პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ანდრო ივანეს ძე ზაზროევი[1] | ||
დაბადების თარიღი | 21 ოქტომბერი, 1925 | ||
დაბადების ადგილი |
ტფილისი, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 16 მარტი, 1987 (61 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 174 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1946 | კრილია | 20 | (9) |
1947–1948 | დინამო ს. | ||
1948–1951 | დინამო თბ. | 66 | (31) |
1952–1955 | დინამო კ. | 72 | (28) |
1956–1957 | დინამო თბ. | 17 | (5) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1958 | ბურევესტნიკი (თ.) | ||
1959 | დინამო თბილისი (თ.) | ||
1964–1966 | ენერგეტიკი დუშანბე | ||
1967 | სპარტაკი ორჯონიკიძე დ. | ||
1967 | მეშახტე ტყიბული | ||
1968–1970 | სპარტაკი ორჯონიკიძე | ||
1971–1972 | დილა გორი | ||
1972 | სპარტაკი ორჯონიკიძე | ||
1976 | მეტალურგი რუსთავი | ||
1977 | სპარტაკი თბილისი | ||
1980–1981 | სპარტაკი ორჯონიკიძე | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ანდრო ზაზროევი (ზაზროშვილი) (დ. 21 ოქტომბერი, 1925, ტფილისი, საქართველოს სსრ — გ. 16 მარტი, 1987, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი, თავდამსხმელი.[2][3] სხვადასხვა დროს იცავდა მოლოტოვის „კრილია სოვეტოვის“, სოხუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოსა“ და კიევის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1955). რუსეთის სფსრ-ს დამსახურებული მწვრთნელი (1969). 1966 წელს დაამთავრა ლენინაბადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი.[4][5]
ფეხბურთის თამაში დაიწყო ადრეულ ასაკში. თამაშობდა საქართველოს ახალგაზრდულ გუნდში, შემდეგ თბილისის „დინამოს“ ოსტატთა გუნდში. 1952–1955 წლებში კიევის „დინამოში“ გამოდიოდა. იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების მეორე გუნდის კაპიტანი. დასახელდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო თავდამსხმელად. ფიზიკურად ყოველთვის მაღალ დონეზე მომზადებული, გამოირჩეოდა სანიმუშო გამძლეობით, მაღალი სასტარტო სისწრაფით, შეტევების როგორც ორგანიზების, ასევე, დაგვირგვინების უნარით, შესანიშნავი ტაქტიკური აზროვნებითა და საგოლე ალღოთი.[6][7]
მისი თანაკლუბელების მოსაზრებით ანდრო ზაზროევს საკმაოდ ძნელ პირობებში ერგო თბილისის „დინამოს“ მაისური. სწორედ იმ დროს სარბიელი დატოვა ქართული ფეხბურთის აღიარებულმა ლიდერმა ბორის პაიჭაძემ. ცენტრალური ფორვარდის როლი ანდრო ზაზროევს მიაკუთვნეს. სულ ანდრო ზაზროევმა 83-ჯერ ითამაშა თბილისის „დინამოში“ და მეტოქეთა კარში 36 ბურთი გაიტანა.[8]
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. მუშაობდა მწვრთნელად როგორც საქართველოში, ისე რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც. მის სახელს უკავშირდება საფეხბურთო კლუბ თბილისის „ბურევესტნიკის“ შექმნა,[9] რომლის ღირსებასაც მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე მომავალი ოსტატი იცავდა. შემდეგ მწვრთნელად მუშაობდა თბილისის „დინამოში“, „სპარტაკში“, გურჯაანის „ალაზანში“, 35-ე სკოლაში, ამზადებდა დუშანბეს „პამირს“, რუსთავის „მეტალურგსა“ და ორჯონიკიძის „სპარტაკს“, რომლის მთავარი მწვრთნელი იყო 1968 წლიდან 5 სეზონის განმავლობაში (შესვენებებიანად). სწორედ მისი თავკაცობით 1969 წელს გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი სსრ კავშირის ჩემპიონატის მეორე ჯგუფში და გადავიდა უმაღლეს ლიგაში.[8]
შემდეგ, გარკვეული პერიოდი ხელმძღვანელობდა საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს. სიცოცხლის ბოლო წლებში თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლაში მუშაობდა.[8]
ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[10][11][კომ. 1]
1948 წლის 2 მაისს საკავშირო პირველობის ფარგლებში თბილისის „დინამოს“ რიგებში ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში ვილნიუსის „სპარტაკის“ წინააღმდეგ მატჩის მეორე წუთზე გაიტანა თავისი პირველი ბურთი. დინამოელებმა ეს შეხვედრა 5–1 მოიგეს, თუმცა ვილნიუსის „სპარტაკი“ მოგვიანებით გათამაშებიდან მოიხსნა და შესაბამისად ამ შეხვედრის შედეგი ანულირებულ იქნა.[12][13]
1948 წლის 6 მაისს საკავშირო პირველობის ფარგლებში თბილისის „დინამოს“ რიგებში ჩატარებულ მეორე შეხვედრაში მინსკის „დინამოს“ წინააღმდეგ მატჩის მე-15 წუთზე[კომ. 2] გაიტანა თავისი მეორე ბურთი. დინამოელებმა ეს შეხვედრა 2–0 მოიგეს. მეორე ბურთი აროშიძემ გაიტანა. ვილნიუსის „სპარტაკთან“ ჩატარებული წინა მატჩის ანულირების გამო, სწორედ ამ შეხვედრაში გატანილი ბურთი ითვლება ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ანდრო ზაზროევის მიერ გატანილ პირველ ბურთად თბილისის დინამოელთა შემადგენლობაში.[14][15][8][16][კომ. 3][კომ. 4][კომ. 5]
1956 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სს რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და 1956 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის ანდრია ივანეს ძე ზაზროშვილი დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[17][18]
ანდრო ზაზროევის ანგარიშზეა 6 ჰეთ-თრიქი, აქედან სამი თბილისის (02.06.1948, 08.08.1948, 13.09.1949) და სამიც — კიევის (16.07.1952, 16.09.1954, 30.08.1955) დინამოელთა შემადგენლობაში.[19]