ბრიჯიტ ასკონასი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1 აპრილი, 1923[1] |
დაბ. ადგილი | ვენა |
გარდ. თარიღი | 9 იანვარი, 2013[1] [2] (89 წლის) |
გარდ. ადგილი | კემდენი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | იმუნოლოგი |
მუშაობის ადგილი | John Radcliffe Hospital |
ალმა-მატერი | გირტონის კოლეჯი, მაკგილის უნივერსიტეტი და უელსლის კოლეჯი[3] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, რობერტ კოხის ოქროს მედალი[4] [5] , Feldberg Foundation, Fellow of the Academy of Medical Sciences და honorary doctorate from the McGill University |
ბრიჯიტ ალისა ასკონასი ბრიჯიტ ელის ასკონასი (Brigitte Alice «Ita» Askonas; დ. 1 აპრილი, 1923, ვენა, ავსტრია — გ. 9 იანვარი, 2013) — ბრიტანელი იმუნოლოგი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1973) და ბრიტანეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი წევრი (1998), აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2007). დაჯილდოვებულია რობერტ კოხის ოქროს მედლით. (2007). [6] [7]
ბრიჯიტ ასკონასი დაიბადა ვენაში, კათოლიციზმზე მოქცეული ჩეხი ებრაელი მშობლების კარლ ფრედერიკ ასკონასისა და როუზ ნე ფურტის ოჯახში. 1938 წელს ავსტრიის ნაცისტურ გერმანიასთან გაერთიანების შემდეგ, მისმა ოჯახმა დატოვა ვენა და 1940 წლისთვის დასახლდა მონრეალში, კანადა . [8]
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ბრიჯიტი დადიოდა უელსლის კოლეჯში, მასაჩუსეტსი, შემდეგ სწავლა გააგრძელა მონრეალის მაკგილის უნივერსიტეტში . იქ გაიცნო დევიდ ლენდსბორო ტომსონი, რომლის ლექციებმა შთააგონა ბიოქიმიის შესწავლა. ბრიჯიტმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი 1944 წელს, ხოლო მაგისტრის ხარისხი 1949 წელს. შემდგომში ტრენინგი გაიარა დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიოქიმიის განყოფილებაში, სადაც 1952 წელს მალკოლმ დიქსონის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კრეატინ ფოსფატის გაწმენდისა და თვისებების შესახებ.
ბრიკიტისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდნენ სამეფო საზოგადოების პირველი ქალი წევრები მარჯორი სტეფენსონი და დოროთი ნედჰემი. როგორც თავად ბრიჯიტი ამბობდა, მათ ასწავლეს, რომ
![]() |
„კარგი მეცნიერება აღიარებულია მეცნიერის სქესის მიუხედავად.“
|
1952 წელს ბრიჯიტმა დაიწყო მუშაობა მილ ჰილში, ლონდონში მდებარე სამედიცინო კვლევის ეროვნულ ინსტიტუტში (NIRM) ბიოქიმიის განყოფილებაში, სადაც პიტერ კამბელთან ერთად სწავლობდა ორგანიზმში პოლიპეპტიდური ჯაჭვების წარმოქმნის მექანიზმს. იმ დროს სამეცნიერო საზოგადოებაში არსებობდა ორი თვალსაზრისი ცილების ბიოსინთეზის გზის შესახებ: მოკლე ოლიგოპეპტიდების ბიოსინთეზი და მათი შემდგომი შეკრება და ცალკეული პოლიპეპტიდური ჯაჭვის სინთეზი მისი შემდგომი გარდაქმნებით. ბრიჯიტისა და პიტერის ნაშრომებმა აჩვენა, რომ მთელი პეპტიდური ჯაჭვები თავს იყრის ერთ ადგილას.
1957 წელს ბრიჯიტი გადავიდა NIRM-ის იმუნოლოგიის ახლად შექმნილ განყოფილებაში, სადაც ჯონ ჰემფრისთან ერთად შეისწავლა ანტისხეულების ფორმირება და ლიმფოციტების და მაკროფაგების როლი ორგანიზმის იმუნურ რეაქციაზე. მისმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდი რაოდენობით ანტისხეულები წარმოიქმნება სხეულის ძვლის ტვინში და ფილტვებში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ის, რომ ვაქცინაზე იმუნური რეაქცია იწვევს არა მხოლოდ სპეციფიკური ანტისხეულების, არამედ არასპეციფიკური იმუნოგლობულინების წარმოებას. 1959-1961 წლებში მან შეისწავლა პლაზმური უჯრედების სიმსივნეები, როგორც ანტისხეულების ფორმირების მოდელები.
