მანიტობის მუზეუმი

მანიტობის მუზეუმი
49°54′00″ ჩ. გ. 97°08′12″ დ. გ. / 49.90000° ჩ. გ. 97.13667° დ. გ. / 49.90000; -97.13667
დაარსდა 1965
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
მდებარეობა მანიტობა
კლასიფიკაცია ადამიანისა და ბუნების ისტორიის პროვინციული მუზეუმი
ვიზიტორები 303 191 (2017)[1]
დირექტორი კლოდეტ ლეკლერკი
ოფიციალური საიტი manitobamuseum.ca
Map

მანიტობის მუზეუმი (ინგლ. Manitoba Museum, წარსულში ცნობილი როგორც მანიტობის ადამიანისა და ბუნების ისტორიის მუზეუმი (ინგლ. Manitoba Museum of Man and Nature)) — ისტორიული მუზეუმი უინიპეგში, მანიტობა, კანადა. ეს არის პროვინციის უდიდესი არაკომერციული ცენტრი, რომელიც მუშაობს მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განათლების მხრივ.

ის მდებარეობს უინიპეგის მერიის სიახლოვეს. მუზეუმის დიზაინი 1965 წელს ჰერბეტ ჰენრი გატენბი მუდიმ შექმნა. დაწესებულება მოიცავს პლანეტარიუმსა და სამეცნიერო გალერეის გამოფენებს. მუზეუმი ფოკუსირებულია მანიტობის ადამიანური და ბუნებრივი მემკვიდრეობის, კულტურისა და რესურსების შენარჩუნებაზე, კვლევასა და გავრცელებაზე.

ჰუდსონის ყურის კომპანიამ მუზეუმს 1994 წელს თავისი სამი საუკუნის კოლექცია გადასცა, რითაც ის მუზეუმის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი დონორი გახდა.[2]

პლანეტარუმი
ინტერპრეტაციული გალერეა მანიტობის მუზეუმში, 2010 წელი

1879 წელს, მანიტობის ისტორიულმა და სამეცნიერო საზოგადოებამ ოფიციალურად დაიწყო კოლექციის შეგროვება და უცნობ ადგილას განთავსება. 1890-იანი წლების დასაწყისში თომფონ სეტონმა დაწერა მანიტობის მუზეუმის შესახებ, რომელიც, მისი ვერსიით, ვინიპეგის მერიის სარდაფში იყო განთავსებული. 1900 წლისთვის უინიპეგში არ არსებობდა საჯარო მუზეუმები, სამაგიეროდ არსებობდნენ კერძო კოლექციონერები: 1911 წლიდან 1920-იანი წლების დასაწყისამდე ამ კერძო კოლექციონერების შენახული ნივთები სპეციალურ ნაგებობაში, უინიპეგის ინდუსტრიული ბიუროს შენობაში გამოიფინა. ამჟამინდელი მუზეუმი ამ თავდაპირველი დაწესებულების ექსპონატების ნაწილს დღესაც მოიცავს, უმეტესობა კი დროთა განმავლობაში დაიკარგა.

1932 წელს, მანიტობის ბუნების ისტორიის საზოგადოებამ, უინიპეგის ვაჭრობის საბჭომ და აუდიტორიის კომისიამ დააარსეს მანიტობის მუზეუმის ასოციაცია. მანიტობის მუზეუმი ოფიციალურად ცოტა ხნის შემდეგ, 1932 წლის 15 დეკემბერს გაიხსნა ახლად აშენებული უინიპეგის სამოქალაქო აუდიტორიაში (ამჟამად მანიტობის შენობის არქივი), მემორიალურ ბულვარზე, უინიპეგის ხელოვნების გალერეის მიმდებარედ.[3] მუზეუმი ამ შენობაში 1967 წლამდე მდებარეობდა.

მანიტობის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ასევე მანიტობის სოფლის მეურნეობის ყოფილმა კოლეჯმა, ძალიან დიდი როლი ითამაშეს მუზეუმის განვითარებაში. მუზეუმი იმართებოდა მოხალისე საპატიო კურატორების მიერ, რომლებსაც ეხმარებოდნენ სხვა მოხალისეები და მცირე რაოდენობით მომსახურე პერსონალი.

მუზეუმის არტეფაქტების ზრდასთან ერთად დაწესებულების გაფართოება გახდა საჭირო. 1954 წელს, საბჭომ დაიწყო ახალი დაწესებულებისათვის გეგმის შექმნა. მუზეუმის მმართველები კონსულტაციებისათვის თანამშრომლობდნენ ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმსა და ჰაიდენის პლანეტარიუმთან. ახალი ნაგებობისათვის დაფინანსების წყაროს ფედერალური პროექტები წარმოადგენდა. ისინი ცდილობდნენ 1967 წლის ასი წლისთავის ღონისძიებასთან დაკავშირებით შეექმნათ კანადის კულტურული დაწესებულება.

