ფეხბურთი საქართველოში

ფეხბურთი საქართველოში წარმოადგენს სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობას. საქართველოში საფეხბურთო საქმიანობას წარმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც წარმოადგენს ქართულ ფეხბურთს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ორგანიზებას უწევს ფეხბურთში ეროვნულ დონეზე ყველა რანგისა და ფორმის შეჯიბრებას, ასევე, ხელმძღვანელობს და ზედამხედველობას უწევს საფეხბურთო საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გუნდების ფორმირებასა და მომზადებას. დღეისათვის საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბია თბილისის „დინამო“, რომლის რიგებშიც სხვადასხვა დროს ქართული ფეხბურთის ღირსებას იცავდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე, გაიოზ ჯეჯელავა, ავთანდილ ღოღობერიძე, შოთა იამანიძე, გივი ჩოხელი, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, მურთაზ ხურცილავა, მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, გელა კეტაშვილი, შოთა არველაძე, გიორგი ნემსაძე, კახა კალაძე, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე და სხვები, რომელთაც საერთაშორისო აღიარება მოუპოვეს ქართულ ფეხბურთს.

„დინამო“ (ბაქო) 1–1 „დინამო“ (თბ.). 05.02.1926

საშინაო შეჯიბრებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში საშინაო საფეხბურთო შეჯიბრებები და გათამაშებები იმართება საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის მიერ. უმაღლესი საფეხბურთო შეჯიბრებაა ეროვნული ლიგა, მას მოსდევს ეროვნული ლიგა 2, შემდეგ ლიგა 3, ლიგა 4 და რეგიონული ლიგა. საფეხბურთო ჩემპიონატებთან ერთად იმართება ასევე საქართველოს საფეხბურთო თასისა და საქართველოს საფეხბურთო სუპერთასის გათამაშება.

სათავეებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს ჩაისახა, ერთი მხრივ, დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ნავსადგურებში,[კომ. 1] ხოლო, მეორე მხრივ, თბილისში. ფეხბურთის გავრცელების მთავარი ცენტრი კი თბილისი იყო. თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის 1896 წლის ანგარიშიდან ჩანს, რომ ტანვარჯიშის გარდა აქ ფეხბურთისათვის ყველა საჭირო ინვენტარი გააჩნდათ და პირობებიც ჰქონდათ. ტანვარჯიშის მასწავლებლად მუშაობდა ჩეხი ბოგდან კარლოს ძე პეტუჩეკი, რომელიც კარგად იცნობდა ფეხბურთს. ვაჟთა გიმნაზიაში ტანვარჯიშის საქმის სათანადო სიმაღლეზე დაყენებისათვის 1896 წელს ჩეხეთიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს ანტონ ლუკეში — ჩეხეთის ტანვარჯიშული საზოგადოება „სოკოლის“ ერთ-ერთი გამოჩენილი წევრი. ლუკეშმა 1898 წელს ჩამოაყალიბა ტანვარჯიშის მოყვარულთა წრე, რომლის წევრები ვარჯიშობდნენ აგრეთვე მძლეოსნობაში და სავარაუდოდ ფეხბურთშიც.[1] თუმცა თბილისელებმა ფეხბურთზე ზოგი რამ უკვე იცოდნენ და ელემენტარული წარმოდგენაც ჰქონდათ, მაგრამ 1906 წლამდე სპორტის ამ სახეობას არავინ მისდევდა. ზოგჯერ ტანვარჯიშული საზოგადოება „სოკოლის“ წევრები გართობის ან ექსპერიმენტის სახით თუ შეეხებოდნენ ბურთს და მაღლა დარტყმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.[2]

1906 წელს თბილისის „სოკოლის“ პრეზიდიუმის წევრის ადოლფ ადოლფის ძე ელზინგერის თაოსნობით ჩამოყალიბდა „ბურთის ფეხით მოთამაშეთა“ პირველი გუნდი. პირველ ხანებში ფეხბურთის თამაში შემთხვევითი ხასიათისა იყო და უფრო ხშირად გიმნაზისტების ექსკურსიების დროს ტარდებოდა. მაგალითად, 1906 წლის 28 მაისს თერთმეტმა „სოკოლმა“ და ერთმა სტუმარმა მოაწყვეს ექსკურსია ლისის ტბის მიდამოებში, სადაც გაერთნენ, იჭიდავეს, იხტუნეს, შუბი და ბადრო ტყორცნეს, იცურავეს. ბოლოს დაეშვნენ ტაფობში გზატკეცილისაკენ და მალაკანთა უბანში ფეხბურთიც ითამაშეს, რაც თბილისის „სოკოლის“ 1906 წლის ანგარიშშიცაა ასახული: „ვითამაშეთ ფეხბურთის ორი პარტია და დღის 4 საათისათვის თბილისში დავბრუნდით“.[3]

ადოლფ ელზინგერი

თბილისელი კორესპონდენტი პ. ლოსოვსკი ფეხბურთის შესახებ წერდა: „1906 წლამდე ფეხბურთი თბილისში ნაკლებად იყო ცნობილი. მხოლოდ ადგილობრივი ტანვარჯიშული საზოგადოების აქტიური წევრები საზაფხულო არდადეგების დროს ქალაქგარეთ ერთმანეთში თუ გაითამაშებდნენ ერთ-ორ პარტიას, მაგრამ ორგანიზებულად ჩამოყალიბებული გუნდი არც მათ ჰყოლიათ“. მხოლოდ 1906 წლის ივნისში თბილისის ველოდრომზე, რომელიც კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ნ. ლგოტაკმა ჩამოაყალიბა პირველი, თუმცა არაოფიციალური, ბურთის ფეხით მოთამაშეთა პატარა წრე.[3] გუნდის ხელმძღვანელად და კაპიტნად აირჩიეს მ. ნ. ჰომერი. სპორტულ ფორმად მიღებული იყო წვივსახვევებში ჩატანებული ტილოს თეთრი შარვალი, პერანგის მსგავსი შავი მაისურები, ზემოდან სქელი, უსახელო ყვითელი წამოსასხამი მოძრაობას ზღუდავდა. ბუცების მაგივრობას ტლანქი წაღები, ხოლო საწვივეს — ტყავის პაჭიჭები ასრულებდნენ. ფეხბურთის მოყვარულთა წრის წევრები ყოველთვიურად ერთ მანეთს იხდიდნენ. სიცხის გამო თამაშებს კვირაში ორჯერ აწყობდნენ და იმასაც საღამოს 9 საათიდან ელექტრონის შუქზე. მ. ჰომერის გარდაცვალების შემდეგ წრეს სათავეში ჩაუდგა თბილისის ტანვარჯიშული საზოგადოება „სოკოლის“ წევრი ადოლფ ელზინგერი, რომელმაც ინგლისურიდან თარგმნა ფეხბურთის თამაშის წესები.[4]

1907 წლის 1 იანვრისათვის ფეხბურთის მოყვარულთა წრეში 18 წევრი და 5 დამსწრე ირიცხებოდა. მაგრამ ხელისუფლებამ მოითხოვა წრის ოფიციალური გაფორმება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელებს აეკრძალათ არათუ ბურთის თამაში, არამედ თავშეყრაც კი. საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური ისტორიული არქივის ფონდში აღმოჩნდა საქმე რომელიც თბილისში ფეხბურთის პირველი ოფიციალური გუნდის ჩამოყალიბების ისტორიისათვის შეიცავს ზუსტ და საინტერესო ცნობებს. ეს საქმე ეკუთვნის თბილისის გუბერნატორის კანცელარიის საერთო განყოფილებას და ეწოდება — „კოლეჟის ასესორის ა. ა. ელზინგერისა და სხვა პირთა შუამდგომლობა თბილისში ფეხბურთის თამაშის მოყვარულთა წრის დაარსების შესახებ“. საქმეში ჩაკერებული მიმოწერა დაწყებულია 1906 წლის მიწურულში და დამთავრებულია 1907 წელს. როგორც ამ საქმიდან ჩანს, თბილისში ფეხბურთის მოყვარულთა წრის ჩამოყალიბების ორგანიზატორებს თბილისის გუბერნიის მმართველობისათვის მიუმართავთ განცხადებით, რომელშიც უთხოვიათ ფეხბურთის ოფიციალური გუნდის შექმნის ნებართვა.[5]

