რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა
დაბადების თარიღი 31 ივლისი, 1938 (1938-07-31) (86 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტეს სარეჟისორო ფაკულტეტი (1956–1961)
პროფესია რეჟისორი
მეუღლე(ები) დუდანა კვესელავა (1939)
შვილ(ებ)ი გიორგი (1968), მიხეილი (1973).
მშობლები მამა: რობერტ ივანეს ძე სტურუა
დედა: ცუცა (მაყვალა) ბოლქვაძე.
ჯილდოები შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1981),
ინგლისური კრიტიკის პრემია (1980),
სსრკ სახალხო არტისტი (1982)

რობერტ სტურუა (დ. 31 ივლისი, 1938, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1982).

რეჟისორის მამა, რობერტ ივანეს ძე სტურუა ცნობილი მხატვარია, რომლის ნამუშევრები თბილისის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. დედა - ცუცა (მაყვალა) ბოლქვაძე. მეუღლე – დუდანა კვესელავა (1939). შვილები – გიორგი (1968), მიხეილი (1973).

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეტრში. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, 1980-2011 წლებში იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელიც.

1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე სტურუამ დადგა ა. მილერის „სეილემის პროცესი“, რამაც რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება მოუტანა. თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში, დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, რომელიც თ. ჩხეიძესთან ერთად დადგა. მნიშვნელოვანი წარმატება მოჰყვა სპექტაკლს „ხანუმა“, რომელშიც მხიარული, კომიკური, მაგრამ რეალისტური პერსონაჟები ბუნებრივად ებმებიან პირობით თამაშში.

1970-იან წლებში უკვე გაჩნდა ცნება „რობერტ სტურუას თეატრი“. პ. კაკაბაძის „ყვარყვარეში“ რეჟისორი სვამს სცენას ბ. ბრეხტის პიესიდან „არტურ უის კარიერა“. აქედან იწყება სტურუას შემოქმედებაში ბრეხტის პერიოდი, რაც რეალობის თეატრალურ მოდელირებას გულისხმობს. ამ დროს რეჟისორი მჭიდროდ თანამშრომლობდა რ. ჩხიკვაძესთან, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა სტურუას მსოფლიო მნიშვნელობის სპექტაკლებში: უ. შექსპირის „რიჩარდ III“ (1979) და ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ (1975).

1980-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სტურუას შემოქმედებაში. ამ პერიოდში იდგმება: თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ (1980), მ. შატროვის „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ (1980), რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ (1981), რ. იბრაგიმბეკოვის „დაკრძალვა კალიფორნიაში“ (1983) და ა.შ.

1987 წელს სტურუამ დადგა „მეფე ლირი“. მასში გამოიკვეთა რეჟისორის მიდრეკილება ფილოსოფიური რეჟისურისადმი, რომელშიც სამყაროს თეატრალური ხედვა ტრაგიკულ ფინალს ერწყმის. კალდერონის პიესით, „ცხოვრება სიზმარია“, სტურუას შემოქმედებაში უკვე მეტაფიზიკური რეალობა შემოდის.

1994 წელს სტურუამ ი. გოგებაშვილის დედაენის მიხედვით დადგა სპექტაკლს „იაკობის სახარება“. 1996 წელს იქმნება „ლამარა“, გ. რობაქიძის ლირიკულ-მითოლოგიური დრამის მიხედვით. 1997 წელს ლ. თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ განსაკუთრებით პოპულარული ხდება ახალგაზრდა თაობაში. 1998 წელს რეჟისორ დ. საყვარელიძესთან ერთად სტურუამ დადგა კ. გოცის პიესა „ქალი-გველი“. ამავე წელს მოსკოვში თეატრ „სატირიკონში“ იდგმება სტურუას „ჰამლეტი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს კ. რაიკინი. 2000 წელს ისევ მოსკოვში, თეატრში „Et cetera“ იდგმება „შეილოკი“ (უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ მიხედვით).

სტურუას ჰყავს ორი მუდმივი თანაავტორი: მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი და კომპოზიტორი გია ყანჩელი. რეჟისორი ბევრს მუშაობდა საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლეს, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის პიესები. მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სსრკ სახელმწიფო პრემია (1979)
  • რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია (2000)
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია (1996)
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია (1976)
  • საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1976)[1]
  • საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980)[2]
  • შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1981)
  • სსრკ სახალხო არტისტი (1982)
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია (1997)
  • ალ. ყაზბეგის სახელობის პრემია (1999)
  • ჩაპლინ-კლუბის პრემია (1998)
  • საქართველოს ღირსების ორდენი (1998)

საერთაშორისო პრემიები

  • ალბერტ შვეიცერის სახელობის პრემია (1975)
  • ინგლისური კრიტიკის პრემია (1980)
  • იტალიური კრიტიკის პრემია (1981)
  • არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია (1988)
  • რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრემია - „პრეზიდენტის ოქროს მედალი“ (1998)
  • „თოლია“, ყველაზე ორიგინალური რეჟისორული ინტერპრეტაციისთვის (მოსკოვი, 1998)
  • ფესტივალ „ბალტიური სახლის“ მთავარი პრემია (1998)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1976. №8. გვ. 252
  2. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1980. №6. გვ. 4