![]() | |
![]() | |
ტიპი | შპს |
---|---|
დარგი | სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა |
დაფუძნდა | კეილანიემი, ესპოო, ფინეთი (25 აპრილი, 2014) |
სათავო ოფისი | ესპოო, ფინეთი |
მმართველი |
სტივენ ელოპი ჯო ჰარლოუ |
პროდუქცია |
მობილური ტელეფონები სმარტფონები პლანშეტები მობილური პროგრამები |
საიტი | Microsoft-ის მობილური მოწყობილობები |
Microsoft Mobile — ტრანსნაციონალური მობილური ტელეფონებისა და მობილური კომპიუტერული მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია, რომლის შტაბ-ბინაც მდებარეობს ფინეთის ქალაქ ესპოოში და წარმოადგენს Microsoft-ის შვილობილ კომპანიას. მისი ძირითადი საქმიანობა მობილური ტელეფონების, სმარტფონების, პლანშეტური კომპიუტერებისა და მათი აქსესუარების დიზაინის შექმნა, განვითარება, წარმოება და რეალიზაციაა.
Microsoft Mobile 2014 წლის აპრილში Microsoft-ის მიერ Nokia-ს მოწყობილობებისა და სერვისების განყოფილების შეძენის შემდეგ შეიქმნა. ამასთანავე Microsoft ინარჩუნებს სამომავლოდ მობილურ ტელეფონებზე Nokia-ს სახელისა და ლოგოს გამოყენების შეზღუდულ ლიცენზიას, მაგრამ კომპანიას Nokia-ს ბრენდის მხოლოდ გარდამავალი ლიცენზია მიეცა.
Microsoft Mobile-მა მობილური ტელეფონების Nokia-ს სავაჭრო ნიშნით გაყიდვის უფლება 10-წლიანი სალიცენზიო ხელშეკრულების ფარგლებში მოიპოვა, ეს ეხება S30+ სერიაზე დაფუძნებულ ტელეფონებს. Lumia-ს სამომავლო სმარტფონები ამ ლიცენზიას არ ექვემდებარებიან და ისინი Nokia-ს ბრენდის სახელით აღარ გამოვლენ[1][2]; 2014 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ Lumia-ს სამომავლო მოწყობილობები Nokia-ს ნაცვლად Microsoft-ის სახელითა და ლოგოთი გამოვა[3].
Microsoft Mobile მობილური ტელეფონების აპარატურის ბიზნესში Microsoft-ის რიგით მეორე საწარმოა, მას შემდეგ რაც 2010 წელს ხანმოკლე დროით იარსება Kin-მა.
Nokia-ს მოწყობილობებისა და სერვისების განყოფილების შეძენით Microsoft კვლავ დაბრუნდა სმარტფონების ბაზარზე, Kin-თან დაკავშირებული წინა წარუმატებელი მცდელობის შემდეგ[4][5].
2011 წლის თებერვალში, სტივენ ელოპმა და Microsoft-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ბალმერმა ორ კომპანიას შორის მნიშვნელოვანი ბიზნეს-პარტნიორობის შესახებ განაცხადეს, რომლითაც Nokia-ს მომავალი სმარტფონების მთავარი პლატფორმა Windows Phone უნდა გამხდარიყო და ჩაენაცვლებინა Symbian და MeeGo. გარიგება აგრეთვე ითვალისწინებდა Nokia-ს მოწყობილობებში საძიებო სისტემად Bing-ის გამოყენებას და Nokia Maps-ის ინტეგრაციას Microsoft-ის რუკების სერვისში[6]. Nokia-მ განაცხადა, რომ 2011 წელს ის MeeGo-ზე მომუშავე კიდევ ერთ მოწყობილობას გამოუშვებდა, მაგრამ პლატფორმის მომავალი განვითარებისათვის ნაკლები რესურსის დასახარჯად სრულად შეწყვეტდა Symbian-ის მხარდაჭერას[6].
2011 წლის 26 ოქტომბერს Nokia-ს მსოფლიო კონფერენციაზე კომპანიამ Windows Phone 7-ზე მომუშავე პირველი მოწყობილობები, ფლაგმანი Nokia Lumia 800 და საშუალო კლასის სმატფონი Nokia Lumia 710 წარმოადგინა[7][8]. ამ განცხადების შემდეგ კომპანია Nokia-ს აქციების ფასი 14%-ით დაეცა, ეს 2009 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა იყო[9]. ამან სმარტფონების ადრე გაზრდილი გაყიდვების მაჩვენებელი მთლიანად ჩამოშალა[10]. 2011 წლის დასაწყისიდან 2013 წლამდე სმარტფონების გაყიდვის კუთხით Nokia-მ 1-დან მე-10 ადგილზე გადაინაცვლა[11]. გაყიდვების შემცირების ფონზე 2011 წლის მეორე კვარტალში Nokia-მ 368 მილიონი ევროს ზარალი ნახა, მაშინ როდესაც 2010 წლის მეორე კვარტალში რეალიზაციიდან მიღებულმა მოგებამ 227 მილიონი ევრო შეადგინა. 2011 წლის სექტემბერში Nokia-მ განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 3500 სამუშაო ადგილის შემცირებას და რუმინეთის ქალაქ კლუჟში არსებული ქარხნის დახურვას გეგმავდა[12]. რადგან იმ დროს Nokia მსოფლიოში მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებელი იყო[13], დახმარებისთვის Windows Phone-თან ალიანსი გადაწყდა[14]. 2011 წლის ივნისში Nokia-ს გაყიდვების რაოდენობით კომპანია Apple-მა გადაასწრო და ლიდერების სათავეში მოექცა[15][16]. 2011 წლის აგვისტოში აშშ-ში Nokia-ს შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელმა კრის უებერმა განაცხადა, რომ „რეალობა ასეთია, თუ ჩვენ Windows Phone-თან ერთად წარმატებულნი არ ვართ, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ რას ვაკეთებთ“. მან ასევე დაამატა „Nokia-სთვის ჩრდილოეთი ამერიკა პრიორიტეტულია (...) რადგან ეს Microsoft-ისთვის უმნიშვნელოვანესი ბაზარია“[17].
