ჩილერ ილჰანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | თურქ. Çiler İlhan |
დაბადების თარიღი |
1972 დენიზლი, თურქეთი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
საქმიანობა | მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, ესეისტი |
ჯილდოები | ევროკავშირის პრემია ლიტერატურის დარგში (2011) |
საიტი | [[1]] |
ჩილერ ილჰანი ( თურქ . Çiler İlhan, 1972, დ. დენიზლი, თურქეთი ) — თურქი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი და უფლებადამცველი, ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის მფლობელი 2011 წელს. სამი წიგნის ავტორი. მისი წიგნები გამოიცა მსოფლიოს ოცზე მეტ ქვეყანაში.
ჩილერ ილჰანი დაიბადა 1972 წელს თურქეთის ქალაქ დენიზლიში და გაიზარდა იზმირში. [1]
დაწყებითი განათლება მიიღო 1979 - 1983 წლებში დენიზლის მერკეზეფენდის საშუალო სკოლაში. შემდეგ 1983 წლიდან 1990 წლამდე იყო იზმირის კერძო კოლეჯის სტუდენტი [1] .
მომავალმა მწერალმა სწავლა გააგძელა ბოსფორის უნივერსიტეტში, სადაც ეუფლებოდა საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკურ მეცნიერებებს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა შვეიცარიაში. [1] სადაც შევიდა სასტუმროს მართვის სკოლაში (Glion Hotel School). შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა თურქეთში, სტამბოლის სასტუმროში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად, ამავე დროს ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას: წერდა წიგნებს, ესეებს, სტატიებს, მუშაობდა რედაქტორად, მთარგმნელად და ლიტერატურათმცოდნედ. [1]
ჩილერ ილჰანი 2017 წელს ნიდერლანდებში გადავიდა საცხოვრებლად. ამჟამად მუშაობს ჟურნალ Condé Nast Traveler Türkiye- ის მთავარ რედაქტორად. [1]
ჩილერ ილჰანი თურქული და ჰოლანდიური PEN კლუბების (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრში მომუშავე პროფესიონალ მწერლებს, პოეტებსა და ჟურნალისტებს) წევრია. ის აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივი საქმიანობაში. როგორც უფლებადამცველი, საკუთარ სამშობლოში სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და ქალთა უფლებების მომხრეა. იბრძვის ოჯახურ ძალადობის და ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ თურქეთში.
ჩილერ ილჰანი ლექსების წერით პირველად 10 წლის ასაკში დაინტერესდა. კოლეჯში სწავლის დროს დაწერა თავისი პირველი დღიურები და თეატრალური პიესები. [1]
მომავალი მწერლის ლიტერატურული ნიჭი ყველაზე მეტად გამოვლინდა ბოსფორის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, სადაც, როგორც თავად აღნიშნავს, დაიწყო მოთხრობების წერა „შეგნებულად, საკუთარი სიტყვებით.“ [1]
1993 წელს მიიღო იაშარ ნაბის ახალგაზრდული პრიზის ჯილდო ნაწარმოებისთვის "გამოჩენილი მოთხრობა." [1]
ჩილერ ილჰანის მოთხრობები, ესეები, წიგნების მიმოხილვები, სამოგზაურო სტატიები და თარგმანები თურქულ ენაზე სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა არაერთ ჟურნალსა და გაზეთში. [2]
მწერალმა 2011 წელს მოიპოვა ევროკავშირის პრიზი ლიტერატურაში მოთხრობების კრებულისთვის „გადასახლება“. წიგნი წარმატებით გამოიცა ოცზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და მექსიკაში. ასევე, ჩილერ ილჰანის მიერ გამოცემულმა კრებულმა „გადასახლება“ მიიღო ლიტერატურული ჯილდო Prix Du Livre Lorientales 2017.
მწერალმა ასევე დიდი წვლილი შეიტანა 15-ზე მეტ ეროვნულ და საერთაშორისო ანთოლოგიაში.
2005 წელს მოთხრობა „ვულგატა“(“Vulgata”) გამოქვეყნდა კრებულში „1002 ღამის ზღაპრები“ .