დღეისათვის არსებული მონაცემებით საქართველოდან მარგანეცის გატანა 1879 წელს დაიწყეს და ქართული ფეხბურთის დაბადების სავარაუდო თარიღადაც სწორედ ამ წელს მიიჩნევენ. დაზუსტებით უცნობია, რომელი გემი მოადგა პირველად ფოთის პორტს და რომელმა უცხოელმა ფეხბურთელმა გააგორა პირველად ბურთი ქართულ მიწაზე. ცნობილ სპორტულ ჟურნალისტს, ოთარ გაგუას ეს სავარაუდო ეპიზოდი ასე აქვს აღწერილი:

„მოდით, ასეთი სცენა წარმოვიდგინოთ: ფოთის ნავსადგურში ინგლისური გემი დგას. დგომა კი დიდხანს მოუწევს — არავინ იცის, რამდენ დღეს გაგრძელდება მარგანეცის ჩატვირთვა. ჰოდა ეს მეზღვაურებიც დროის მოსაკლავად უახლოეს მდელოზე ბურთს აგორებენ, რაც ადგილობრივი ბიჭების ყურადღებას იპყრობს. თამაში, რომელსაც ისინი თამაშობენ, ფოთელებს არასოდეს უნახავთ. თანდათან, ამ ცქერა-ყურებაში თამაშის არსიც გაიგეს: ორ ჯგუფად გაყოფილნი ცდილობდნენ ქვების გროვით მდელოს ბოლოში მინიშნულ მიზანში, ერთი კაცი რომ იცავდა, ბურთი გაეტანათ. ეს ახლაა ადვილი გასაგები „ბურთი“, თორემ მაშინ ეს ტყავის სფერო, რომელშიც კაცმა არ იცის როგორ იტუმბებოდა ჰაერი, უცნაურ ასოციაციებს იწვევდა, რადგან არაფრით შეესატყვისებოდა იგივე დასახელების საგანს, რომლითაც ქართველები ლელოს თამაშობდნენ.“

ფოთელი ვეტერანი ფეხბურთელი გრიგოლ ხორავა საქართველოში გამართულ ერთ-ერთ პირველ საფეხბურთო მატჩს შემდეგნაირად იხსენებს:

„იმ დღეს ერთმანეთს გემბანისა და სამანქანო განყოფილების გუნდები ეჯიბრებოდნენ. პირველს გემის კაპიტანი მეთაურობდა, მეორეს — უფროსი მექანიკოსი. თამაში ხშირად წყდებოდა, ფეხბურთელები კამათობდნენ. სამანქანო განყოფილებამ გაიმარჯვა. გაბრაზებულმა კაპიტანმა უფროსი მექანიკოსი... კრივში გამოიწვია და მუშტის ძლიერი დარტყმით ძირს დასცა. ჩვენ გვეგონა ჩხუბსა და აყალმაყალს ასტეხდნენ, მაგრამ მათ ვაჟკაცურად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და ვითომც აქ არაფერიაო, ერთად გაეშურნენ გემზე.“

ფოთელებს თამაში თავიდანვე მოეწონათ და 1906 წელს ნიკო ნიკოლაძის ვაჟმა — გიორგი ნიკოლაძემ ქალაქში ფეხბურთელთა პირველი გუნდი შეკრიბა, რომლის ბაზაზეც ორ წელიწადში უკვე ოფიციალურად მოხდა საფეხბურთო გუნდის დაფუძნება — ინგლისური მარგანეცის კონცესიის წარმომადგენლისა და ყოფილი ფეხბურთელის ოსკარ ზივერტის ხელმძღვანელობით, რომელიც გუნდის მფარველისა და კაპიტნის ფუნქციებს ერთდროულად ითავსებდა.[კომ. 2]

თავიდან ფოთელები ხშირად აგებდნენ, შემდეგ კი მოგებებსაც გაუშინაურდნენ. ქართული ფეხბურთის „პირველ მერცხლებს“ შორის იყვნენ: ალექსანდრე კაჭარავა, ვიქტორ ყურუა, ვიაჩესლავ ობიანსკი, ვანიჩქა დიდია, ვლადიმერ პაიჭაძე, რუბენ ალხაზოვი, შურა ქავთარაძე, ვანიჩქა კვაჭაძე და სხვები, მათ შორის ორი იტალიელი — გლაჯო და ლუიჯი.

ოსკარ ზივერტმა მუხლის ტრავმის გამო სრულფასოვანი თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და იძულებული გახდა მწვრთნელობაზე გადართულიყო, გუნდის კაპიტნობა კი მისმა შვილმა — ედუარდმა ითავა. ახლა ფოთელები ხშირად ამარცხებდნენ ინგლისელებს — მოგებულს ჯილდოდ წაგებულის ფორმა რჩებოდა. გუნდს დაემატნენ: ლადო გაბუნია, გოგი გოგინავა, მეკარე შალიკო დარჩია, ეფრემ ლაითაძე, პეტია ლუკიანოვი, შალვა პაიჭაძე, გრიგოლ ღოღობერიძე, იონა ყურუა, ვალოდია ცომაია, გრიგოლ ხორავა.

1922 წელს მათ ვანო მიქაძე დაემატათ სოხუმიდან. გუნდს, რომელსაც „უნიტა“ დაერქვა, კოლია გოგინავა კაპიტნობდა. შემდეგ გამოჩნდნენ „ურანი“, „რემედასი“, ფოთის I და II გუნდები. „ურანში“ ედუარდ ნიკოლაიშვილი, ცაგუ ჭითანავა, მიშა ანთაძე, აკაკი ჟღენტი, ვალოდია შუბლაძე, მიშა ზემლიცკი, ვასიკო შუბლაძე, საშა ალიმონაკი, გიგა ლეჟავა, გრიშა იმნაძე, ანდრო გაბუნია, ვალია პაიჭაძე თამაშობდნენ. II გუნდის შემადგენლობაში: დუშა ვეკუა, მიტრო ასათიანი („მაკრატელას“ ოსტატი), პანაი კურჩიდი, კაკო აფხაზავა, კოტე გუნია, ფედია სეროპინასი, ფანტი კვანტალიანი, მაყა ხორავა და სხვები. I გუნდი კი თითქმის მთლიანად „უნიტას“ შემადგენლობა იყო ჯარჯი ნიკოლაიშვილით გაძლიერებული.

შემდეგ ბორის პაიჭაძის თაობა წამოვიდა, — ბავშვობაში ე.წ. „ჩხარტიშვილის მინდორზე“ რომ ისწავლეს ბურთაობა. ამ თაობის წარმომადგენელი კაკო იმნაძე იმ პერიოდის შესახებ იხსენებს:

„ჩემს ბავშვობაში ფოთის პორტში მსოფლიოს ყველა ქვეყნის გემს ნახავდით. გაჰქონდათ და გაჰქონდათ ქართული მარგანეცი. მაშინ მარგანეცს პირდაპირ გოდრებით ტვირთავდნენ. ამიტომ ბუნებრივია, გემები თვეობით რჩებოდნენ. ძირითადად ინგლისური გემები შემოდიოდნენ, თუმცა იყვნენ ფრანგები, იტალიელები და ბერძნებიც. პორტთან ახლოს ინგლისელმა მეზღვაურებმა სტადიონი მოაწყვეს და ყოველდღე, როცა თავისუფალი დრო ჰქონდათ, ფეხბურთს თამაშობდნენ. ის სტადიონი მეც კარგად მახსოვს, ისეთი დრენაჟი ჰქონდა, რაც არ უნდა ეწვიმა, გუბე მაინც არ დარჩებოდა მოედანზე. ნელ-ნელა მათგან ჩვენც ვისწავლეთ ფეხბურთის თამაში. ბურთი მაშინ ძნელი საშოვნი იყო და მე და ჩემი სიყრმის მეგობრები — გრიშა გაგუა, ვანიჩქა კინწურეიშვილი, საშა ელიავა, კაკო ყალიჩავა, ალბერტ კომახიანი, გვაჩი ჯორბენაძე, ბორია პაიჭაძე სასაკლაოში დავდიოდით, რათა ძროხის ან კამეჩის ბუშტი გვეშოვა. როგორც კი ბუშტს მოვიხელთებდით, ძველ ფეხბურთელთან, დუშა ვეკუასთან გავრბოდით, რომელიც სახელდახელოდ გვიმზადებდა ბურთებს. ხან ერთმანეთში ვთამაშობდით, ხანაც ინგლისელებს ვეპაექრებოდით. მოედნის გარშემო იმდენი მაყურებელი იყრიდა თავს, რომ ნემსი არსად ჩავარდებოდა. ფოთი მაშინ პატარა ქალაქი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაშებს მაყურებელი არასდროს აკლდა. პატარები ვიყავით და ერთი სული გვქონდა, იმ ბრწყინვალე გაზონზე როდის გავაგორებდით ბურთს. მერე უფროსებმა ფორმები შეგვიძინეს და მოგეცათ ლხენა, როდესაც მოვიზარდეთ, თითქმის ყველა ჩვენთაგანმა თბილისის „დინამოს“ მაისური ჩაიცვა.“