Nokia-მ განაცხადა, რომ 2012 წლის 26 იანვრისათვის „ერთ მილიონზე მეტი“ Lumia გაყიდა[18][19], 2012 წლის პირველ კვარტალში 2 მილიონი[20] და 2012 წლის მეორე კვარტალში 4 მილიონი[21]. ამ კვარტალში Nokia-მ ჩრდილოეთ ამერიკაში მხოლოდ 600 000 (Symbian და Windows Phone 7) სმარტფონი გაყიდა[22]. შედარებისათვის 2010 წლის მეოთხე კვარტალში Nokia-მ მსოფლიოს მასშტაბით 30 მილიონზე მეტი Symbian-ზე მომუშავე მოწყობილობა გაყიდა და მარტო ცალკე Nokia N8 გაიყიდა 4 მილიონი ცალი პირველ კვარტალში. 2012 წლის მეორე კვარტალში 26 მილიონი iPhone-სა და 105 მილიონი Android-ის მიწოდება განხორციელდა, მაშინ როცა Nokia-მ მხოლოდ 6.8 მილიონი Symbian და 5.4 მილიონი Windows Phone მოწოყობილობა გამოუშვა[23]. Groupon-თან ალიანსის გამოცხადებისას, ელოპმა განაცხადა „შეჯიბრი...სხვა მოწყობილობების მწარმოებლებთან არ არის, ეს Google-თანაა“[24]. 2012 წლის ივნისში Nokia-ს თავმჯდომარემ, რისტო სიილასმაამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ Windows Phone-ის წარუმატებლობის შემთხვევაში Nokia-ს გეგმა ჰქონდა, მაგრამ მეტი დეტალები არ დაუსახელებია[25][26].
2012 წლის 8 თებერვალს Nokia Corp.-მა წლის ბოლომდე ევროპაში მდებარე სმარტფონების საწარმოებიდან 4000 თანამშრომლის გათავისუფლებისა და წარმოების აზიაში გადატანის შესახებ განაცხადა[27]. 2012 წლის 14 ივლისს Nokia-მ 2013 წლის ბოლომდე 10 000 თანამშრომლის შემცირება[28] და გაზრდილი ფინანსური დანაკარგების ფონზე ფინეთის, გერმანიისა და კანადის საწარმოო და კვლევითი ობიექტების დახურვა დააანონსა[29]. საერთო ჯამში 2013 წლის ბოლოსათვის Nokia-მ 24 500 თანამშრომელი გაუშვა სამსახურიდან[30]. 2012 წლის 18 ივნისს Moody's-მა Nokia-ს ფასიანი ქაღალდების რეიტინგი BBB− ნიშნულამდე დაადაბლა[31]. Nokia-ს გენერალურმა დირექტორმა აღიარა, რომ კომპანიის პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მობილური ტელეფონების ინდუსტრიაში სწრაფი ცვლილებების განჭვრეტის უნარის არქონა იყო. 2012 წლის 4 მაისს გაყიდვებისგან გამოწვეული იმედგაცრუების გამო ინვესტორთა ჯგუფმა კომპანიის წინააღმდეგ საქმე აღძრა[32]. 2012 წლის 22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ფინელი ინვესტორების ჯგუფმა ელოპის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო[33]. 2012 წლის დეკემბერში Nokia-მ განაცხადა, რომ აპირებდა თავისი შტაბ-ბინის, Nokia House-ის 170 მილიონ ევროდ გაყიდვას და გრძელვადიან პერსპექტივაში მისი ლიზინგით უკან დაბრუნებას. ეს გადაწყვეტილება ხარჯების შემცირების მიზნით მიიღეს, რადგან კომპანია სერიოზულ ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდა[34].
2013 წლის იანვარში Nokia-მ განაცხადა, რომ 2012 წლის მეოთხე კვარტალში 6.6 მილიონი სმარტფონი გაყიდა, საიდანაც 2.2 მილიონი Symbian, ხოლო 4.4 მილიონი Lumia (Windows Phone 7 და 8)[35]. ჩრდილოეთ ამერიკაში სმარტფონების ჩათვლით მხოლოდ 700 000 მობილური ტელეფონის გაყიდვა მოხერხდა. 2013 წელს Nokia-მ თავისი დაბალბიუჯეტიანი სმატფონებისთვის Asha platform გამოუშვა. იმავე თვეში, Nokia-მ მსოფლიოში უმსხვილეს კავშირგაბმულობის ოპერატორ China Mobile-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა, რათა მათთვის Windows-ზე დაფუძნებული ახალი Lumia 920-ის ექსკლუზიურად ჩინეთისთვის დამზადებული ვარიანტი Lumia 920T-ს სახელწოდებით შეეთავაზებინა[36].
2013 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, Nokia-მ 115 მილიონი ევროს დანაკარგი ნახა, ხოლო შემოსავალი 24%-ით, 5.7 მილიარდ ევრომდე შეუმცირდა იმის ფონზე, რომ Lumia-ს გაყიდვებმა იმავე დროის მონაკვეთში BlackBerry-ს გადაუსწრო. 2013 წლის მეორე კვარტლამდე ცხრა კვარტლით ადრე კომპანია Nokia-მ 4.1 მილიარდი ევროს დაკარგა. ამასთანავე კომპანიას აშშ-სა და ჩინეთში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შექმნია[37]. 2013 წლის ივლისში Nokia-მ განაცხადა, რომ იმ წლის მეორე კვარტალში Lumia-ს გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რაც 7.4 მილიონი მოწყობილობის გაყიდვით გამოიხატა[38]. მიუხედავად იმისა, რომ Nokia Lumia-ს გაყიდვები Windows Phone-სთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო მთლიანობაში მაინც მსოფლიო ბაზარის უმნიშვნელო ნაწილს იკავებდა, თუმცა ის კონკურენტ BlackBerry-სთან შედარებით ბევრად წინ მიიწევდა[39].
2013 წლის ივნისის მონაცემებით Nokia Windows Phone-ების ბაზარზე გაყიდული მოწყობილობების რაოდენობით დომინანტი იყო, სადაც მისი წილი 83.3%-ს შეადგენდა[40], ხოლო იმავე წლის ოქტომბერში Nokia-ს Lumia-ს ხაზმა მთლიანი ბაზრის 90% დაიპყრო[41].
