Holiday Inn (ქართ. ჰოლიდეი ინ) — სასტუმროების ბრენდი, რომელიც ეკუთვნის InterContinental Hotels Group-ს.
სასტუმროს შექმნის იდეა 1952 წელს აზრად მოუვიდა კემონს უილსონს, როდესაც ის ოჯახთან ერთად ის ვაშინგტონში მიემგზავრებოდა. მას გული სწყდებოდა გზებზე არსებული მოტელების დაბალი ხარისხით. სასტუმროს სახელი „ჰოლიდეი ინ“ ეკუთვნის უილსონის მეგობარს, რომელმაც ხუმრობით, 1942 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმიდან გამომდინარე უწოდა, რომელშიც ბინგ ქროსბი თამაშობდა. მისტერ ვილსონმა, თვადაპირველად ააშენა 4 მოტელი მემფისის შესასვლელთან, გზის პირას.
1957 წელს, ვილსონმა თავის სასტუმროების ქსელს ოფიციალურად უწოდა Holiday Inn of America. ამ დროს ეს სასტუმროები წარმოადგენდა გზებზე მდებარე სუფთა, მოწესრიგებულ, მგზავრებისა და საოჯახო-სამეგობრო მოსასვენებელ ადგილებს. 1958 წელს მათი რიცხვი შეადგენდა 50-ს, 1959 წლისთვის 100-ს, 1964 წლისთვის 500-ს, ხოლო უკვე 1968 წელს, სან-ანტონიოში (ტეხასი) გაიხსნა ქსელის მე-1000 სასტუმრო. ამ დროისათვის ეს სასტუმროები კვლავ წარმოადგენდნენ მოტელ-მარკეტებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ საკმაოდ კომფორტულობითა და დაბალი ფასით. 1972 წელს, როდესაც ვილსონი ცნობილი გაზეთის, Time-ის ფურცლებზე მოხვდა, მისი ქსელი უკვე 1.400 ამ ტიპის სასტუმროს მოიცავდა. 1979 წელს, ვილსონი სასტუმროების ქსელის მმართველის პოსტიდან გადადგა, ხოლო 1988 წელს, ქსელის საკონტროლო პაკეტი შეიძინა ბრიტანულმა Bass Brewers-მა.
ამჟამად, ამ ქსელს ეკუთვნის შემდეგი ბრენდები: Holiday Inn - ესაა სრული მომსახურების პაკეტის მქონე სასტუმროები. Holiday Inn Select - სრული პაკეტისა და მომსახურების მქონე ბიზნეს კლასის სასტუმროები. Holiday Inn Sunspree Resorts - დასასვენებელი ტიპის, სრული მომსახურების პაკეტის სასტუმროები. Holiday Inn Garden Court - ამ ტიპის სასტუმროები არსებობს მხოლოდ ევროპასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და გაწყობილია ადგილობრივი ქვეყნის კულტურული ელემენტების გამოყენებით. Holiday Inn Express - პატარა სასტუმროები ნაკლები დახვეწილობითა და დაბალი სერვისით. სასტუმროების ქსელს გააჩნია თავისი სტანდარტი, რისი უგულებელყოფაც იწვევს „ფრენჩაიზინგის“ დაკარგვას. უგულებელყოფილ იქნა „ჰოლიდეი ინ“-ის ძველი სტანდარტი, რაც ძირითადად გარე კორიდორს გულისხმობდა და ეს ქსელი ერთგვარად დაამსგავსეს „ქორთიარდ მარიოტსა“ და „ჰილტონ გარდენ ინ“-ს.
ქსელის სათავო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში.
დღეისათვის, ამ ქსელის 1,874 სასტუმრო მდებარეობს აშშ-ში, ასევე დიდი ნაწილი კანადაში, ხოლო მთლიანად, ქსელი მოიცავს მსოფლიოს 72 ქვეყანას.
თბილისის „ჰოლიდეი ინ“ აღსანიშნავია იაფი ნომრებითა და უმაღლესი მომსახურებით. 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო მთლიანად ქართული ინვესტიციით არის აშენებული. პროექტის ღირებულება 28 მილიონი დოლარია. სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" სულ 252 სტანდარტული, ლუქსის და ბიზნეს ოთახია განთავსებული. სასტუმრო ვიზიტორებს სთავაზობს ლაუნჯ ბარებს, რესტორნებს, საკონფერენციო დარბაზებს, გარე აუზს, ბიზნეს ცენტრსა და ბანკის 24 საათიანი ფილიალის მომსახურებას. სასტუმროს ყველა ნომერი თანამედროვე დიზაინის შტრიხებითაა გადაწყვეტილი, მისი საშუალო ღირებულება კი 100 დოლარი იქნება.