ტიტუშ (ტიტო) ბრეზოვაჩკი (ხორ. Tituš Brezovački, დ. 4 იანვარი, 1757, ზაგრები — გ. 29 ოქტომბერი, 1805, ზაგრები, ავსტრიის იმპერია) — ხორვატი მწერალი, პოეტი და დრამატურგი-კომედიოგრაფი განმანათლებლობის ეპოქიდან. მღვდელი.
ტიტუშ ბრეზოვაჩკი დაიბადა 1757 წლის 4 იანვარს ზაგრებში. თავდაპირველად განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ვარაჟდინში. 1773 წელს შეუერთდა კათოლიკე მონაზონთა პაულინების ორდენს.
1776 წლიდან ტიტუშ ბრეზოვაჩკი ლეპოგლავეში სწავლობდა თეოლოგიას, შემდეგ კი მან სწავლა გააგრძელა ბუდაპეშტში.
1781 წელს იგი პავლინელთა ვარაჟდინის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. მან 1786 წელს დატოვა ორდენი. ამის შემდგომში მღვდლად მსახურობდა ხორვატიის სხვადასხვა პარაკიაში: ზაგრებში, რაკოვიცაში, პოჟეგაში, კრჟიჟევციში და სხვაგან. სიცოცხლის ბოლოს კვლავ დაბრუნდა ზაგრებში, სადაც 1805 წელს ფილტვის დაავადებით გარდაიცვალა.
უპირველეს ყოვლისა ბრეზოვაჩკი ცნობილი იყო თავისი დრამატურგიული ნაწარმოებებით, რომლებიც ძირითადად ხორვატული ენის კაიკავური დიალექტით დაწერა. გარდა ამისა, წერდა გერმანულ და ლათინურ ენებზე. ეკლესიური სკოლებისთვის ბრეზოვაჩკიმ შექმნა აგიოგრაფიული დრამა „წმინდა ალექსი“ („Sveti Aleksi“, 1786), რომელიც დრამატურგიის კლასიკურ კანონებს შეესაბამებოდა. ამ ნაწარმოებში აღწერილია რომის სენატორის შვილის, ალექსის, ისტორია.
ყველაზე ცნობილი პოეტური ნაწარმოები, რომელიც ავტორმა ლათინურად დაწერა, არის ელეგია „Dalmatiae, Croatiae et Slavoniae, trium sororum…“, სადაც იგი მძაფრად იცავს ხორვატ ხალხსა და მის კულტურულ თვითმყოფადობას აგრესიული მაჯარიზაციის წინააღმდეგ.
მისი ყველაზე ცნობილი საერო კომედიებია: „მატიაშ გრაბანციაშ-დიაკონი“ (1804. 1929 წლიდან დღემდე იდგმება ტიტო სტროცის რედაქციით. რუსულ თარგმანში – „მატვეი-ჯადოქარი“) და „დიოგენი, ანუ ორი დაკარგული ძმის მსახური“ (1805. დადგმული 1925 წელს), რომლებშიც სატირულად არის ასახული ხანაბანდისა და წვრილი ბურჟუაზიის ცხოვრება.
კომედიებს გააჩნიათ დიადაქტიკური მიმართულება. მატიაშის (რომელიც შექმნილია გერმანული ჰანსვურცის ტრადიციაში) მხიარული გამოხტომების მეშვეობით, ტიტუშ ბრეზოვაჩკი ამხელს ცრურწმენებს როგორც ფეოდალური ეპოქის სულიერ მემკვიდრეობას, ასევე სოციალური ფენის მანკიერებებს — ოსტატების თაღლითობას, არისტოკრატთა უსაქმურობას. ის მზადაა გლეხებს უვიცობა აპატიოს, მაგრამ ვერ ეგუება თავადაზნაურთა პრივილეგიებს. მისი კრიტიკის ობიექტი ხდება თავადების ახალმოდური გატაცებები — მეჯლისები, წვეულებები, სათამაშოები.
მეორე პიესა წარმოადგენს სენტიმენტალური სიუჟეტის (ორი ძმის შესახებ, რომლებიც ბოლოს ერთმანეთს პოულობენ) და დიოგენის კომიკური პერიპეტიების შერწყმას. მოხერხებული და საზრიანი მსახური დიოგენი ერთდროულად მოქმედებს როგორც რეზონერი — გონივრული მოსაზრებების გამომთქმელი პერსონაჟი — და ასევე ხდება ინტრიგის წარმმართველი. კომედიაში წარმოდგენილია უარყოფითი ტიპაჟების გალერეა: უსაქმური ვეზირი, თაღლითი მმართველი, სპეკულანტი ვაჭარი, თაღლითი ექიმი და უვიცი დალაქი.