ვალერიან თევზაძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თევზაძე (მრავალმნიშვნელოვანი).
ვალერიან თევზაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 10 თებერვალი, 1892
დაბადების ადგილი რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 13 დეკემბერი,1985
გარდაცვალების ადგილი ძერჟონიუვი, პოლონეთი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პოლონეთის დროშა პოლონეთი
ჯარის სახეობა Armia Krajowa
წოდება პოლკოვნიკი
(საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა)
ვიცე-პოლკოვნიკი (პოლონეთი)
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, პოლონეთში შეჭრა და Operation Tempest
ჯილდოები Silver Laurel of the Polish Academy of Literature‎ და Silver Cross of the Virtuti Militari
მემორიალური დაფა ვალერიან თევზაძის სახლის კედელზე ძერჟონიუვში

ვალერიან თევზაძე (დ. 10 თებერვალი, 1892 — გ. 13 დეკემბერი, 1985, ძერჟონიუვი, პოლონეთი) — ქართველი ოფიცერი, საქართველოსა და პოლონეთის სამხედრო მოღვაწე.

1914 წელს დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი. პირველი მსოფლიო ომის დროს კაპიტანი თევზაძე მსახურობდა რუსეთის არმიის კავკასიის მსროლელთა მე-8 პოლკში, სადაც, ქართველ ჯარისკაცთა შორის წერა-კითხვის გავრცელებას უწყობდა ხელს. 1917 წლის დეკემბერში თბილისში დაბრუნდა და მალე საქართველოს ჯარის შემადგენლობაში შევიდა. 1918-1921 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთთან, სომხეთთან, დენიკინელთა, მესხეთის აჯანყებულ მაჰმადიანთა და საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლებში. 1918 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება; დანიშნული იყო საქართველოს გენერალური შტაბის საჯარისო წესდებებისა და ინსტრუქციების შემმუშავებელი კომისიის მდივნად, რომელსაც თავმჯდომარეობდა გენერალი ილია ოდიშელიძე. ასრულებდა საიდუმლო სამხედრო მისიებს ოკუპირებულ აჭარასა და სოჭის ოლქში.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ჯერ თურქეთსა და გერმანიაში, შემდეგ კი — პოლონეთში. ჩაირიცხა პოლონეთის არმიაში, როგორც საკონტრაქტო ოფიცერი. 1923-1924 წლებში სწავლობდა პოლონეთის უმაღლეს სამხედრო სკოლაში, სადაც მოიპოვა დიპლომირებული ოფიცრის წოდება. 1928 წელს სწავლობდა სამხედრო გეოგრაფიის ინსტიტუტში. პარალელურად ასწავლიდა რემბერტოვის ქვეითთა საწვრთნელ ცენტრში. 1933 წელს ვარშავაში პოლონურ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი „კავკასია. გეოგრაფიული აღწერილობა“ (Kaukaz. Szkic Geograficzno-Opisowy). ვარშავაში იქორწინა პოლონელ ქალზე, მალგოჟატა ხმელნიკოვაზე.

1939 წელს გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის დროს სარდლობდა ვარშავის დაცვის ჩრდილოეთ სექტორს. დაჯილდოვდა პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი — Virtuti Militari-ის ვერცხლის ჯვრით. გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს ვერმახტის ქართველი ოფიცრების ჩარევით. Tomasz-ის ფსევდონიმით შეუერთდა პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობას. 1944 წელს დაინიშნა „არმია კრაიოვას“ მე-7 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად.[1]

1988 წლის მაისში პარიზში გამომავალ ჟურნალ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვალერიან თევზაძის მიერ პოლონურ ენაზე დაწერილი მემუარები სახელწოდებით „განვლლი გზა“, რომელიც ქართულად თარგმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილმა იუნკერმა, პოლონეთის არმიის კიდევ ერთმა ქართველმა ოფიცერმა ნიკოლოზ მათიკაშვილმა. 1990 წელს ეს მემუარები სათაურით „ქართველი ოფიცრის ჩანაწერები“ ცალკე წიგნად დაიბეჭდა თბილისში.[2] [3]

ომის შემდეგ საბჭოთა რეპრესიებისგან თავის დაღწევის მიზნით შეცვლილი სახელითა და გვარით (ვალერი კჟიჟანოვსკი, Walery Krzyżanowski) ცხოვრობდა და მუშაობდა ძერჟონიუვში (ქვემო სილეზია), სადაც გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად მის საფლავზე მინიშნებულია თევზაძის ნამდვილი სახელი და გვარი და აწერია ეპიტაფია: „როგორც ქართველი, ვისურვებდი, რომ საქართველოში ვყოფილიყავი დაკრძალული, მაგრამ ბედნიერი ვარ იმითაც, რომ დავიკრძალები გმირი და კეთილშობილი პოლონელების მიწაზე“. 2009 წლის 18 მარტს ძერჟონიუვში გაიხსნა თევზაძისადმი მიძღვნილი ობელისკი.[4]

  1. გრიშიკაშვილი, ამბროსი. ქართველები პოლონეთში. რედ. გ. ლორთქიფანიძე; თბ., 2006. ელ. ვერსია[მკვდარი ბმული]
  2. ვალერიან თევზაძე, ქართველი ოფიცრის ჩანაწერები, რედ. ო. ჟორდანია, თბ., 1990
  3. ქეთი ტოროტაძე, ორი ერის გმირი, ჟურნალი „ისტორიანი“, N12, 2011
  4. ინფორმაცია ქართველი ოფიცრის ობელისკის გახსნაში საქართველოს ელჩის მონაწილეობის შესახებ დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. . საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში. 2009 წლის 19 მარტი