ალან უილიამსონთან ერთად ბრიჯიტმა შეისწავლა იმუნოგლობულინების ბიოსინთეზის გზები. მათმა მუშაობამ აჩვენა, რომ ცალკეული IgG ჯაჭვები (მსუბუქი და მძიმე) შეიძლება იზოლირებული იყოს ნალექით სპეციფიკური ანტიშრატით. ასევე დადგენილია, რომ ცალკეული მძიმე ჯაჭვები არ არის უჯრედში და სწორედ მსუბუქი ჯაჭვები მოქმედებენ როგორც შუამავლები იმუნოგლობულინების შეკრებაში.
1962-1968 წლებში ბრიჯიტმა შეისწავლა მაკროფაგების როლი ანტიგენის წარმოების რეგულირებაში და იმუნური რეაქციების განვითარებაში. მისმა ექსპერიმენტებმა დაამყარა თეორია, რომ მაკროფაგები ატარებდნენ ინფორმაციულ რნმ-ს. 1971-1972 წლებში ბრიჯიტმა 18 თვე გაატარა ბაზელის იმუნოლოგიის ინსტიტუტში. თანამშრომლობდა იმ დროის წამყვან იმუნოლოგებთან, რამაც საშუალება მისცა ცოდნის დიაპაზონი გაეფართოვებინა.
1976 წელს ბრიჯიტი გახდა NIRM-ის იმუნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ამ პერიოდში დაკავდა გრიპის ვირუსის შესწავლით. ამ მიმართულებით რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იმუშავა და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა იმუნოლოგიის განვითარებაში, ამავე დროს მოამზადა კურსდამთავრებულთა თაობა, როგორიცაა, რომელთა შორის არიან ენდრიუ მაკმაიკლი და ალენ თაუნსენდი.
NIRM-ში 36 წლიანი მუშაობის შემდეგ, 1988 წელს ბრიჯიტი პენსიაზე გავიდა. მაგრამ მისი წვლილი მეცნიერებაში ამით არ დასრულებულა. თითქმის სიცოცხლის ბოლომდე, ის რეგულარულად სტუმრობდა ლონდონის იმპერიული კოლეჯის ლეიკოციტების ბიოლოგიის და რესპირატორული მედიცინის განყოფილებებს და ოქსფორდის მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტს, აძლევდა რჩევებს მეცნიერებსა და სტუდენტებს იმუნოლოგიის შესახებ. 1988 წლიდან 1994 წლამდე იყო ლონდონის St Mary's Hospital Medical School-ის მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი.
მან დაწერა რამდენიმე მაღალი დონის მეცნიერის ბიოგრაფია, მათ შორის ნილს კაჯ ჯერნის, სეზარ მილშტეინის და ჯონ ჰერბეტ ჰემფრის. ასკონასმა ფილმის სახით ჩაწერა ინტერვიუ სტენლი პირთან. ეს ინტერვიუ სამედიცინო მეცნიერებების ვიდეო არქივის სახით [9] განთავსებულია ოქსფორდის ბრუკსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სპეციალურ კოლექციებში.
სამუშაოს გარდა, ბრიჯიტი დიდ დროს უთმობდა მეგობრებსა და ოჯახს. იგი განსაკუთრებით ახლოს იყო ძმასთან, ფრედთან, მის მეუღლესთან, მეჯთან და მათ შვილებთან. ბრიჯიტს ჰყავდა ძალიან ფართო მეგობრების წრე, ყოველთვის პოულობდა საერთო ენას თავის კოლეგებთან და თანატოლებთან, ასევე კურსდამთავრებულებთან და ბაკალავრიატის სტუდენტებთან.
2007 წელს მას მიენიჭა შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი ასოცირებულის წოდება [10] [11] და მოიპოვა რობერტ კოხის სახელობის პრემია. 1973 წელს აირჩიეს სამეფო საზოგადოების (FRS) წევრად და სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის (FMedSci) წევრად.