ერთ-ერთი პირველი ქართველი ფეხბურთელის, ივანე (ღოღო) ხოფერიას ნაამბობიდან:

„ომამდე ხშირად მუსიკის აკომპანემენტით ვთამაშობდით. ძველი ფეხბურთელი კაკო ჟღენტი გვიკეთებდა რკინის ქაცვებს ბუცებზე, წვივსაფრებად კი ბამბუკის შუაში გახერხილ ღეროებს ვხმარობდით, თუმცა ტრავმები მაინც ძალზე იშვიათად იყო. მოედანი ახლა რომ წისქვილკომბინატია პორტში, იმის ადგილზე იყო. მახსოვს, უფროსები ინგლისელებს ფეხბურთის ფორმაზე ეთამაშებოდნენ. ჩვენების მოგების შემთხვევაში, რაკიღა ფორმის იქვე გადაცემა დიდ სირცხვილად და უხერხულად ითვლებოდა, ინგლისელები ზღვაში რომ გავიდოდნენ, ხის ყუთში აწყობდნენ ფორმებს და ზღვაში აგდებდნენ, ჩვენები კი შეცურდებოდნენ და ნაპირზე გამოჰქონდათ. არ მახსოვს ინგლისელებს ოდესმე სიტყვა გაეტეხოთ, მუდამ ჯენტლმენურად ასრულებდნენ წაგებულის პირობას. ომი რომ დაიწყო, მოხალისედ წავედი, ხარკოვთან ტყვედ ჩავავარდი. ომის დამთავრების შემდეგ ჰოლანდიაში და საფრანგეთში ვიყავი, სად აღარ მითამაშია ფეხბურთი. მერე ესტონეთში ვთამაშობდი, 1946 წელს კი ანდრო ჟორდანიამ ჩამომიყვანა. მერე რაკიღა მენისკი დამემართა, 1948 წლიდან 23 წელი ვიყავი ფოთის კოლხეთის სათავეში. გუნდს რომ უჭირდა, საკუთარი სახლიდან ვეზიდებოდი საჭმელ-სასმელს. ერთხელ ერთ მსაჯს საკუთარი მაცივარიც კი გავატანე, მაგრამ ვისაც კი ახსოვს, დამეთანხმება, რომ ცხონებულ დედაჩემზე დიდი ფეხბურთის გულშემატკივარი ფოთში არ ყოფილა — ეს მოხუცი ქალი გასვლით თამაშებზეც კი დაგვყვებოდა.“

თბილისის პირველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზღვისპირეთიდან ფეხბურთი სწრაფად გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მალე მისი განვითარების ცენტრად თბილისი იქცა. 1906 წელს თბილისში პირველი საფეხბურთო წრე („ბურთის ფეხით მოთამაშეთა“ ე. წ. „კრუჟოკი“) ჩამოყალიბდა. ამ საქმის თაოსანი იყო ტანვარჯიშული საზოგადოება „სოკოლის“ პრეზიდიუმის წევრი ადოლფ ელზინგერი. მანვე თარგმნა ინგლისურიდან ფეხბურთის წესები. პირველ ხანებში ფეხბურთის მატჩებს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა და უმთავრესად გიმნაზიელთა ექსკურსიებზე ტარდებოდა, თუმცა მალე ვითარება შეიცვალა. 1907 წლის 23 თებერვალს თბილისის გუბერნიის საზოგადო საქმეთა საკრებულომ განიხილა ფეხბურთელთა პირველი ოფიციალური გუნდის, „კომეტის“ განცხადება და მცირე შეზღუდვებით მისი წესდებაც დაამტკიცა. ამის მიუხედავად, თბილისში საფეხბურთო მატჩის გამართვა კიდევ კარგა ხანს ვერ მოხერხდა, ვინაიდან „კომეტას“ მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.

1908–09 წლებში ფეხბურთელთა გუნდები შეიქმნა თბილისის სასწავლებლებში. 1909 წლის 22 ოქტომბერს ქუთაისში ექსკურსიაზე მყოფმა თბილისის ვაჟთა I და II გიმნაზიების გუნდებმა საქართველოში პირველი ოფიციალური საჩვენებელი მატჩი გამართეს. შეხვედრა ხოპელ კაზაკთა პოლკის მოედანზე მოეწყო და მას ქუთაისის გუბერნატორიც ესწრებოდა. 1912 წელს ჩატარდა თბილისის პირველობა, რომელიც I გიმნაზიის გამარჯვებით დამთავრდა. ამავე ხანებში ათეულობით გუნდი ჩამოყალიბდა სოხუმში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის წლებში საფეხბურთო ცხოვრების რიტმი შესამჩნევად შეიცვალა, დამოუკიდებელ საქართველოში (1918–1921) ასამდე გუნდი მაინც არსებობდა. იმ დროს საქართველოში ვერ შეიქმნა ერთიანი საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც შეძლებდა ფიფას წევრი გამხდარიყო.

ამხანაგური შეხვედრების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა ქალაქების პირველობებს. იმ პერიოდში საფეხბურთო მატჩების უმრავლესობა დიდუბეში, იპოდრომზე, დღევანდელი „დინამოს“ სტადიონის ადგილას იმართებოდა. 1912 წელს, ელიზავეტას (ახლანდელ მიხეილ წინამძღვრიშვილის) ქუჩაზე, დაახლოებით, ყოფილი დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა თბილისურ სპორტსაზოგადოება „სოკოლის“ საფეხბურთო გუნდსა და ბაქოს საფეხბურთო გუნდ „ბრიტანულ კლუბს“ შორის. მატჩი ბაქოელებმა ანგარიშით 5–4 მოიგეს.

გასაბჭოების შემდეგ თბილისში რამდენიმე საფეხბურთო კლუბი თუ გუნდი ჩამოყალიბდა, მათ შორის: „ავტოკლუბი“, „ამირანი“, „არმ-კლუბი“ „არსენალი“, „არსრაიონი“, „დინამო“, „დურუჯი“, „თბილისის ქვეითთა პოლკი“, „ლენრაიონი“, „მელითონე“, „პოლიტეხნიკუმი“, „პროლეტარი“, „სობეზი“, „ტრიუმფი“, „ქართული პოლკი“, „ქართული სამხედრო სკოლა“, „ჯავშნიანი ნაწილი“, „წ.ა.ფ.ს.“ (წითელი არმიისა და ფლოტის სახლის გუნდი), „ჯავშნიანი ნაწილი“ და სხვ.

1923 წელს გაიმართა პირველი შეჯიბრება თბილისის პირველობაზე, რომელშიც მონაწილეობდა 27 გუნდი. საგაზაფხულო გათამაშებებში გაიმარჯვა არმიის კლუბის გუნდმა, რომელშიც გამოდიოდნენ ბ. სკოლზნევი, ლ. ფრეი, შ. ზუბიევი, ა. გონელი, ნ. ხრომოვი, კ. კრავჩენკო, დ. მდივანი, ვ. შერშოვი, ბ. კულვეცი, ნ. გოლუბევი. საშემოდგომო გათამაშებებში გაიმარჯვა „ავიაციამ“.[6]

1926 წლის 28 მარტს დაიწყო თბილისის საგაზაფხულო სეზონის პირველობის გათამაშება, რომლის მონაწილე გუნდები სამ კატეგორიად იყვნენ დაყოფილები. პირველში 6 გუნდი, მეორეში — 12, ხოლო მესამეში — 25 გუნდი იყო წარმოდგენილი.