2013 წლის 2 სექტემბერს Microsoft-მა განცხადა, რომ ის Nokia-ს მობილური მოწყობილობების ბიზნესს 3.79 მილიარდ ევროდ ყიდულობს, ამასთანავე 1.65 მილიარდ ევროდ ყიდულობს ლიცენზიას ნოკიას პორტფოლიოს პატენტზე 10 წლის ვადით; გარიგების საერთო მოცილობამ 5.4 მილიარდი ევრო შეადგინა. სტივ ბალმერის თქმით, ეს შენაძენი „მომავალში გადადგმული თამამი ნაბიჯი“ იქნება ორივე კომპანიისთვის, უმთავრესად მათი ბოლო დროინდელი თანამშრომლობის შედეგად. ეს არის აგრეთვე Microsoft-ის მოწყობილობებისა და მომსახურების კომპანიად გარდაქმნის ბალმერისეული გრძელვადიანი ხედვის ნაწილი. გარიგების დადება თავდაპირველად 2014 წლის დასაწყისისთვის იყო დაგეგმილი[42][43]. Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში, Nokia-ს ყოფილმა აღმასრულებელმა ანსი ვანიოკიმ აღნიშნა, რომ Microsoft-თან გარიგება სტივენ ელოპის „წარუმატებელი სტრატეგიის“ გამო „გარდაუვალი“ იყო[44].
2014 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ Nokia-ს მობილური ტელეფონების ბიზნესის შეძენა აზიის მარეგულირებელ ორგანოებთან პრობლემის გამო მარტის ბოლოს ვერ დასრულდებოდა და ის იმავე წლის აპროლამდე გადაიდო[45]. საბოლოოდ Nokia-ს მობილური ტელეფონების ბიზნესის შეძენის დასრულება Microsoft-მა 2014 წლის 25 აპრილს შეძლო, თავდაპირველად დაგეგმილზე „ცოტა ძვირად“ 5.44 მილიარდ ევროდ[46]. Nokia-ს მობილური ტელეფონების აქტივები Microsoft Mobile-ის ნაწილი გახდა და Microsoft-ის ახალი შვილობილი კომპანია ფინეთში დაფუძნდა[47][48].
Microsoft-თან გაფორმებული 10 წლიანი ხელშეკრულებით, Nokia დათანხმდა 2015 წლის 31 დეკემბრამდე არ გამოუშვას არანაირი მობილური მოწყობილობა Nokia-ს ბრენდის სახელით. Microsoft-მა გარიგების ფარგლებში შეიძინა Asha-სა და Lumia-ს ბრენდები და მოახდინა Nokia-ს ბრენდის[49], Nokia PureView და ClearBlack, Nokia Surge, Nokia Mural და Symbian-ის ლიცენზირება Nokia-სგან[50][51].
გარიგების ფარგლებში Nokia-ს ხელმძღვანელობა Microsoft-ს შეუერთდა. სტივენ ელოპი Microsoft-ის მოწყობილობების გუნდის (რომელიც მოიცავს ისეთ პროდუქტებს როგორიცაა, Xbox და Surface) ხელმძღვანელი გახდა; ელოპი მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე რაჯივ სურის დანიშვნამდე დროებით შეცვალა რისტო სიილასმაამ[52][53][54][55].
2014 წლის 17 ივლისს გაცხადდა, რომ შემდეგი წლის განმავლობაში Microsoft 18000 თანამშრობლის შემცირებას გეგმავდა, ხარჯების შესამცირებლად გათავისუფლება ძირითადად Nokia-ს ყოფილ თანამშრომლებს შეეხებოდათ. ასევე Microsoft-მა შეწყვიტა Asha-ს, მე-40 სერიისა და X ხაზის სამომავლო განვითარება და მთლიანად Windows Phone-ზე გადაერთო[56][57].
Nokia-ს მობილური მოწყობილობების ბიზნესის შეძენის შემდეგ 2014 წლის სექტემბერში Microsoft-მა Lumia-ს კიდევ რამდენიმე მოდელი გამოუშვა Nokia-ს ბრენდის სახელით, მათ შორის Lumia 830 და Lumia 735[58]. მფლობელის შეცვლასთან ერთად სოციალური ქსელების გვერდებიც შეიცვალა Microsoft Lumia-ს სახელით[59][60]. აგრეთვე Nokia-ს მობილური აპლიკაციების უმეტესობის Lumia-ს სახელით ბრენდირება განხორციელდა[61].
2014 წლის დეკემბერში Microsoft-მა Nokia Sync-ის მხარდაჭერა შეწყვიტა, რაც Nokia-ს ანგარიშიდან Microsoft-ის ანგარიშზე გადასვლით იყო განპირობებული[62]. Nokia-ს ანგარიშის გაუქმების შემდეგ Microsoft-მა მარტში Nokia Mail და Nokia Chat დახურა და 14 აპრილამდე Outlook.com-ითა და Skype-ით ჩაანაცვლა[63], Nokia-ს ანგარიში კი საბოლოოდ 2015 წლის 25 აპრილს დახურა[64]. 2014 წელს დაწყებული რებრენდინგის შემდეგ nokia.com-ის მთელი კონტენტი Microsoft.com-ზე გადავიდა, ხოლო კორპორაცია Nokia-ს ყველა ასპექტი რომელიც Microsoft-მა არ შეიძინა დროებით განთავსდა საიტზე company.nokia.com. მიგრაცია თავდაპირველად 2014 წლის სექტემბერში Nokia-ს ბრიტანული საიტით დაიწყო[65][66] და Nokia-ს სოციალური ქსელის საიტების უმრავლესობა „Microsoft Lumia-ს“ ბრენდის სახელით შეიცვალა[67][68][69].
2014 წლის სექტემბერში Microsoft-მა ოპერაციული სისტემა Windows 10 დააანონსა, რომელიც ერთიანი პლატფორმა იქნება სმარტფონებისთვის, პლანშეტებისთვის, ლეპტოპებისა და Xbox-სთვის. ის ხელმისაწვდომი იქნება მათი Lumia-ს ხაზის სმარტფონებისთვის[70]. რადგან Microsoft-ისათვის უპირატესია Microsoft Lumia-ს მოწყობილობები, ამიტომ მათ პირველმა მიიღეს Windows Insider preview[71].
2014 წლის ოქტომბერში Microsoft-მა განაცხადა, რომ მათი მომავალი მოწყობილობები Nokia-ს ნაცვლად Microsoft-ის წარწერითა და ლოგოთი გამოვლენ[72]. 2014 წლის ნოემბერში Microsoft-მა პირველი დამოუკიდებლად შექმნილი მობილური ტელეფონი Microsoft Lumia 535 წარმოადგინა[73]. 2014 წლის ნოემბერში Lumia Beta Apps-ის განყოფილებამ გაუშვა Lumia Cinemagraph Beta, რომელმაც Nokia-ს საიტიდან შიგთავსი გადაიტანა Microsoft OneDrive-ზე და საბოლოოდ ჩამოაყალიბა Lumia Cinemagraph-ის ფუნქცია[74][75].
