მირზა მუჰამად სარუ თაქი

მირზა მუჰამად სარუ თაქი
სეფიანთა ირანის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1633
მმართ. დასასრული: 11 ოქტომბერი, 1645
წინამორბედი: მირზა ტალიბ-ხანი
მემკვიდრე: ხალიფე სოლთანი
მონარქი: სეფი I
აბას II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1579
გარდ. თარიღი: 11 ოქტომბერი, 1645
გარდ. ადგილი: ისპაჰანი, სეფიანთა ირანი
რელიგია: შიიტური ისლამი

მირზა მუჰამად სარუ თაქი (სპარს. فارسی; დ. 1579 — გ. 11 ოქტომბერი, 1645) — სეფიანთა ირანის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1634–1645 წლებში.

სარუ თაქი დაიბადა 1579 წელს თავრიზში, საშუალო კლასის მუსლიმურ ოჯახში. მისი დაბადების პერიოდში სეფიანთა იმპერია კრიზისში იყო და იგერიებდა ოსმალთა შეტევებს ირანსა და კავკასიაში. ირან-ოსმალეთის 1578–1590 წლების ომში მისი მამა და ბიძა დაიღუპნენ. ოჯახში ერთადერთი მამაკაცი 5 წლის მირზა მუჰამადი იყო.

1593 წელს მოხვდა ისპაჰანში და გახდა ყიზილბაშების გვარდიის წევრი. მალევე გაითქვა სახელი და დაწინაურდა. 1601 წელს, 22 წლის ასაკში დაინიშნა არდებილის მმართველის ხაზინადარად, იგივე თანამდებობა ეკავა განჯასა (1606-1608) და შირვანში.(1609–1612). ირან-ოსმალეთის 1603–1618 წლების ომის დროს კი შაჰ-აბას I-მა დანიშნა ყარაბაღის მმართველად. სარუ-თაქიმ დიპლომატიური ნიჭი გამოიჩინა თურქებთან ბრძოლების დროს და დიდი როლი შეასრულა 1618 წელს სერავის ხელშეკრულების დადებაში.

1615 წელს ყიზილბაშებმა სარუ თაქის მძიმე ბრალდება წაუყენეს. ის შაჰ-აბასის ბრძანებით დაასაჭურისეს, ქონებაც წაართვეს. მიზეზად სახელდებოდა ბეწვის გამყიდველ კაცთან, მუ'მინთან სქესობრივი კავშირის დამყარება, მაგრამ შაჰი მალევე მიუხვდა ცრუ ბრალდებას, ცილიმწამებელი ყიზილბაშები სიკვდილით დასაჯა, სარუ თაქის აღუდგინა ქონება და მაზანდარანის ბეგლარბეგად დანიშნა.

1616 წელს ჩაიბარა გილანის პროვინცია. მისი გამგებლობის დროს არაერთი მეჩეთი და აბანო აშენდა გილანში. 1629 წელს აბას I გარდაიცვალა და შაჰი გახდა სეფი I, რომელთანაც სარუ თაქის ახლო ურთიერთობა ჰქონდა. იმავე წელს თაქიმ დიდი როლი ითამაშა ღარიბ-შაჰის ფართო აჯანყების ჩახშობაში, რის გამოც უხვად დააჯილდოვა თავად შაჰმა.

1631 წელს გაგზავნილი იყო ბაღდადში შიიტური სამლოცველოების სამეთვალყურეოდ. ამავე პერიოდში გაებრძოლა მირზა ტალიბ-ხანის კლანს, რომლის დამარცხების შემდეგ უფრო გაიმყარა პოზიციები სეფიანთა კარზე.

ვეზირობა სეფი I-ის დროს

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირზა მუჰამად სარუ თაქის რეალური მეტოქე შაჰის კარზე იმამყული-ხან უნდილაძე იყო. 1633 წელს იმამყული-ხანი და უნდილაძეთა გვარის წევრები შაჰ-სეფიმ ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა. ამ წინსვლის შემდეგ, იმავე წელს სეფი I-მა დედამისის, დილარამ ხანუმის რჩევით, თაქი დიდ ვეზირად დანიშნა.

1635 წელს სარუ თაქიმ უხელძღვანელა ირანის ლაშქარს ირან-ოსმალეთის ომში. მისი სარდლობით სპასელებმა ქ. ერევანი დაიხსნეს თურქებისგან, თუმცა 1 წელიწადში დაკარგეს.

1638 წელს სარუ თაქი დამარცხდა ყოფილ სეფიან მოხელესთან, ალი მარდან ხანთან ბრძოლაში და დაკარგა ქ. ყანდაარი, რომელიც დიდ მოგოლთა იმპერიის ხელში გადავიდა.

ვეზირობა აბას II-ის დროს

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1642 წელს სეფი I გარდაიცვალა. ტახტი დაიკავა მისმა 10 წლის ვაჟმა, აბას II-მ, თუმცა რეალურად ძალაუფლება სარუ თაქისა და 2 ქართველის, დილარამ ხანუმისა და ახალი შაჰის დედის, ანა ხანუმის ხელში აღმოჩნდა. მათ ერთობლივი ძალებით დაიწყეს სეფიანთა ირანის მართვა, აბას II გამოცდილების მისაღებად ყაზვინში გააგზავნეს. 1643 წლიდან ირანში აჯანყებები დაიწყო. ამბოხებულთ ერთ-ერთი ლიდერი, აბას I-ის დროს განთქმული სარდალი, როსტომ-ხან სააკაძე იყო. სარუ თაქიმ მოახერხა მისი შეპყრობა და 1643 წელს სიკვდილით დასაჯა.

სარუ თაქი აგრძელებდა იმპერიის კონტროლს, მაგრამ 1645 წელს, ვერაგულად მოკლა მისმა პირადმა მცველმა და სიძემ, ჯანი ხანმა, რომელიც სავარაუდოდ აბას II-ის დავალებით მოქმედებდა. ამ ამბის გაგების შემდეგ, ანა ხანუმი განრისხდა და ჯანი ხანი მოაკვლევინა. თუმცა 1647 წელს დილარამ ხანუმი და ანა ხანუმი გარდაიცვალნენ. გარდაცვალების მიზეზად სახელდება მოწამვლა. 15 წლის აბასმა კი სახელმწიფო მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო.

  • Matthee, Rudi (2010). „ḴALIFA SOLṬĀN“. Encyclopaedia Iranica, Vol. XV, Fasc. 4. pp. 382–384.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Babaie, Sussan (2004). Slaves of the Shah: New Elites of Safavid Iran. I.B.Tauris, გვ. 1–218. ISBN 9781860647215. 
  • Roemer, H.R. (1986). „The Safavid period“, The Cambridge History of Iran, Volume 5: The Timurid and Safavid periods. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 189–351. ISBN 9780521200943.