1935 წელს თბილისის პირველობაზე ოთხი გუნდი მონაწილეობდა: „დინამო“, ზიი, ტსპო და ცეკავშირი: დინამოელთა რიგები ასე გამოიყურებოდა: ნ. ანიკინი, მ. ასლამაზოვი, ბ. ბერძენიშვილი, მ. ბერძენიშვილი, ვ. ბერძენიშვილი, გ. გაგუა, ა. დოროხოვი, ლ. კინწურაშვილი, ე. ნიკოლაიშვილი, ა. პანინი, ნ. სომოვი, შ. შავგულიძე. ტსპო-ს გუნდში გამოდიოდნენ: გ. აფრიდონიძე, ბ. ვორონინი, ბ. კიკვაძე, ს. შუდრა, ნ. ჩხატარაშვილი, შ. ჩხატარაშვილი და სხვები. თბილისის ჩემპიონის წოდება ზიი-მ მას შემდეგ მოიპოვა, რაც ქალაქის პირველობის ბოლო შეხვედრაში „დინამო“ ანგარიშით 4–2 დაამარცხა.[7]

საქართველოს ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წლისთვის საქართველოში უკვე 120 გუნდი იყო, თუმცა უმრავლესობას სავარჯიშოდ მუდმივი ადგილი არ ჰქონდა და არც მწვრთნელი ჰყავდა. 1925 წელს გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი 6 გუნდის მონაწილეობით. ფინალში თბილისის ნაკრებმა აფხაზეთის ნაკრებს 3–1 მოუგო.[8]

1920-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ჩემპიონატი 1927[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხი წლის შემდეგ, 1927 წელს მოეწყო საქართველოს პირველი ჩემპიონატი, რომელშიც გამოდიოდა ოთხი ქალაქის — თბილისის, სოხუმის, ბათუმისა და ფოთის გუნდები. ამ ტურნირის შედეგები ასეთია:

ბათუმი 2–1 თბილისი, ბათუმი 2–1 ფოთი, ბათუმი 3–0 სოხუმი, თბილისი 3–1 ფოთი, თბილისი 3–0 სოხუმი, ფოთი 5–1 სოხუმი.[9][6]

გათამაშების ცხრილში ადგილები ასე გადანაწილდა:
გუნდი გბ მბ ბს შენიშვნა(1)
ბათუმი 3 3 0 0 7 2 +5 9
თბილისი 3 2 0 1 7 3 +4 7
ფოთი 3 1 0 2 7 6 +1 5
4 სოხუმი 3 0 0 3 1 11 -10 3
(1) შენიშვნა: გუნდებს გამარჯვებისთვის ერიცხებოდათ 3 ქულა, მატჩის ფრედ დამთავრებისთვის — 2, წაგებისთვის — 1, გამოუცხადებლობა — 0.

ამრიგად, საქართველოს პირველი ჩემპიონები გახდნენ ბათუმელი ფეხბურთელები.

საქართველოს ჩემპიონატი 1928[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომდევნო, 1928 წელს ამ ოთხეულს დაემატა გორის ნაკრები, რომელმაც სუსტად იასპარეზა. ბრძოლა უმთავრესად ისევ ბათუმისა და თბილისის გუნდებს შორის გაიმართა, რომელიც ამჯერად დედაქალაქის ფეხბურთელთა გამარჯვებით დამთავრდა.[6][10]

გათამაშების ცხრილში ადგილები ასე გადანაწილდა:
გუნდი გბ მბ ბს შენიშვნა
თბილისი 4 3 1 0 14 2 +12 7
ბათუმი 4 2 1 1 12 1 +11 5
სოხუმი 4 1 2 1 6 8 -2 4
4 ფოთი 4 1 2 1 3 6 -3 4
5 გორი 4 0 0 4 3 21 -18 0

1930-1950[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927–1939 წლებში თბილისში არსებობდა ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა, რომელიც პირველი და ერთადერთი საფეხბურთო სკოლა იყო საკავშირო მასშტაბით და რომელსაც სათავეში ედგა იმ პერიოდის ცნობილი თბილისელი ფეხბურთის სპეციალისტი, შემდგომში თბილისის „დინამოსა“ (1942–1945) და თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი და ფეხბურთის თეორეტიკოსი ასირ გალპერინი. თბილისის ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლაში, რომელსაც ქართული ფეხბურთის ისტორიის მკვლევარები თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის წინამორბედად მიიჩნევენ — სულ ხუთი საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა: „აისი“, „ბეღურა“, „იმედი“, „მოლოტი“ და „სიხარული“. საწვრთნელი ვარჯიშები ვაკეში, მომავალი „ლოკომოტივის“ სტადიონის ტერიტორიაზე იმართებოდა.

თბილისის ნაკრები 1935[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წლის 20 ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდა საბჭოთა კავშირის მეხუთე ჩემპიონატი ქალაქთა ნაკრებ გუნდებს შორის.[11] ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა პირველი ჯგუფის მონაწილე ექვსი ქალაქის — კიევის, ხარკოვის, მოსკოვის, ლენინგრადის, ბაქოსა და თბილისის ნაკრებ გუნდებს შორის უნდა გარკვეულიყო. ტურნირი ტარდებოდა წრიული სისტემით ერთ წრეში ერთ-ერთი მოწინააღმდეგის ან ნეიტრალურ მოედანზე. თბილისელებმა 5 ჩატარებული მატჩიდან სამი დათმეს, ერთი ფრედ დაამთავრეს, ერთი მოიგეს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავეს, ბურთების შეფარდებით 6–21-თან.[12] ამ ხუთი შეხვედრიდან ოთხში დოროხოვმა ითამაშა, ხოლო ერთში თბილისელთა კარს ნიკოლაი სოლონინი იცავდა.[13][კომ. 3]

გათამაშების საბოლოო შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკრები გუნდები 1 2 3 4 5 6
მოსკოვის ნაკრები 2:1 2:3 2:0 7:1 11:2 5 4 0 1 24–7 13
ლენინგრადის ნაკრები 1:2 4:1 3:1 0:2 6:1 5 3 0 2 14–7 11
ხარკოვის ნაკრები 3:2 1:4 1:2 2:0 2:2 5 2 1 2 9–10 10
4 კიევის ნაკრები 0:2 1:3 2:1 1:1 2:0 5 2 1 2 6–7 10
5 ბაქოს ნაკრები 1:7 2:0 0:2 1:1 0:1 5 1 1 3 4–11 8
6 თბილისის ნაკრები 2:11 1:6 2:2 0:2 1:0 5 1 1 3 6–21 8
  • ქულათა დარიცხვის სისტემა: 3 ქულა გამარჯვებისთვის, 2 — ფრისთვის, 1 — წაგებისთვის, 0 — გამოუცხადებლობისთვის.

ამიერკავკასიის ნაკრები 1935[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისელმა ფეხბურთელებმა ამიერკავკასიის ნაკრების შემადგენლობაში, რომლის კარსაც დოროხოვი იცავდა, მონაწილეობა მიიღეს სკანდინავიის ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო ტურნეში.[14] პირველი შეხვედრა 30 აგვისტოს, გეტებორგში, საფეხბურთო კლუბ „გორდასთან“ გაიმართა და ფრედ (3–3) დამთავრდა.[15]

საერთო ჯამში ტურნეს ფარგლებში ჩატარებული შვიდი მატჩიდან ამიერკავკასიის ნაკრების ფეხბურთელებმა ოთხი მოიგეს, ერთი დათმეს და ორიც ფრედ დაამთავრეს. თბილისის დინამოელთაგან ამიერკავკასიის ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდნენ შოთა შავგულიძე, მიხეილ ბერძენიშვილი, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ ანიკინი, ილია პანინი და ლევან აბაშიძე.[16][13]

ტურნედან დაბრუნების შემდეგ 26 სექტემბერს, ამიერკავკასიელებმა ლენინგრადის ნაკრებთან ლენინგრადშივე გამართეს შეხვედრა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით (2–0) დასრულდა.[17]

საკავშირო ჩემპიონატი 1936[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წელს, „დიდი ფეხბურთის“ პირველ სეზონში თბილისის „დინამომ“ უფლება მოიპოვა შემოდგომაზე უძლიერესთა რიგებში ეასპარეზა. გუნდის უფროს მწვრთნელად ჟიულ ლიმბეკი დაინიშნა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდული გუნდის ფორმირებაში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სსრ კავშირის თასის ფინალში გავიდა.