განვითარებად ბაზარზე კონკურენციის გასაწევად Microsoft-მა საშუალო და დაბალი დიაპაზონის მოწყობილობები გამოუშვა, ისეთი როგორიცაა Microsoft Lumia 430 Dual SIM[76][77], Microsoft Lumia 532, Microsoft Lumia 435, Microsoft Lumia 640, Microsoft Lumia 640 XL, და Microsoft Lumia 540 Dual SIM, მათი მთავარი მიზანი ბაზარზე Windows Phone-ის გაყიდვების გაზრდაა[78][79]. Lumia-ს ბიუჯეტური მოდელები Microsoft-ისთვის წარმატებული აღმოჩნდა, მიუხედავად ახალი ფლაგმანის არგამოშვებისა მათ 2015 წლის მე-2 კვარტალში 10.5 მილიონი Lumia გაყიდეს, რითაც წინა წლის ამავე პერიოდში გაყიდული 8.2 მილიონიანი მაჩვენებელი გააუმჯობესა[80]. დაბალბიუჯეტიან მოდელებში Microsoft Lumia 535-იც ისეთივე წარმატებით სარგებლობს, როგორც მისი წინამორბედი Nokia Lumia 520 რომელთაც განსაკუთრებით მაღალი გაყიდვებით გამოირჩევიან ბრაზილიისა და ინდოეთის ბაზრებზე[81]. აღსანიშნავია, რომ Microsoft ახალი ფლაგმანის გამოშვებას ოპერაციული სისტემა Windows 10-ის გაშვებამდე არ აპირებს[82].
Microsoft-ის მე-3 ფინანსური კვარტლის ანგარიშში კომპანიაში განაცხადეს, რომ მათი გაყიდვები წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა[83]. ამ წელს სულ 8.6 მილიონი Lumia-ს ტელეფონი (წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა) და 25.7 მილიონი არა-Lumia-ს ტელეფონი (რომლის რაოდენობაც ყოველწლიურად კლებულობს) გაიყიდა[84]. მიუხედავად ბოლო კვარტლებში გაყიდვების ზრდისა, კვლევებსა და განვითარებაზე გაწეულმა ხარჯებმა გაყიდვებს 4 მილიონი აშშ დოლარით გადააჭარბა და Microsoft-მა თითოეულ გაყიდულ ტელეფონზე 12 ცენტის ზარალი ნახა[85][86].
როდესაც Microsoft-მა Nokia-ს მოწყობილობებისა და მოსახურების განყოფილება შეიძინა მათ მემკვიდრეობით ბევრი ისეთი მომსახურება მიიღეს რომელიც თავად Microsoft-ის სერვისებით იფარებოდა, დროთა განმავლობაში მათი ნაწილი Lumia-ს ბრენდს შეერწყა[87], ზოგიერთმა არსებობა შეწყვიტა[88], ხოლო MixRadio-ს მომსახურება გაყიდა. უმეტეს მომსახურებებში Nokia-ს ანგარიშები Microsoft-ის ანგარიშებმა ჩაანაცვლა[89]. Microsoft Lumia-ს მოწყობილობებზე Microsoft Mobile ვიზუალიზაციის მრავალ აპოლიკაციას სთავაზობს, რომელიც ხშირად უკავშირდება და მუშაობს Microsoft-ის ონლაინ-მომსახურებას.
2015 წლის 28 აპრილს Microsoft-მა პირველი Microsoft priority reseller მაღაზია გახსნა ჰარიანის შტატის ქალაქ გურგაონში, ეს ნაბიჯი მსოფლიოში Nokia-ს მაღაზიების სრული რებრენდინგით იყო გამოწვეული. გარდა Lumia-სი და Nokia-ს სახელით ბრენდირებული მოწყობილობებისა Microsoft-ის მაღაზიები მომხმარებლებს Xbox-სა და Surface-საც სთავაზობენ. თუმცა ინდოეთის ყველა მარაზიოას არ შეეხება რებრენდინგი და 8872 მაღაზიიდან მხოლოდ 441 მომსახურების ცენტრში განხორციელდება სრული გარდაქმნა, დანარჩენები კი უბრალოდ „Microsoft Mobile Reseller Stores“ სტატუსს მიიღებენ[90][91].
Microsoft DVLUP (ყოფილი Nokia DVLUP) არის Microsoft Mobile-ის (თავდაპირველად Nokia-ს)[92] პროგრამების შემქმნელი, რომელიც ხელს უწყობს დეველოპერებს რათა შექმნან Windows Phone Store-ისა და Windows Store-ის (ადრე Nokia Asha-სა და Nokia X-სთვის)[93][94] აპლიკაციები და აჯილდოვებენ იმ შემქმნელებს რომლებიც განაახლებენ ან შექმნიან აპლიკაციებს. DVLUP პლატფორმა არსებობს მოხმარებელთა განაცხადებისა და ფუნქციების გასაუმჯობესებლად საპილოტე პროგრამის ფარგლებში, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევთ შექმნან და მართონ თავიანთი აპლიკაციები და მარკეტინგი[95][96]. Microsoft-ის დროს Nokia-ს პროგრამა Developer Ambassador გაუქმდა[97]. მომსახურება ამჟამად ხელმისაწვდომია 192 ბაზარზე[98].
2015 წლის აპრილში Microsoft-მა განაახლა DVLUP, როგორც Microsoft Developer Network-ის ნაწილი და როგორც ძველი ისე ახალი მოხმარებლებისთვის სავალდებულო გახადა Microsoft-ის ანგარიშის ქონა, ასევე ძველი ისტორიისა და შიგთავსის გადმოტანა[99]. ახალ საიტს Windows Developer Rewards programme ჰქვია და იგი უფრო თამაშს ჰგავს, ამიტომ დეველოპერები უფრო „მეტი ხალისით“ დააგროვებენ ქულებს[100].
Lumia Beta Apps (ადრე Nokia Beta Labs)[101] აპლიკაციების ბეტა ვერსიის საცავი. აქ განთავსებულია ისეთი აპლიკაციები რომლებიც გამოირჩევიან კარგი ხარისხით, მაგრამ შესაძლოა მუშაობისას დრო და დრო მცირე ხარვეზები ჰქონდეთ. ასეთი აპლიკაციების კომერციული გამოყენება საბოლოო დამუშავებამდე ვერ მოხდება.
