კეროლ ბრაუნერი Carol Browner | |
თეთრი სახლის ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების სამმართველოს დირექტორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 იანვარი, 2009 – 3 მარტი, 2011 | |
პრეზიდენტი | ბარაკ ობამა |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 იანვარი, 1993 – 19 იანვარი, 2001 | |
პრეზიდენტი | ბილ კლინტონი |
წინამორბედი | უილიამ რაილი |
მემკვიდრე | კრისტინა ტოდ უიტმანი |
დაბადებული | 16 დეკემბერი, 1955 მაიამი, ფლორიდა, აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | მაიკლ პოდჰორზერი (გაშორებული), ტომას დაუნი (2007-დან) |
შვილები | ზაქარი ბრაუნერი |
განათლება | ფლორიდის უნივერსიტეტი |
პროფესია | ადვოკატი |
კეროლ მართა ბრაუნერი (ინგლ. Carol Martha Browner; დ. 16 დეკემბერი, 1955, მაიამი, ფლორიდა, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, გარემოს დამცველი და მეწარმე. 1993 წლიდან 2001 წლამდე პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში ეკავა გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა, ხოლო 2009 წლიდან 2011 წლამდე თეთრი სახლის ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების სამმართველოს ხელმძღვანელია.
კეროლ მართა ბრაუნერი დაიბადა 1955 წლის 16 დეკემბერს ფლორიდის შტატში, სადაც მოგვიანებით დაასრულა ფლორიდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ფლორიდის წარმომადგენელთა პალატაში მუშაობის შემდეგ, ლიბერალურმა აქტივისტთა ჯგუფმა Citizen Action კეროლ ბრაუნერი მიიწვიეს ვაშინგტონში სამუშაოდ. ძალიან მალე იგი გახდა სენატორების ლოტონ ჩაილზისა და ალბერტ გორის მრჩეველი. 1991 წლიდან 1993 წლამდე ხელმძღვანელობდა ფლორიდის ეკონომიკური რეგულირების დეპარტამენტს, რომელიც მისი ხელმძღვანელობით გახდა შტატის ერთ-ერთი აქტიური სამმართველო.
1993 წლიდან 2001 წლამდე კეროლ ბრაუნერი ხელმძღვანელობს აშშ-ის გარემოს დაცვის დეპარტამენტს. ორი ვადით აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის დროს მოახდინა სტრუქტურის რეორგანიზაცია და კურირებდა ორ ახალ ეკოლოგიურ პროგრამას, რომელიც გულისხმობდა სამრეწველო საწარმოებთან მოქნილ პარტნიორობას გარემოსდაცვით საკითხებზე.
2001 წელს კეროლ ბრაუნერი, ყოფილ სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტთან ერთად გახდა კონსალტინგური კომპანიის Albright Stonebridge Group-ის დამფუძნებელი. გარდა ამისა იგი დირექტორთა საბჭოში რამდენიმე გარემოსდაცვით კომიტეტში მუშაობდა. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს მიიღო მეტსახელი „კლიმატის დედოფალი“. მთელი 2010 წლის განმავლობაში, კეროლ ბრაუნერი იმყოფებოდა ფედერალურ კომისიაში Deepwater Horizon-ის ნავთობის პლატფორმაზე მომხდარი ავარიის მიზეზების გამოსაძიებლად.
კეროლ ბრაუნერი დაიბადა ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამში[1], იზაბელ ჰარტი-ჰიუგოსისა და მაიკლ ბრაუნერის ოჯახში. 1977 წელს ბრაუნერმა ფლორიდის უნივერსიტეტი დაამთავრა და მიიღო ხელოვნებისა და ინგლისური ენის ბაკალავრის ხარისხი. 1979 წელს დაასრულა ფლორიდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით[2].
1980-1981 წლებში მუშაობდა ფლორიდის წარმომადგენელთა პალატის სახელმწიფო ოპერაციების კომიტეტის მთავარ მრჩევლად. 1983 წელს გადავიდა ვაშინგტონში, სადაც მუშაობდა აქტივისტთა ჯგუფის Citizen Action-ის დირექტორის მოადგილედ (ორგანიზაცია მუშაობდა ბუნებისდაცვით საკითხებზე)[3].
1986 წლიდან 1988 წლამდე ბრაუნერს ეკავა დემოკრატი სენატორის ლოტონ ჩაილზის მთავარ საკანონმდებლო ასისტენტის თანამდებობა. 1989 წელს კი სენატის ენერგეტიკისა და ბუნების რესურსების კომიტეტის იურიდიული მრჩეველია. 1988-1991 წლებში კეროლ ბრაუნერი სენატორ ალბერტ გორის მთავარი საკანონმდებლო ასისტენტია.
1991-1993 წლებში ბრაუნერი ხელმძღვანელობდა ფლორიდის ეკოლოგიური რეგულირების დეპარტამენტს.
1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბრაუნერი დაინიშნა ვიცე-პრეზიდენტ ალბერტ გორის მრჩევლად. 1992 წლის 11 დეკემბერს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა გამოაცხადა კეროლ ბრაუნერის გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორის ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ. ამ თანამდებობაზე ორი ვადით მუშაობდა 1993 წლიდან 2001 წლამდე.
2008 წლის 15 დეკემბერს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრაუნერი დანიშნა ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების საკითხში თავის მრჩევლად[4]. ოფიციალურად იგი იყო თეთრი სახლის ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების სამმართველოს დირექტორი[5][6].
1983 წელს კეროლ ბრაუნერმა გაიცნო მაიკლ პოდჰორზერი, ორგანიზაცია Citizen Action-ის სპეციალისტი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში[7]. კეროლი და მაიკლი დაოჯახდნენ 1987 წელს[7]. შეეძინათ ერთი შვილი ზაქარი. 2007 წელს ბრაუნერი ცოლად გაჰყვა ტომას დაუნს, ყოფილ კონგრესმენს.