1936 წლის 7 სექტემბერს, თბილისის „დინამოს“ ისტორიაში საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის „დინამოს“ სტადიონმა უმასპინძლა.[18] თბილისელები კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრას 10 ათასი მაყურებელი დაესწრო. ამ ისტორიულ მატჩში თბილისელთა გუნდის ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე,[კომ. 4] ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი და ნიკოლოზ სომოვი. ანგარიში მატჩის მე-3 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, ბურთი შჩეგოცკიმ გაიტანა (0–1). მე-17 წუთზე თბილისელთა თავდამსხმელმა ნიკოლოზ სომოვმა ანგარიში გაქვითა (1–1).[19] პირველი ტაიმის მიწურულს პაიჭაძემ კვლავ დააწინაურა თავისი გუნდი (2–1). შეხვედრის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით აღინიშნა, თუმცა მატჩის დამთავრებამდე სამიოდე წუთით ადრე მსაჯმა ვასილიევმა თბილისელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, კიეველთა ნახევარმცველმა ვლადიმერ გრებერმა ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრაც ფრედ, 2–2 დამთავრდა.[20][21][22][კომ. 5]

საქართველოს ჩემპიონატი 1936[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს 1936 წლის ჩემპიონი თბილისის ზიი-ს სახელით მოასპარეზე ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე სოხუმის „დინამო“ გავიდა, მესამეზე — ბათუმის „დინამო“.[6]

საკავშირო ჩემპიონატი 1937[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წლის „А“ ჯგუფის საკავშირო პირველობაზე თბილისის „დინამომ“ 16 მატჩი გამართა, რომელთაგან 7 მოიგო, 5 დათმო, 4 ფრედ დაასრულა და საბოლოოდ გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზე გავიდა. ბორის პაიჭაძე მოსკოვის დინამოელ ვასილი სმირნოვთან და მოსკოვის სპარტაკელ ლეონიდ რუმიანცევთან ერთად რვა გატანილი ბურთით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 1937 წლის სეზონის საჩემპიონატო შეხვედრებში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე დოროხოვი (16 მატჩი), ბორის პაიჭაძე (16 მატჩი, 8 გოლი), თენგიზ გავაშელი (16,4), გიორგი ჭუმბურიძე (15), ვლადიმერ ჯორბენაძე (15,1), შოთა შავგულიძე (15), მიხეილ ბერძენიშვილი (14,2), მიხეილ მინაევი (13,1), ვლადიმერ ბერძენიშვილი (12,3), ნიკოლოზ სომოვი (11,4), გრიგოლ გაგუა (11), მიხეილ ასლამაზოვი (9,4) არჩილ კიკნაძე (8), ლუარსაბ ლოლაძე (5), ედუარდ ნიკოლაიშვილი (3), გიორგი აფრიდონიძე (3), ბორის ფროლოვი (3), გაიოზ ჯეჯელავა (2).[23]

პირველი საერთაშორისო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წლის 24 ივლისს გაიმართა თბილისის „დინამოს“ პირველი საერთაშორისო შეხვედრა ბასკეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ.[24] შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 40 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩზე ბილეთების მოთხოვნილება აღემატებოდა 110 ათასს, აქედან ორ მესამედზე მეტი, ადგილის სიმცირის გამო დაუკმაყოფილებელი დარჩა.[25][26] დინამოელთა ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (), გიორგი ჭუმბურიძე, ვლადიმერ ჯორბენაძე, მიხეილ მინაევი, გრიგოლ გაგუა, თენგიზ გავაშელი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, ლუარსაბ ლოლაძე, მიხეილ ასლამაზოვი (ვლადიმერ ბერძენიშვილი, 65). მწვრთნელი: ალექსეი სოკოლოვი.[27][28] ბასკეთის ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდნენ: გრეგორიო ბლასკო, პაბლო ბარხოსი (პედრო არესუ, 21), სერაფინ აედო, ლეონარდო სილაურენი, ხოსე მუგუერსა, რობერტო ეჩებარია, გილიერმო გოროსტისა (), პედრო რეგეირო, ისიდრო ლანგარა, ენრიკო ლარინაგა, ემილიო ალონსო. მწვრთნელი: პედრო ვალიანო.[კომ. 6]მატჩი ბასკების გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დამთავრდა.[29][30][31][კომ. 7] პირველი ბურთი მატჩის 35-ე წუთზე ისიდრო ლანგარამ გაიტანა,[32] ხოლო მეორე ბურთი შეხვედრის 89-ე წუთზე გავიდა, როდესაც დინამოელთა კართან კუთხურის მოწოდებისას, დოროხოვმა მაღალ ნახტომში მოიგერია, მაგრამ ბურთი შემთხვევით მოხვდა მიანევს და კარში შეგორდა.[33][34][35][36]

1937 წლის 30 ივლისს გაიმარა მეორე საერთაშორისო შეხვედრა. ამჯერად, ბასკეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ითამაშა.[37][38] შეხვედრა კვლავ თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას წინა მატჩის მსგავსად 40 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (), გიორგი ჭუმბურიძე, ვლადიმერ ჯორბენაძე, მიხეილ მინაევი, გრიგოლ გაგუა (ნიკოლოზ ანიკინი, 46), თენგიზ გავაშელი, მიხეილ ბერძენიშვილი (ლუარსაბ ლოლაძე, 32), ბორის პაიჭაძე (გიორგი ვაჩნაძე, 83),[39] ლუარსაბ ლოლაძე, ვლადიმერ ბერძენიშვილი (მიხეილ ასლამაზოვი, 46), გაიოზ ჯეჯელავა (გიორგი აფრიდონიძე, 46). მატჩი კვლავ ბასკების გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დამთავრდა. მასპინძელთაგან ერთადერთი ბურთი გრეგორიო ბლასკოს კარში 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით გაიტანა ბორის პაიჭაძემ.[29][40]

საქართველოს თასი 1944[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წლის შემოდგომაზე საქართველოს სსრ თასის გათამაშება გაიმართა, რომელშიც 12 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სოხუმის „დინამოს“ გარდა,[კომ. 8] აფხაზეთიდან გათამაშებაში ოჩამჩირის საფეხბურთო ნაკრებიც მონაწილეობდა. სოხუმელმა ფეხბურთელებმა მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარეს. მათ ჯერ მახარაძის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით — 9–0, ხოლო შემდეგ თბილისის „შრომითი რეზერვების“ გუნდს მოუგეს — 6–1 და ფინალში ქუთაისის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტი შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე შედგა და დიხამინჯიას და ვარდიმიადის გოლებს წყალობით კვლავ სოხუმელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დასრულდა. სოხუმის დინამოელები პირველად გახდნენ საქართველოს სსრ თასის მფლობელები. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა კლუბის არსებობის ისტორიაში.[41]

საქართველოს თასი 1947[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947 წლის საქართველოს სსრ თასის გათამაშებაში სოხუმის „დინამომ“ მეორედ შეძლო ტურნირის ფინალში გასვლა. მათ თანამიმდევრობით დაამარცხეს ბათუმის „ბურევესტნიკი“ (7–0), მახარაძის (+–-), ოჩამჩირისა (4–2) და ზესტაფონის (4–2) საფეხბურთო ნაკრებები და ფინალში ბათუმის „დინამოს“ პირისპირ წარდგნენ. ბათუმელებმა, თავის მხრივ, ქუთაისის „დინამოსა“ და გუდაუთის ნაკრების გამოუცხადებლობის შემდეგ, მეოთხედფინალურ ეტაპზე ზუგდიდის ნაკრები დაამარცხეს — 5–1, ხოლო ნახევარფინალში, თბილისის 35-ე სკოლის ფეხბურთელთა გუნდი — 3–0. სოხუმისა და ბათუმის დინამოელთა ფინალური შეხვედრა ამჯერად ბათუმელთა გამარჯვებით — 2–0 დამთავრდა. ბათუმის დინამოელებმა კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვეს საქართველოს სსრ თასის მფლობელთა საპატიო ტიტული.

საქართველოს ჩემპიონატი 1948[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის საქართველოს სსრ საფეხბურთო ჩემპიონატის გათამაშებაში 44-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონის ტიტულის მთავარ პრეტენდენტებად სოხუმისა და ქუთაისის დინამოელები განიხილებოდნენ. განვლილ ჩემპიონატზე სოხუმელებმა შეძლეს ქუთაისელთა დამარცხება, თუმცა, ამჯერად ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოახერხეს რევანშის აღება და სოხუმელ თანაკლუბელებს მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი მარცხი აგემეს (5–2), ხოლო თავის მხრივ ორ ფრეს დასჯერდნენ ბათუმისა (1–1) და ფოთის (2–2) დინამოელებთან შეხვედრებში. შედეგად, გათამაშების ბოლო ტურისთვის არსებული მაჩვენებლებით ორივე გუნდს, ქულათა თანაბარი რაოდენობა აღმოაჩნდა და ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი მატჩი დაინიშნა. გადამწყვეტ შეხვედრაში სოხუმელმა ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს (4–2) და ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონის წოდება.

