მირზა ნასრულა ხანი | |
სპარს. میرزا نصرالله خان نایینی | |
ირანის მე-3 პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 სექტემბერი1907 – 13 სექტემბერი 1907 | |
მონარქი | მუჰამედ ალი შაჰი |
წინამორბედი | მირზა ალი ასღარ-ხან ამინ ალ-სულთანი |
მემკვიდრე | აჰმად მოსხირ ალ სალთანე |
ირანის 1-ლი პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 აგვისტო 1906 – 17 თებერვალი 1907 | |
მონარქი | მოზაფარ ალ-დინ შაჰი |
წინამორბედი | აბდულ მაჯიდ მირზა ეინ ოდ-დოვლა (როგორც სპარსეთის პრემიერ-მინისტრი) |
მემკვიდრე | სოლთან ალი-ხან ვაზირ აფკჰამი |
საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1902 – 1905 | |
პრემიერ-მინისტრი | მირზა ალი ასღარ-ხან ამინ ალ-სულთანი აბდულ მაჯიდ მირზა ეინ ოდ-დოვლა |
წინამორბედი | აბდულ მაჯიდ მირზა ეინ ოდ-დოვლა |
მემკვიდრე | მირზა აბდულ ვაჯაბ ხანი |
დაბადებული | 17 ოქტომბერი 1840 ნაინი, ისპაჰანი, სპარსეთი |
გარდაცვლილი | 13 სექტემბერი 1907 (66 წლის) თეირანი, სპარსეთი |
პოლიტიკური პარტია | ირანის კონსტიტუციური პარტია |
შვილები | ჰასან პირნია ჰოსეინ პირნია |
რელიგია | ისლამი, შიიზმი |
მირზა ნასრულა ხანი (სპარს. میرزا نصرالله خان نایینی, 17 ოქტომბერი, 1840, ნაინი, ირანი — გ. 13 სექტემბერი, 1907, თეირანი, ირანი) — სპარსელი სახელმწიფო მოღვაწე, ირანის პირველი პრემიერ-მინისტრი ( 1906-1907). [1]
მირზა ნასრულა ხანი დაიბადა რელიგიური ლიდერების ოჯახში, გაიზარდა ნაინში, ახალგაზრდობაში გადავიდა თეირანში, სადაც დაიწყო მუშაობა ქუჩის მწიგნობარად, განთავსდა რა სამთავრობო შენობების გვერდით, ადგენდა სხვადასხვა სახის წერილებს წერა-კითხვის უცოდინართათვის. 1862 წელს დაქორწინდა ხოსნიზე, მდიდარი ვაჭრის, მირზა თაგი აჯუდანის ასულზე, რის შემდეგაც მან შეძლო საჯარო სამსახურში დასაქმება.
ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, შემდეგ აზერბაიჯანის პროვინციებში დაბალი თანამდებობის პირი იყო, მსახურობდა თავრიზში, მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი გახდა სპარსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი მდივანი. თანდათანობით დიდძალი ქონება დააგროვა.[2]
1898 წელს დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა და მოლაპარაკება გამართა ბრიტანელებთან ნავთობის კონცესიებთან დაკავშირებით. მისი ორი ვაჟი, ჰასან პირნია (1872-1935) და ჰოსეინ პირნია (1875-1948) ასევე პოლიტიკოსები გახდნენ და მონაწილეობა მიიღეს 1906 წლის სპარსეთის კონსტიტუციის შემუშავებაში (ინგლ. Persian Constitution of 1906.), რის შემდეგაც, 1906 წლის 7 ოქტომბერს მათი მამა სათავეში ჩაუდგა მეჯლისის მიერ დამტკიცებულ პირველ მთავრობას (იმ დროს მირზა ნასრულა ხანი ცდილობდა დაერწმუნებინა კონსტიტუციის წინააღმდეგ განწყობილი ხალხთა მასები, რომ სპარსეთი კვლავ დარჩებოდა აბსოლუტურ მონარქიად). პრემიერ-მინისტრის რანგში მის მიერ გატარებული ერთ-ერთი პირველი ღონისძიება იყო არაერთი პოლიტპატიმრის გათავისუფლება. მოზაფარ ალ დინ შაჰ ყაჯარის გარდაცვალების შემდეგ მიიღო რეგენტობა და შექმნა ექსპერტთა კომისია, რომელსაც უნდა მოემზადებინა კონსტიტუციის დამატება, რათა საბოლოოდ დაზუსტებულიყოს ქვეყნის მმართველობის ფორმა.[3]
მირზა ნასრულა ხანი 1907 წლის 17 მარტს პენსიაზე გავიდა, მისმა კაბინეტმა განაგრძო მუშაობა 1907 წლის 1 მაისამდე. ამ პერიოდში ქვეყანაში ვითარება დაიძაბა შეიხ ფაზლოლა ნურის ისლამური ინიციატივების გამო, რომელიც მოითხოვდა კონსტიტუციაში შეტანილი ყველა ცვლილების გადამოწმებას თეოლოგთა სპეციალური კომისიის მიერ. მას შემდეგ რაც ახალი პრემიერ-მინისტრი მირზა ალი ასღარ ხან ამინ ალ-სულთანი მოკლეს, მირზა ნასრულა ხანმა კვლავ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა 1907 წლის 31 აგვისტოს. ირანის პირველი პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალურად ინსულტისგან), მაგრამ, ზოგიერთი ვარაუდით, მოწამლული იყო. ის დაკრძალეს თაჯრიშის შიიტურ მემორიალურ ტაძარში. მისი გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი მისმა უფროსმა ვაჟმა ჰასანმა დაიკავა, რომელიც წარუმატებლად ცდილობდა პარლამენტის დარწმუნებას მამის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაწყებულიყო.[4]