Lumia Conversations (თავდაპირველად Nokia Conversations გაეშვა 2008 წელს)[102] და Lumia Conversations UK (ყოფილი NokNok.TV) არის Microsoft-ის ახალი ამბების ბლოგი, რომელიც უზრუნველყოფს უახლესი ინფორმაციის მიწოდებას Lumia-ს ტელეფონების, Windows Phone-ის აპლიკაციებისა და Microsoft-ის კორპორატიული ცხოვრების შესახებ[103][104]. საიტი აგრეთვე გამოიყენება Microsoft Lumia-სთან დაკავშირებული ისეთი ღონისძიებების ვიდეოების განსათავსებლად, როგორიცაა ბარსელონაში გამართული Mobile World Congress[105]. Lumia Conversations UK მუშაობს როგორც პოდკასტური მომსახურება სახელწოდებით The Nok, სადაც ისინი Microsoft Lumia-ს უახლეს ამბებს იხილავენ[106].
Lumia imaging apps (ადრე Nokia imaging apps)[107][108] არის Nokia-ს[109] ყოფილი გამოსახულების აპლიკაციების სერია, რომელიც ამჟამად Microsoft Mobile-ის მფლობელობაშია და Lumia-ს ხაზის სმარტფონების კომპლექტაციაშია. Lumia imaging apps დაფუძნებულია Nokia-ს მიერ Scalado-სგან შეძენილ ტექნოლოგიებზე[110][111]. ზოგიერთი აპლიკაცია მაგ. Lumia Cinemagraph GIF-ანიმაციების შექმნის საშუალებას იძლევა[112][113].
Microsoft Data Gathering (მანამდე Nokia Data Gathering) არის არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის შექმნილი აპლიკაცია, რომელიც თავდაპირველად Symbian და მე-40 სერიის მოწყობილობებზე გაეშვა, ხოლო 2012 წელს Windows Phone 7-ზე. Microsoft Data Gathering-ის საშუალებით ორგანიზაციებს შეუძლიათ კითხვარების შექმნა და მათი WiFi ან მობილური ქსელით გავრცელება. აპლიკაციამ წარმატება მოიპოვა ბრაზილიაში, სადაც ის დენგეს ციებ-ცხელების გავრცელების კონტროლისათვის გამოიყენება[114]. პროგრამული უზრუნველყოფა Nokia-ს მიერ ბრაზილიაში დაარსებულმა Instituto Nokia de Tecnologia-მ შეიმუშავა[115][116].
Microsoft Education Delivery (ადრე Nokia Education Delivery ან ალტერნატიული სახელი Text2Teach) არის Microsoft-ის (ადრე Nokia-ს) მომსახურება განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო მასალის მობილურ ტელეფონებში განთავსებას და მოღვაწეობს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ფილიპინები, სადაც ის ბოლო 10 წლის განმავლობაში 38000-ზე მეტ სახელმწიფო სკოლაში გამოიყენება[117][118].
Microsoft Math (ალტერნატიული სახელი Nokia Mobile-Mathematics ან Nokia Momaths Nokia-ს საფირმო ტელეფონებზე და არ უნდა აგვერიოს Windows-ის სამაგიდო პროგრამაში Microsoft Mathematics) არის მათემატიკის შემსწავლელი პრაქტიკული პროგრამა სპეციალურად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ტანზანიის საშუალო სკოლის სტუდენტებისთვის[119][120][121]. Microsoft-მა გამოუშვა ონლაინ მომმსახურებაზე დაფუძნებული Windows Phone-ის აპლიკაცია[122]. სერვერი მომხმარებლებს შედეგების სხვა სტუდენტებთან შედარების, მათემატიკური თეორიების კითხვისა და თანამშრომლობის საშუალებას აძლევს[123].
Microsoft Mobile Community (ადრე ცნობილი როგორც Nokia Discussions და Ovi Support Discussions) არის სადისკუსიო დაფა სადაც მომხმარებლებს Microsoft Mobile-ის მოწყობილობების შესახებ კითხვების დასმა და ინფორმაციის გაცვლით საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლიათ. საიტი ინფორმაციას იღებს Symbian-ის (მათ შორის არა-Nokia-ს Symbian მოწყობილობები), MeeGo, S30, S40, Asha და Lumia-ს მოწყობილობების შესახებ. აგრეთვე ის ითავსებს ფორუმის ფუნქციასაც და მომხმარებლებს Microsoft Mobile-ის აპლიკაციების სიახლეებისა და განახლებების შესახებ აწვდის ინფორმაციას[124].
Microsoft Software Updater (ადრე Nokia Software Updater და Ovi Suite Software Updater) არის 2007 წელს Windows-სა[125][126] და OS X-ზე[127] (თუმცა Mac-ის ვერსია მხოლოდ ბეტაა)[128] გაშვებული აპლიკაცია[129], რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განაახლონ ან აღადგინონ თავიანთი მობილური მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფა[130] S40, S60 ან Lumia-ს მოწყობილობებზე ნებისმიერი ინტერნეტ-წერტილიდან. მხარდაჭერილი ტელეფონების სრული სია მოცემულია ოფიციალურ საიტზე. სერვისი ბეტა-ვერსიის სახით 2006 წელს გაეშვა[131] და Nokia Software Updater-ის ბეტა ფაზა 2011 წლის 25 აგვისტოს დასრულდა, რის შემდეგაც კომპანიამ ანალოგიური სერვისის შეთავაზება დაიწყო Nokia Download!-ის სახელწოდებით[132]. Nokia Software Updater 3.0.495 მომხმარებლებისათვის 2011 წელს გაეშვა. Microsoft-ის მიერ მისი შეძენის შემდეგ დაერქვა Microsoft Software Updater. მომსახურების გამოყენებით შესაძლებელია ისეთი „დაზიანებული“ პროგრამული უზრუნველყოფის აღდგენა, რომელიც ადრე მხოლოდ Nokia Care-ის ადგილობრივ სერვის-ცენტრებში იყო შესაძლებელი[133].