1950-1970[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია შოთა იამანიძეს, რომელმაც როგორც გუნდის კაპიტანმა, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, უდიდესი წვლილი შეიტანა მესამე თაობის დინამოელთა „ოქროს გუნდის“ ფორმირებასა და მის ისტორიულ წარმატებაში. იგი იყო პირველი კაპიტანი თბილისის „დინამოს“ ისტორიაში, რომელმაც ფეხბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის თასი აღმართა. შოთა იამანიძის „დინამოში“ მოსვლა ქართულ ფეხბურთში არსებულ კრიზისს დაემთხვა, რაც ძირითადად თაობათა ცვლით იყო გამოწვეული. ამას დაემატა „დინამოს“ უფროსი მწვრთნელების ყოველწლიური ცვლა ხუთი საფეხბურთო სეზონის განმავლობაში (1954–1958), რა დროსაც გუნდმა ხუთი მწვრთნელი გამოიცვალა: ბორის პაიჭაძე, ანდრო ჟორდანია, გაიოზ ჯეჯელავა, გრიგოლ გაგუა და ვასილი სოკოლოვი. მათგან მხოლოდ გაიოზ ჯეჯელავას მოუწია ორი სეზონის განმავლობაში (1956–57) გუნდთან მუშაობა. დროის იმ ხუთწლიან მონაკვეთში გუნდმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ორჯერ მე-9 ადგილი (1955, 1958), ორჯერ მე-8 (1954, 1956) და ერთხელ მე-7 ადგილი დაიკავა (1957). ამ ხუთწლიანი ჩავარდნის შემდეგ, მხოლოდ 1959 წელს შეძლო „დინამომ“ უძლიერესთა რიგებში დაბრუნება, როდესაც გუნდს გამოჩენილი ქართველი მწვრთნელი ანდრო ჟორდანია დაუბრუნდა.

საკავშირო ჩემპიონატი 1964[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკავშირო სარბიელზე პირველ დიდ წარმატებას თბილისის დინამოელებმა 1964 წელს მიაღწიეს, როდესაც ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში 4–1 დაამარცხეს მოსკოვის „ტორპედო“ და საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდება მოიპოვეს. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. იმ დროს დინამოელთა მთავარი მწვრთნელი იყო ფეხბურთის ცნობილი რუსი სპეციალისტი გავრილ კაჩალინი, ხოლო გუნდის კაპიტანი — შოთა იამანიძე. ეს შეხვედრა „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. პირველ საჩემპიონო სეზონში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს.

1970-1990[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკავშირო მეორე ლიგა 1977[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წლის საფეხბურთო სეზონში სოხუმის დინამოელებმა მეორე ლიგის მეორე ზონაში იასპარეზეს საქართველოს გუნდების — ლანჩხუთის „გურიას“ ზუგდიდის და ბათუმის „დინამოს“, სამტრედიის „ლოკომოტივის“, გორის „დილას“ და თბილისის „სპარტაკის“ პარალელურად, სოხუმის „დინამოს“ მეტოქეები იყვნენ ნალჩიკის „სპარტაკი“, მახაჩყალის „დინამო“, ლენინაკანის „შირაკი“, სამტრედიის „ლოკომოტივი“ და სხვა. 22 გუნდს შორის სოხუმის დინამოელებმა მე-14 ადგილი დაიკავეს, გუნდმა 42 შეხვედრაში 14 მოიგო, 11 დამთავრდა ფრედ, ხოლო 17 მატჩში განიცადა დამარცხება. ბურთების შეფარდება 47–62.

საქართველოს ჩემპიონატი 1977[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს 1977 წლის ჩემპიონი გალის „მზიური“ გახდა. მეორე ადგილზე ჭიათურის „მაღაროელი“, ხოლო მესამეზე ტყიბულის „მეშახტე“ გავიდა. პირველობის გამარჯვებულმა გუნდმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: მ. ანთია, ვ. ვენეცკი, ბ გუგუჩია, ა. ესიპოვი, ო. ზაქარაია, კ. ზარატიადი, ა. კალანდია, ა. კვეკვესკირი, ნ. ოსტროვსკი, ვ. ფიფია, მ. საჯაია, ბ. ხარაბაძე, ა. შონია. უფროსი მწვრთნელი — ა. გრძელიძე, მწვრთნელი — ჯ. ანჯაფარიძე.[42]

საკავშირო ჩემპიონატი 1978[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკავშირო პირველობაზე მეორე დიდ წარმატებას თბილისის დინამოელებმა 1978 წელს მიაღწიეს. იმ დროს დინამოელთა მთავარი მწვრთნელი იყო ნოდარ ახალკაცი, ხოლო გუნდის კაპიტანი — მანუჩარ მაჩაიძე. მეორე საჩემპიონო სეზონში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: მანუჩარ მაჩაიძე (30 თამაში), ვახტანგ ქორიძე (30), რამაზ შენგელია (28), ფირუზ კანთელაძე (26), ვლადიმერ გუცაევი (26), დავით ყიფიანი (25), ალექსანდრე ჩივაძე (25), დავით გოგია (25), გოჩა მაჩაიძე (23), შოთა ხინჩაგაშვილი (21), ვიტალი დარასელია (18), ნოდარ ხიზანიშვილი (15), დავით მუჯირი (15), თამაზ კოსტავა (14), რევაზ ჩელებაძე (12), ოთარ გაბელია (9), თენგიზ სულაქველიძე (8), ვახტანგ კოპალეიშვილი (6), ილია რუხაძე (4), ამირან მინაშვილი (4), ნოდარ ბაზაზაშვილი (3), ტარიელ დურდიაძე (3), გიორგი ჭილაია (1), დიმიტრი გოგოლაძე (1).

1990-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლის დასაწყისში ეროვნული მოძრაობის დაჟინებული მოთხოვნით, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, პირველი ლიგისა და მეორე ლიგის გათამაშების მონაწილე ქართულ გუნდებს პროტესტის ნიშნად უარი უნდა განეცხადებინათ საკავშირო ჩემპიონატში მონაწილეობაზე, დაეტოვებინათ აღნიშნული პირველობა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გაეგრძელებინათ ასპარეზობა. საკითხის კატეგორიულად დასმამ საქართველოს საფეხბურთო საზოგადოების ორად გაყოფა გამოიწვია. ქართული ფეხბურთის მესვეურთა ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ერთი მხრივ, ყველა ქართული კლუბის ერთიანად ჩამოცილება საკავშირო პირველობიდან და მეორე მხრივ, მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებისთვის აუცილებელი სათანადო პირობების მომზადების გარეშე, მათი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ნაჩქარევად გადართვა ბუნებრივად გამოიწვევდა, როგორც საკუთრივ კლუბების, ასევე, მთლიანად ქართული ფეხბურთის დონის გარდაუვალ და მკვეთრ დაცემას. ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის საზიანო, არასასურველი პროცესების განვითარებისა და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მათი თვალსაზრისით, ქართული კლუბებიდან რამდენიმე მათგანს მაინც უნდა შენარჩუნებოდა საკავშირო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება. უმრავლესობა კი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას ემხრობოდა.

1990 წლის 15 თებერვალს შეიქმნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომლის პირველ პრეზიდენტადაც ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. დამოუკიდებელი ფედერაციის პირველმა ყრილობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება — ყველა ქართულ გუნდს დაეტოვებინა საბჭოური შეჯიბრებები. იმავე წელს გაიმართა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ჩემპიონატი და თასის გათამაშება. ორწლიანი იზოლაციის შემდეგ, 1992 წლის 25 თებერვალს, ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯერ დროებით წევრად მიიღო, იმავე წლის 3 ივლისს კი მუდმივი წევრის სტატუსიც მიანიჭა. მალე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას წევრიც გახდა. მას შემდეგ, 1993 წლიდან ქართული საფეხბურთო კლუბები ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობენ, 1994 წლიდან კი საქართველოს ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე გამოდიან.

2000-2020[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2024 წლის 26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, როდესაც თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართულ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. დაძაბული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე, 0–0 დასრულდა. 11-მეტრიანების სერიაში საქართველოს ნაკრებმა 4–2 მოიგო. პენალტები ზუსტად გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა, ლაშა დვალმა და ნიკა კვეკვესკირმა შეასრულეს. გიორგი მამარდაშვილმა კი, მეტოქის პირველი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.[43]