ნონსაჩის გემის რეპლიკა, რომელიც მანიტობის მუზეუმშია განთავსებული

1964 წელს მუზეუმისა და პლანეტარიუმის შექმნის შესახებ წინადადება წარედგინა მანიტობის მთავრობას, რემელსაც პრემიერი დაფ რობლინი ხელმძღვანელობდა. წინადადებაში ნათქვამი იყო: „მანიტობას სჭირდება ადამიანისა და ბუნების თანამედროვე მუზეუმი. არა ფრინველების ფიტულები, მოძველებული საბრძოლო იარაღები ან მტვრიანი ქვები, არამედ ადამიანებისა და მათი რესურსების ცოცხალი ისტორია, რომელიც გააკონტროლებს მანიტობის რესურსების მდგომარეობას, ინდუსტრიასა და კულტურას, წარსულსა და აწმყოს. მუზეუმი საჭიროა იმისათვის, რომ რომ გაავრცელოს ინფორმაცია ადამიანისათვის ბუნების მნიშვნელობისა და პიროვნებების გავლენაზე ჩვენს გარემოზე. ეს ყველაფერი ადამიანისა და ბუნების თანამედროვე მუზეუმში იქნება გაერთიანებული“.[4] 1965 წელს, პროვინციულმა კანონმდებლობამ მუზეუმის ასოციაცია გააუქმა და მის ადგილას ორი ორგანიზაცია: ადამიანისა და ბუნების მანიტობის მუზეუმი და მანიტობის პლანეტარიუმი შექმნა. ჩამოთვლილთაგან ორივე ახალი საუკუნოვანი ცენტრის მშენებლობის გეგმებში შედიოდა. [5] ახალი დაწესებულების დირქეტორის მოვალეობის შემსრულებლად დევიდ ჰემფილი გამოცხადდა (1970 - 1988).[6] მუზეუმის კურატორის პოზიცია ანაზღაურებადი გახდა, ყოფილი მოხალისე კურატორები კი მუზეუმის მრჩეველთა საჭოს წევრები გახდნენ. 1968 - 1969 წლებში, მაშინ როდესაც ახალი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა, ნაგებობაში ყოფილი დაწესებულების კოლექცია განთავსდა. ამ მშენებლობის საერთო ღირებულებამ 3 548 700 კანადური დოლარი შეადგინა. [5]

ლეიტენანტ გუბერნატორმა, რიჩარდ ბოულსმა პლანეტარიმი 1968 წლის 15 მაისს გახსნა, გალერეები კი ოფიციალურად 1970 წლის 15 ივლისს გაიხსნა კანადის მონარქის, ელისაბედ II უინძორის მიერ პროვინციის 100 წლისთავის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ამ მუზეუმის კოლექციის უდიდეს ნაწილს ყოფილი მანიტობის მუზეუმის კოლექცია წარმოადგენდა.[5]

1972 წლის ივლისში, მუზეუმი და პლანეტარიუმი გაერთიანდა და მას „მანიტობის ადამიანისა და ბუნების მუზეუმი“ ეწოდა. 1996 წლის დეკემბერშიშეიქმნა მანიტობის მუზეუმის ფონდი, ასევე გაფართოებული ორგანიზაცია, მანიტობის მუზეუმი, რომელიც ახლა სამეცნიერო გალერეას წარმოადგენს.[5] დროთა განმავლობაში, 2000-იან წლებამდე, თავდაპირველი ორი გალერეის ექსპონატების რიცხვი გაიზარდა.[3]

2002 წელს მუზეუმს დაუბრუნდა ძველი სახელი და ის კვლავ „მანიტობის მუზეუმი“ გახდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Annual Report. The Manitoba Museum (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 17 August 2018.
  2. Manitoba Museum Opens New Gallery Dedicated to the History of Winnipeg | The Manitoba Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-12. ციტირების თარიღი: 2021-01-09
  3. 3.0 3.1 190 Rupert Avenue. ციტირების თარიღი: 2021-01-09
  4. „Group presents museum hopes“. The Winnipeg Tribune. March 5, 1964. p. 39.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-28. ციტირების თარიღი: 2021-09-27.
  6. Historic Sites of Manitoba: The Manitoba Museum (190 Rupert Avenue, Winnipeg). ციტირების თარიღი: 2021-01-09