Motion Data (მანამდე Nokia Motion Monitor)[134] არის Microsoft Lumia-ს მოწყობილობებში თანდართული Activity tracker-ზე დაფუძნებული SensorCore, რომელიც აგროვებს მონაცემებს მომხმარებლის ნაბიჯებისა და ფიზიკური მდებარეობის შესახებ სხვა მესამე აპლიკაციებისათვის. Motion Data ჩართულია Microsoft Lumia-ს უახლეს მოდელებში და აჩვენებს ისეთ მონაცემებს როგორიცაა, მაგალითად, ბოლო ფიზიკური აქტივობა, ინტენსიურობა, დღიური, კვირეული და თვიური საშუალო მაჩვენებლები და ა.შ.[135][136] Motion Data აგრეთვე აჩვენებს იმ მარშრუტს თუ სად იმყოფებოდა მოწყობილობა და ჩამოთვლილია აპლიკაციები რომელთაც Lumia SensorCore-ზე აქვთ წვდომა[137][138].
Nokia Store (ყოფილი Ovi Store) იყო აპლიკაციების მაღაზია Nokia Asha-სა და Nokia X-ის პლატფორმებისთვის; მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი Asha და X მოწყობილობებისთვის ჩამოეტვირთათ მობილური თამაშები, აპლიკაციები, ვიდეოკლიპები, სურათები და მელოდიები. მაღაზიაში ასევე განთავსებული იყო Symbian და MeeGo აპლიკაციები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ განახლებულა. 2015 წლის იანვარში Microsoft-მა განაცხადა, რომ ის წაახალისებდა დეველოპერებს რათა საკუთარი აპლიკაციები Opera Mobile Store-ზე გადაეტანათ და 2015 წლის 31 მარტს Nokia Store ოფიციალურად დაიხურებოდა[139]. Microsoft-მა Nokia-ს აპლიკაციების მიღება და გავრცელება 2015 წლის 18 თებერვლიდან შეზღუდა[140], ხოლო 31 მარტს საბოლოოდ შეწყვიტა[141].
Nokia Mail და Nokia Chat (ადრე Nokia Messaging და Ovi Mail) 2008 წლის 13 აგვისტოს გაეშვა როგორც „Nokia Email service-ის“ ბეტა-ვერსია, მოგვიანებით გარდაიქმნა Nokia Messaging-ად[142]. Nokia Messaging მუშაობს როგორც ცენტრალიზირებული ვებ-მომსახურება რომელიც მომხმარებელსა და ელექტრონული ფოსტის სერვერს შორის პროქსის ფუნქციას ასრულებს. ტელეფონი უშუალოდ ელექტრონული ფოსტის სერვერს არ უკავშირდება, ამის მაგივრად ელ.ფოსტის ჩანაწერებს Microsoft-ის სერვერზე გზავნის[143]. Microsoft-მა შეწყვიტა აღნიშნული მომსახურების მიწოდება Microsoft Lumia-ს მოწყობილობებზე და მომხმარებლებს Microsoft-ის Skype-ზე გადასვლა ურჩია[144]. Microsoft-მა Nokia Mail-ის მომსახურება საბოლოოდ 2015 წლის 9 მარტს შეწყვიტა[145][146].
MixRadio (ყოფილი Nokia MixRadio, Nokia Music Store და OVI Music Store) წარმოადგენს მუსიკალურ სერვისს, რომელიც Nokia Ovi Store-ში 2007 წლის 29 აგვისტოს გაეშვა. MixRadio უფასო პლეი-ლისტებზე წვდომის საშუალებას იძლევა ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. ხელმისაწვდომი იყო 31 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და ჩინეთში. Microsoft-მა 2015 წელს სერვისი Line Corporation-ს მიყიდა და ამჟამად შვილობილი კომპანიის სახით მოღვაწეობს სახელწოდებით MixRadio Ltd[147][148].
JobLens (ყოფილი Nokia JobLens), Boston University JobLens და Internships Lens არის აპლიკაციების დამატებითი რეალობა. JobLens 2013 წელს გაეშვა და გააჩნია იმავე დონის სამომხმარებლო ინტერფეისი როგორიც CityLens-ს აქვს, ისი სხვადასხვა ვიზულაური შესაძლებლობისათვის იყენებს Here maps-ის LiveSight ტექნოლოგიას. JobLens აგროვებს მონაცემებს LinkedIn-დან, Salary.com-დან და Zillow-დან[149][150]. JobLens-ის მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი CV Microsoft OneDrive-ზე შეინახონ[151].
Internships Lens არის Microsoft Mobile-ის (ადრე Nokia) მიერ Internships.com-თან ერთად შექმნილი დამატებითი რეალობის აპლიკაცია და ის JobLens-ის ანალოგიურად მუშაობს. ისიც ასევე იყენებს რუკების LiveSight ტექნოლოგიას. მომსახურება აშშ-ის ფარგლებს გარეთ არ მუშაობს.
Microsoft-ის განცხადებით, 2015 წლის 1 ივნისიდან ისინი აპლიკაციის Windows Phone Store-დან ამოღებას აპირებენ[152][153].
Microsoft Nokia-ს სახელის ლიცენზირებას ხელშეკრულების თანახმად 10 წლის ვადით შეძლებს, მაგრამ კომპანიას მისი გამოყენება მხოლოდ იმ კონკრეტულ ტელეფონებზე შეეძლება რომლებიც Java ME-სა და MediaTek-ზე ტექნოლოგიებზე[154] დაფუძნებულ მობილურ ოპერაციულ სისტემა Series 30-სა და Series 30+-ზე მუშაობენ[155], შესაბამისად[156][157]. ამ ცვლილებებით Lumia-ს სამომავლო მოდელებს Microsoft საკუთარი სახელით აწარმოებს[49][158].
Lumia არის სენსორულ ეკრანიანი სმარტფონების და ადრე პლანშეტური კომპიუტერების ხაზი, რომელიც 2011 წელს გაეშვა. Lumia-ს ყველა მობილური ტელეფონი Windows Phone-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს და Nokia Lumia 2520 Windows RT-ზე. Lumia-ს ხაზის ერთადერთი და უკანასკნელი მოდელი Lumia 2520 2013 წლის ნოემბერში გამოვიდა[159]. Lumia არის Microsoft-ის ფლაგმანური ტელეფონების პორტფოლიო[160][161].