მოვლენები და თარიღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1956 წლის დეკემბერში ფოთის „ვოდნიკის“ სტადიონზე გაიმართა მატჩი ადგილობრივ ნაკრებ გუნდსა და ქალაქის ვეტერან ფეხბურთელებს შორის, რომლებიც წინათ რესპუბლიკის წამყვან გუნდებში თამაშობდნენ. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოწვია. გულშემატკივართა შორის იყვნენ ძველი ფეხბურთელები, რომლებიც თავის დროზე ფოთის სპორტულ პრესტიჟს იცავდნენ ინგლისელ მეზღვაურებთან შეხვედრებში.[კომ. 9]მატჩის სანახავად მოვიდა ფეხბურთის გულშემატკივარი 1908 წლიდან ლ. განგია. ვეტერანთა შემადგენლობაში იყვნენ ვლადიმერ ჯორბენაძე, ვ. კინწურაშვილი, ოთარ კინწურეიშვილი, ლუარსაბ ლოლაძე, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ პაიჭაძე, აკაკი ყალიჩავა, გიორგი ანთაძე და სხვები.[კომ. 10] თამაში დამთავრდა ანგარიშით 5–2 ვეტერანთა სასარგებლოდ.[44][45]
  • 1966 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად საუკეთესოთა ათეულში ფეხბურთელთაგან მხოლოდ სლავა მეტრეველი მოხვდა.
  • 1969 წლის 16 ივლისს თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა საერთაშორის ამხანაგური შეხვედრა თბილისის „დინამოსა“ და მონტევიდეოს „ნასიონალს“ შორის, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც მიხეილ მესხის გამოსათხოვარი მატჩი. მიხეილ მესხმა შეხვედრის მხოლოდ პირველი ნახევარი ითამაშა,[კომ. 11] რის შემდეგაც თანაგუნდელებმა, ურუგვაელმა ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ქართველი გარემარბი ოვაციების თანხლებით გააცილეს დიდი ფეხბურთიდან.[კომ. 12][კომ. 13][48]
  • 1976 წელს ქუთაისში ქართული ფილმების პირველი ფესტივალი გაიმართა, სადაც დოკუმენტური ფილმისთვის განკუთვნილი მთავარი პრიზი, საქართველოს სპორტკომიტეტის სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, წილად ხვდა რეჟისორ ოთარ გურგენიძის შოთა იამანიძისადმი მიძღვნილ ფილმს — „მშვიდობით, კაპიტანო“.[51]
  • 1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, გულშემატკივრებმა[კომ. 15] საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად ბორის პაიჭაძე საქართველოს XX საუკუნის მეორე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[52][53]
  • 2005 წელს ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონს მიხეილ მესხის სახელი მიენიჭა.
  • ქართული ფეხბურთის საუკუნოვან ისტორიას ასახავს კინორეჟისორ გოგი თორაძის 30-წუთიანი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი „ჩვენი ფეხბურთი“, რომელიც 2013 წლის ნოემბერში ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალზე („სპორტი კინოსა და ტელევიზიაში“) საუკეთესო დოკუმენტურ ნამუშევართა შორის დაასახელეს და მილანის კინოფესტივალის საგზური მოიპოვა. იმავე წლის დეკემბერში იტალიის ქალაქ მილანში ჟიურიმ ქართველი კინორეჟისორის ნამუშევარი მაღალ დონეზე შეაფასა და მსოფლიოს 54 ქვეყნის სპორტის თემატიკაზე შექმნილ 150-მდე ფილმს შორის „ჩვენს ფეხბურთს“ საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატობა მიანიჭა.[55]
  • 2016 წლის 8 ივნისს, გრიბოედოვის თეატრის მცირე დარბაზში სპორტული ჟურნალისტის, მწერლისა და ფოტოგრაფის დემიკო ლოლაძის წიგნის „სლავა მეტრეველი — ოცნების ფეხბურთელი“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის დაწყებამდე თეატრის ფოიეში სლავა მეტრეველისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო 27 უნიკალური ფოტო მეტრეველთა ოჯახის პირადი არქივიდან.[კომ. 18]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ლელო“
1949 · 1950 · 1951 · 1952
თემატური სტატიები
ი. კაციტაძე · ა. რონდელი · დ. ქლიბაძე

