ეველინ მატეი | |
---|---|
ესპ. Evelyn Rose Matthei Fornet | |
დაბადების თარიღი | 11 ნოემბერი, 1953 (71 წლის) |
დაბადების ადგილი | სანტიაგო |
მოქალაქეობა | ჩილე |
განათლება | Pontifical Catholic University of Chile და German School Santiago |
მამა | Fernando Matthei |
evelynmatthei.cl | |
ეველინ მატეი (ესპ. Evelyn Matthei; დ. 11 ნოემბერი, 1953, სანტიაგო, ჩილე) — ჩილელი პოლიტიკოსი და სანტიაგოს კომუნა პროვიდენსიის მერი 2016 წლიდან. ამჟამინდელ პოზიციამდე 1990-1998 წლებში ჩილეს კონგრესის წევრი იყო, ხოლო შემდეგ 1998-2011 წლებში სენატორის თანამდებობას იკავებდა. 2011 წლის იანვარში მან დატოვა სენატორის თანამდებობა და ჩილეს პრეზიდენტის სებასტიან პინიერას მმართველობის პერიოდში შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობა დაიკავა, რომელსაც 2013 წლის ივლისამდე ინარჩუნებდა.[1] 2013 წლის ჩილეს საყოველთაო არჩევნებში იგი დამოუკიდებელ დემოკრატთა კავშირის პარტიის მხარდაჭერით პრეზიდენტობისთვის იბრძოდა. თუმცა, მეორე ტურში ყოფილ პრეზიდენტ მიშელ ბაჩელეტთან დამარცხდა.[2]
განათლებით ეკონომისტმა მატეიმ პროფესიული კარიერა თავის ალმა მატერში, ჩილეს პონტიფიკალურ კათოლიკურ უნივერსიტეტში ლექტორად დაიწყო, სანამ კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე გადავიდოდა.[3] 1988 წელს ჩილეში დემოკრატიის აღდგენის შემდეგ, მან პოლიტიკაში გადაინაცვლა. პოლიტიკური კარიერის გარდა მატეი ასევე გამორჩეული პიანისტია.[4]
2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარუმატებელი კანდიდატურის შემდეგ, მატეი 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტად იკვეთება.[5]