2014 წლის ოქტომბერში Microsoft-მა განაცხადა, რომ ის Nokia-ს ბრენდს Lumia-ს სერიის სმარტფონებიდან თანდათანობით ამოიღებდა და Lumia-ს სამომავლო მოდელები მხოლოდ Microsoft-ის სახელითა და ლოგოთი გამოვიდოდა[162][163][164][165]. 2014 წლის ნოემბერში Microsoft-მა პირველი დამოუკიდებელი ტელეფონი Microsoft Lumia 535 წარმოადგინა[73][166][167]. Lumia-ს ხაზის რებრენდინგი Nokia-დან Microsoft-ზე გაყიდვების მაჩვენებელზე არ მოქმედებს, თუმცა კრიტიკოსების ვარაუდით ბრენდის ცვლილებამ შესაძლოა იმოქმედოს მომხმარებელთა არჩევანზე, რომელთათვისაც სახელი Nokia მტკიცე რეპუტაციის მატარებელია, ხოლო ბრენდი Microsoft სატელეფონო ბიზნესში ჯერ საკმაოდ ახალია[168][169].
2015 წლის თებერვალში Microsoft-მა Windows 10-ის ოფიციალური წინასწარი ვერსია გაუშვა Lumia-ს შემდეგი მოდელებისთვის, Nokia Lumia 630, Nokia Lumia 635, Nokia Lumia 636, Nokia Lumia 638, Nokia Lumia 730 და Nokia Lumia 830, ასევე პროგრესის შესაბამისად თანდათანობით ამ სიას სხვა მოდელებიც დაემატება[170]. Microsoft-ის განცხადებით, Lumia-ს მოდელების უმრავლესობას Windows Phone 8.1-დან Windows 10-ზე განახლების შესაძლებლობა ექნება. 2015 წლის თებერვალში, ჯო ბელფიორმა განაცხადა, რომ Microsoft „მუშაობს“ Windows 10-ზე დაბალბიუჯეტიანი მოდელებისათვის რომელთა ოპერატიული მეხსიერებაც 512 მბ-ია, თუმცა ასეთი ტელეფონებისთვის ყველა შესაძლებლობა არ იქნება ხელმისაწვდომი[171][172].
Microsoft თავის Nokia-ს საფირმო ტელეფონებში Series 30 და Series 30+ პლატფორმებს იყენებს. ამ ტელეფონებს გააჩნიათ T9 კლავიატურა, და მართკუთხედი ფორმა. ეს მოწყობილობები განკუთვნილია მობილური ტელეფონების დამწყები მომხმარებლებისთვის[173]. სხვა საშუალო დონის მობილური ტელეფონების Windows Phone-ის პლატფორმაზე მომუშავე ტელეფონებით ჩანაცვლების შემდეგ, Microsoft კვლავ აგრძელებს Series 30 და Series 30+ ტელეფონების გამოშვებას, რომლის ბოლო გამოშვებაც არის Nokia 130[174][175]. Nokia 130-ს არ აქვს ინტერნეტი, რაც გამორიცხავს მასში Bing-ის, Outlook-ის ან სხვა აპლიკაციების არსებობას, თუმცა გააჩნია ტელეფონის ძირითადი ფუნქციები – ფარანი, FM-რადიო, USB-დამტენი და 32 გბ-მდე microSD ბარათზე არსებული ვიდეოფაილები დაკვრის შესაძლებლობა, ასევე ინფორმაციის მოწყობილობებს შორის გასაცვლელად Bluetooth და USB. მართალია Nokia 130-ს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, მაგრამ 2014 წელს გამოშვებულ კიდევ ერთ მოდელს Nokia 215-ს აქვს ინტერნეტი და Bing-სა და MSN Weather-ზე წვდომა, ასევე მოწყობილობა აღჭურვილია Opera Mini-ს ბრაუზერით[176].
2013 წლის სექტემბერში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Nokia-მ Android-ის ოპერაციული სისტემა Lumia-ს და Asha-ს მოწყობილობებზე გამოსცადა[177]. 2013 წლის 11 დეკემბერს ცნობილი გახდა Asha-ს მაგვარი მოწყობილობის გამოსვლის შესახებ კოდური სახელწოდებით „Normandy“ და იქვე ნათქვამი იყო, რომ მიუხედავად განყოფილების გაყიდვისა მოწყობილობის წარმოება კვლავ გრძელდებიდა[178]. Nokia X-ის ოჯახი-ს პრეზენტაცია 2014 წლის თებერვალში, ბარსელონაში გამართულ Mobile World Congress-ზე მოხდა. ეს მოწყობილობები გათვლილი იყო განვითარებადი ბაზრებისათვის და მუშაობდა Android-ის მოდიფიცირებულ ვარიანტზე, რომელიც ცნობილი იყო როგორც, Nokia X Software Platform, რომელიც თავსებადი იყო Microsoft-ის მომსახურებებთან და არ იყენებდა Google Play Store-ს. კომპანიის მიერ 2014 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ შემცირების ფარგლებში Microsoft Windows Phone-ის სასარგებლოდ Asha-ს, Series 40-ისა და X-ის წარმოებას სრულად აჩერებდა[57].
Asha-ს სერია შედგება დაბალბიუჯეტური ტელეფონებისგან, რომელიც ძირითადად გათვლილია განვითარებად ბაზრებზე. ეს არის სრული სენსორული ეკრანის, QWERTY და ტრადიციული T9 კლავიატურის სინთეზი. თავდაპირველად Asha-ს მოწყობილობები ვეტერან Series 40-ზე მუშაობდა. მოგვიანებით Nokia-მ Smarterphone-ის შეძენის შემდეგ შექმნა Asha-ს პლატფორმა. 2013 წლის მაისში გამოშვებული Asha 501 ახალ ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე პირველი მოწყობილობა იყო და ამის შემდეგ Asha-ს ყველა ახალი მოდელი Asha-ს პლატფორმაზე იქმნებოდა[179]. 2014 წლის ივლისში Microsoft-ში სამუშაო ადგილების შემცირებისა და რესტრუქტურიზაციის ფარგლებში Windows Phone-ისა და Nokia-ს Series 30+ ტელეფონების განვითარების სასარგებლოდ[57], Nokia X და Series 40-თან ერთად Asha-ს ხაზიც დაიხურა[180].
