტროტის ძმა — ჯუზეპე პაოლო ვიტროტიც. ისინი იღებდნენ, ძირითადად, კომედიურ ფილმებს, რომლებსაც მთელ ევროპასა და ამერიკაში აჩვენებდნენ. 1909-1911 წლებში ამბროზიო აგზავნის ჯოვანი ვიტროტის რუსეთში, სადაც ის იღებს ფილმ „ბაღჩისარაის შადრევანს“ (1909 წ.). ვიტროტი მალე საქართველოშიც მიიწვიეს. მან თითქმის მთელი კავკასია მოიარა კინოაპარატით ხელში და ათობით მოკლმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. მან ფირზე აღბეჭდა საქართველოსა და სომხეთის მთიანეთი და მალე რუსული კლასიკური ლიტერატურის ეკრანიზაციას შეუდგა. მცხეთაში მან გადაიღო „დემონი“ ლერმონტოვის მიხედვით, ასევე პუშკინის „კავკასიის ტყვე“, ავერკიევის „კაშირის ტყვე“, ანდრეევის „ანფისა“, იუჟინის „ღალატი“ და სხვა.