Series 40, ხშირად შემოკლებით S40 არის პროგრამული პლატფორმა და სამომხმარებლო ინტერფეისის აპლიკაცია Nokia-ს საშუალო დიაპაზონის საფირმო მობილურ ტელეფონებსა და Vertu-ს ხაზის ზოგიერთ მდიდრულ ტელეფონზე. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პლატფორმა იყო, რომელიც მილიონობით ტელეფონში გამოიყენებოდა[181]. 2012 წლის 25 იანვარს Nokia-მ განაცხადა, რომ 1.5 მილიარდზე მეტი Series 40-ზე მომუშავე მოწყობილობა გაყიდა[182]. S40-ს გაცილებით მეტი შესაძლებლობა გააჩნია ვიდრე უფრო მარტივ Series 30-ს. Windows Phone-სა და Symbian-სგან განსხვავებით ეს პლატფორმა სმარტფონებში არ გამოიყენება. მიუხედავად ამისა 2012-13 წლებში Asha-ს ხაზის ისეთი მოდელები როგორიცაა 308, 309 და 311 რეკლამირებული იყო როგორც „სმარტფონები“, თუმცა სინამდვილეში მათ სმარფონის ფუნქციების მხარდაჭერა არ გააჩნდათ[183]. 2014 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ Microsoft Windows Phone-ის სამომავლო განვითარების სასარგებლოდ Asha-ს, Series 40-სა და X-ის წარმოებას სამუდამოდ წყვეტდა[57].
ტელეფონების გარდა Microsoft Mobile მობილურის აქსესუარებსაც აწარმოებს, მათ შორის Bluetooth-ით აღჭურვილი Treasure Tag-ები. ახალი მოწყობილობები უკვე აღჭურვილია შვედური კომპანია Coloud-ის ყურსასმენებით[184]. 2014 წლის ბოლოს Microsoft-მა გამოუშვა პორტატული დამტენი მოწყობილობა სახელწოდებით Microsoft Portable Power[185].
Treasure Tag (ადრე Nokia Treasure Tag) 2014 წელს თავდაპირველად Nokia-ს მიერ შექმნილი NFC-თა და Bluetooth-ით აღჭურვილი ბრელოკი, Lumia-ს მოწყობილობებისთვის. ის ხელმისაწვდომია ლურჯ, ყვითელ, თეთრ და შავ ფერებში და Lumia-ს მოწყობილობებთან დასაკავშირებლად გააჩნია საკუთარი აპლიკაცია Windows Phone Store-ში. თუ Treasure Tag მოშორდება Lumia-ს მოწყობილობას, მაშინ აპლიკაცია შემოგთავაზებთ რუკას (სადაც გამოიყენება Nokia-ს HERE რუკები და არა ჩაშენებული Microsoft-ის Bing Maps) სადაც ნაჩვენები იქნება მოწყობილობებს შორის კავშირის დამყარების ბოლო წერტილი. Lumia-ს თითოეულ მოწყობილობას ოთხამდე Treasure Tag-თან შეუძლია კავშირის დამყარება და Nokia-ს თქმით, სხვა მესამე მხარის დეველოპერებსაც შეუძლიათ Treasure Tag-თან თავსებადი აპლიკაციები Android-ისა და iOS-თვის[186][187].
Treasure Tag Mini
Treasure Tag Mini (თავდაპირველად Nokia Treasure Tag Mini) გაეშვა Microsoft-ის მიერ როგორც Nokia Treasure Tag-ის მემკვიდრე, სადაც დამატებული იყო iOS-ისა და Android-ის (მათ შორის Nokia X მოწყობილობები) მხარდაჭერა. Treasure Tag-ის თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით, Treasure Tag Mini ხელმისაწვდომია წითელ და თეთრ ფერებში, ასევე გააჩნია უფრო სუსტი ელემენტი, არ აქვს NFC-ს მხარდაჭერა და ხმოვანი შეტყობინებები[188][189].
Microsoft Lumia-სთვის კომპანია Microsoft რამდენიმე ვიდეო თამაშს აწარმოებს, ამ თამაშებში მთავარი ტენდენცია გარემოს დაცვაა.
როდესაც Nokia-ს მოწყობილობებისა და მომსახურების ჯგუფი Microsoft-ში გაერთიანდა, Nokia-ს ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ელოპი Microsoft Devices-ის (რომელიც აერთიანებს Microsoft Hardware-ის სხვა ისეთ პროდუქტებსაც, როგორიცაა Surface და Xbox) ახალი ხელმძღვანელი გახდა. ელოპს Nokia-ს სხვა ყოფილი ხელმძღვანელებიც ჯო ჰარლოუ (სმარტ-მოწყობილობები), იუჰა პუტკირანტა (ოპერაციები), ტიმო ტოიკანენი (საფირმო ტელეფონები) და კრის უებერიც (გაყიდვები და მარკეტინგი) შეუერთდნენ, რომელთაც მანამდე არსებულის ანალოგიური თანამდებობები დაიკავეს. Microsoft Devices-მა შთანთქა Nokia-ს ჯგუფების უმრავლესი ნაწილი, მათ შორის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფები და სტუდიები, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის გუნდები გაუერთიანდა Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის გუნდებს[193]. გადასვლა განსაკუთრებული გართულებების გარეშე მიმდინარეობდა, რადგან ცოტა ხნით ადრე ელოპმა Microsoft-თან თავსებადობის გაზრდის მიზნით Nokia-ს სტრუქტურების რეორგანიზება მოახდინა[194].
Nokia-ს მრავალი ყოფილი ხელმძღვანელი Microsoft-ის სხვადასხვა პროექტებში ჩაერთო, მაგალითად, პასი საარიკო Microsoft HoloLens-ის პროექტის მთავარი ტექნიკური მენეჯერი გახდა[195].
Microsoft Talo Microsoft Mobile-ის სათავო ოფისია (ყოფილი Nokia Corporation-ის ნაწილი), რომელიც ფინეთის ქალაქ ესპოოს კეილანიემის რაიონში მდებარეობს.
შენობის წინა სახელი იყო The Nokia House (ნოკიას სახლი). შენობის ორი სამხრეთით მდებარე ნაწილი 1990-იანი წლების დასაწყისში აშენდა, ხოლო მესამე ჩრდილოეთი ნაწილი კი 2000 წელს. ოფისში დაახლოებით 5000-მდე თანამშრომელი მუშაობს.
2012 წლის დეკემბერში, Nokia-მ განაცხადა, რომ მან თავისი სათავო ოფისის შენობა 170 მილიონ ევროდ ხანგრძლივი ლიზინგის წესით გაყიდა[196].
2014 წლის აპრილში Microsoft-ის მხრიდან Nokia-ს მოწყობილობების ბიზნესის შეძენის დასრულების შემდეგ, შენობამ ახალი სახელი მიიღო: Microsoft Talo.[197][198]