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოში ფეხბურთი ფოთის პორტიდან შემოვიდა, რომლის მშენებლობაც 1863 წელს დაიწყო. ამავე წელს ფეხბურთის სამშობლოში ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია დაფუძნდა (ინგლ. The Football Association, FA).
  2. იმავე პერიოდში (1906) საფეხბურთო გუნდი თბილისშიც დაარსდა — ჩეხი საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის იაროსლავ იოსების ძე სვატოშის (Jaroslav Svatoš) ძალისხმევითა და დამსახურებით. მან XIX საუკუნის ბოლოს პრაღის სპორტსაზოგადოება „სოკოლიდან“ საქართველოში ტანვარჯიშის მწვრთნელები მოიწვია, რომლებმაც სპორტული სექცია „სოკოლი“ ჩამოაყალიბეს — 1906 წლიდან „შევარდენი“, რომლის ხელმძღვანელთა შორის იყვნენ ა. ლუკეში, ი. ნოვაკი და გ. ეგნატაშვილი.
  3. საბჭოთა კავშირის მეხუთე ჩემპიონატზე ქალაქთა ნაკრებ გუნდებს შორის თბილისის ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ალექსანდრე დოროხოვი (4), შოთა შავგულიძე (5), გიორგი ჭუმბურიძე (5), მიხეილ მინაევი (5), ლევან აბაშიძე (4), ნიკოლოზ ანიკინი (4), ილია პანინი (5), მიხეილ ბერძენიშვილი (5), გიორგი ვაჩნაძე (4), აკაკი ყალიჩავა (4), ვახტანგ რამიშვილი (3), მიხეილ ბოლოტინი (3), ნიკოლაი სოლონინი (1), მიხეილ ასლამაზოვი (2), ა. ფოჩხუა (1), გ. ქებაძე (1), მიხეილ იამშანოვი (1). გუნდის წარმომადგენელი ი. კრემერი. შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემულია ჩატარებული მატჩების რაოდენობა.
  4. შეხვედრის მეოთხე წუთზე შოთა შავგულიძე ედუარდ ნიკოლაიშვილმა შეცვალა.
  5. სხვა წყაროების მიხედვით პენალტი თბილისელთა კარში გაიტანა არა ვლადიმერ გრებერმა, არამედ კონსტანტინე შჩეგოცკიმ. იხ. გაზ. „ფიზკულტურელი“, 07.09.1936 // ციტატა:„... За три минуты до конца игры судья тов. Васильев назначает штрафной удар пенальти в ворота Тбилиси, успешно реализованный Щегодским. Счет 2–2 не меняется до конца игры. Таким образом, свой первый матч по группе «А» тбилисцы закончили вничью получив 2 очка из 3 возможных.“.
  6. ციტატა: „...ბასკთა ლიდერებად სამართლიანად ითვლებოდნენ 1934 წლის მუნდიალის მონაწილენი: ხოსე მუგუერსა, ხოსე ირარაგორი, ლეონარდო სილაურენი (რომელიც მსოფლიო პირველობის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს), ისიდრო ლანგარა და ძმები რეგეიროები“. იხ. ბარათაშვილი, ბიძინა. „ეუსკადი“ „ბასკთა ქვეყანა“ და მისი გმირები // Voyager by solo, 2017, № 7, გვ. 75.
  7. გიორგი ჭუმბურიძე იხსენებს: „1937 წელს თბილისს ესტუმრა ბასკონიის ცნობილი ნაკრები, რომელმაც აქ ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩაატარა თბილისის „დინამოსთან“ და საქართველოს ნაკრებთან. მე ორივე მატჩი თავიდან ბოლომდე ვითამაშე, პრესის კარგი შეფასებაც დავიმსახურე. პერსონალურ დარაჯად ვედექი განთქმულ ფეხბურთელს გოროსტიცას. როგორც შემეძლო შევეცადე და გოროსტიცას ბურთზე ფეხი არ დავაკარებინე. ერთ-ერთ მომენტში, როცა მას კვლავ ავართვი ბურთი, გაგულისებულმა გოროსტიცამ... ხელი მომიქნია. ეს გოროსტიცა იყო, თორემ სხვას, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ამას არ ვაპატიებდი“.
  8. საქართველოს სსრ თასის 1944 წლის გათამაშებაზე სოხუმელი ფეხბურთელები სოხუმის ნაკრების სახელით გამოდიოდნენ.
  9. ი. ყურუა, ძმები გოგინავები, ა. თურქიანი, გ. ხორავა, მ. გვალია და სხვ.
  10. სხვადასხვა მიზეზების გამო თამაშზე ვერ ჩამოვიდნენ ცნობილი ფოთელი ფეხბურთელები — გრიგოლ გაგუა, ასლან ხარბედია, აკაკი ელიავა, ვლადიმერ ბერძენიშვილი, ჯანსუღ კინწურეიშვილი და ტიტე ჯორჯიკია.
  11. თვითმხილველთა შეფასებით ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მისი შესრულებით, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ურუგვაელ ფეხბურთელებსა და „ნასიონალის“ სამწვრთნელო შტაბზე.
  12. ციტატა: „...გათავდა ტაიმი და თბილისის „დინამოსა“ და მონტევიდოს „ნასიონალის“ არცერთი მოთამაშე არ გასულა მინდვრიდან. ყველა აქ იყო, ყველა გარს ეხვია დიდ ფეხბურთელს, რომელსაც მხრებზე აყვანილს დაატარებდნენ მინდვრის გარშემო. და, იცით ვინ იყვნენ ისინი, ვინც მიშა მხრებზე შეისვა? ურუგვაელი ფეხბურთელები, რომლებმაც დინამოელებს გამოსტაცეს იგი და თვითონ შემოატარეს მინდორს.“ — იხ. ქორიძე, რ. დიდოსტატი ეთხოვება მინდორს // „ლელო“, 19 ივლისი, 1969, № 139 (3878), გვ. 3.
  13. ციტატა: „...Матч был прощальным для одного из выдающихся советских футболистов Михаила Месхи. Уругвайцы на плечах пронесли его по всему полю под аплодисменты зрителей.“ — იხ. «Насьональ» дебютирует в Тбилиси // Газета «Советский спорт» (Москва) от 17 марта 1969 года.
  14. ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ბორის პაიჭაძემ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა მხატვრულ ფილმში „პირველი მერცხალი“. მის შესახებ მსახიობი დიმა ჯაიანი შემდეგს იხსენებდა: „ბორის პაიჭაძე ძალიან არტისტული ადამიანი იყო. მთელი ევროპა „კარუზოს“ ეძახდა. მის თამაშს სამწუხაროდ ვერ მოვესწარი. აბა, მოუყევი ბიჭებს რამეო — ეტყოდა დოდო აბაშიძე და ისიც გვიამბობდა საინტერესო ეპიზოდებს. ჩვენც გატრუნულნი ვუსმენდით. მაშინ ამბობდნენ, ბორის პაიჭაძეს მარჯვენა ფეხი „დალუქული“ ჰქონდა, ამ ფეხით ვერ დაარტყამდა კარშიო. ნეტავ ვინ იგონებს ამგვარ ამბებსო, — იცინოდა. — ერთადერთი, რუმინეთში იყო, ბურთს დავარტყი და კარის ძელი გავტეხეო. ეს მომენტი ფილმში შეიტანა ქალბატონმა ნანამ. როცა ტელევიზიით ფეხბურთს ვუყურებდით, ხმას ჩაუწევდა ხოლმე. კომენტატორი ან ეროსი უნდა ყოფილიყო, ან კოტე მახარაძე, რომ ხმა არ ჩაეწია. სულით და გულით გვავარჯიშებდა ფეხბურთში. ყველას ჰგონია, ფილმში ჩვენი ფეხები არ არის და პროფესიონალი ფეხბურთელებია გადაღებული. ასე არ არის, ჩვენ ვართ. ამის მისაღწევად არაადამიანურად გვაშრომებდა ბატონი ბორისი. დილის რვა საათზე გვაღვიძებდა და რამდენიმე საათის განმავლობაში მინდორზე გვარბენინებდა. ყველაზე მონდომებული ბატონი დოდო აბაშიძე იყო, გვჯობდა კიდეც სირბილში“.
  15. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა.
  16. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის მიხეილ მესხის ქანდაკება თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიხსნა. ის ბრინჯაოშია ჩამოსხმული და გრანიტის კვარცხლბეკზე დგას, ძეგლის ავტორი მოქანდაკე გოგი შხვაცაბაიაა. აღსანიშნავია, რომ მიხეილ მესხი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ნატურალურ ზომებში ქანდაკება დაუდგეს.
  17. მიხეილ მესხს მისივე სახელობის სტადიონზე ძეგლი გაუხსნეს.
  18. სლავა მეტრეველი მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს, სიტყვით გამოვიდნენ ნიკალაი სვენტიცკი, დიმა ჯაიანი, ავთანდილ საყვარელიძე, გურანდა გაბუნია, როინ მეტრეველი, რევაზ მიშველაძე, გია დავითიანი, ფრიდონ თოდუა, გია გვაზავა, მაყვალა გონაშვილი, ერეკლე საღლიანი, გულბათ ტორაძე, მურთაზ ხურცილავა, მანუჩარ მაჩაიძე, ვაჟა აზარაშვილი, ვახტანგ ცხადაძე. საღამო მუსიკალურად გააფორმა „ცისფერმა ტრიომ“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 12
  2. ცამციშვილი, ა., 1960, გვ. 4
  3. 3.0 3.1 ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 13
  4. ცამციშვილი, ა., 1960, გვ. 5
  5. ცამციშვილი, ა., 1960, გვ. 6
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 აკოფოვი, გ., 1975, გვ. 56–57
  7. გაგუა, ო., 1975, გვ. 39.
  8. ფეხბურთი // ქართული სპორტი
  9. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 112
  10. რედ. (12 მაისი, 1928). „სრ საქ. ფიზკულტურის დღესასწაულისათვის · დღესასწაულის ჩატარების გეგმა“ (PDF). nplg.gov.ge. თბ.: „კომუნისტი“, № 108 (2151), გვ. 4. ციტატა: „ფეხბურთი — მონაწილეობენ თბილისი, აფხაზეთი, აჭარისტანი, ფოთი და გორი (13–13 კაცი).“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  11. Шваб, Пaвел Гaвpилoвич., 1994, გვ. 26
  12. ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 53
  13. 13.0 13.1 Сезон команды — 1935 год. dinamo-tbilisi.ru
  14. ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 49
  15. «Горда» (Швеция) 3–3 Сб. Закавказья // 30 августа 1935 года. Гетеборг
  16. Турне Сборной Закавказья по Скандинавии. dinamo-tbilisi.ru
  17. Сб. Ленинграда 2–0 Сб. Закавказья // 26 сентября 1935 года. Ленинград
  18. მამულაშვილი, ვ., 1957, გვ. 16–18.
  19. ზუსტად 60 წლის წინ // „ლელო“, 7 სექტემბერი, 1996, № 54 (11014), გვ. 1, 4.
  20. «Динамо» Тб. 2–2 «Динамо» Киев // Чемпионат СССР 1936 (о). Группа «А»
  21. Динамо (Тб.) 2–2 Динамо (Киев). fc-dynamo.ru.
  22. Динамо (Тб.) 2–2 Динамо (Киев) // 07.09.1936. Тбилиси. Стадион «Динамо»
  23. Состав команды «Динамо» Тбилиси в сезоне 1937.
  24. ბასკეთის ნაკრები თბილისში და „დინამოს“ პირველი საერთაშორისო მატჩი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-17. ციტირების თარიღი: 2024-06-06.
  25. დღეს სტადიონზე // „კომუნისტი“, 24 ივლისი, 1937, № 168 (4969), გვ. 4.
  26. ბასკთა ქვეყანა — თბილისი // „კომუნისტი“, 26 ივლისი, 1937, № 169 (4970), გვ. 4.
  27. თბილისის „დინამოს“ პირველი საერთაშორისო მატჩი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-02. ციტირების თარიღი: 2024-06-06.
  28. მახარაძე, გიორგი., 1984, გვ. 75.
  29. 29.0 29.1 ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 71.
  30. მახარაძე, გიორგი., 1984, გვ. 75–91.
  31. მამულაშვილი, ვ., 1957, გვ. 28–31.
  32. მახარაძე, გიორგი., 1984, გვ. 81.
  33. მახარაძე, გიორგი., 1984, გვ. 83.
  34. «Динамо» (Тб.) 0–2 Сборная Басконии. 24.07.1937
  35. «Динамо» (Тб.) 0–2 Сборная Басконии. dinamo-tbilisi.ru
  36. 1937 Dynamo (Tbilisi) - Basque Country 0-2 Friendly football match // YouTube
  37. ბასკთა ქვეყანა — საქართველო // „კომუნისტი“, 01.08.1937, № 174 (4975), გვ. 4.
  38. მახარაძე, გიორგი., 1984, გვ. 87.
  39. მხეიძე, ილია. ძველი ვარსკვლავის გზანი // „სარბიელი“, 13.09.1997, № 109 (474), გვ. 7.
  40. ნოზაძე, ოთარ. დადუმებული ბანჯო // „კავკასიონი“, 13.01.1996, № 5 (299), გვ. 12.
  41. «Динамо» Сухуми 2–1 «Динамо» Кутаиси // FootballFacts.ru
  42. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1978, გვ. 50
  43. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
  44. თამაშობენ „მოხუცები“ // „ლელო“, 16 დეკემბერი, 1956, № 101 (1011), გვ. 4.
  45. თამაშობენ „მოხუცები“ // „ლელო“, 16 დეკემბერი, 1956, № 101 (1011), გვ. 4.
  46. პაიჭაძე და ძმანი მისნი... // „ლელო“, 16 მაისი, 1968, № 95 (3579), გვ. 2–3.
  47. 1921–1968: საქართველოს ნაკრები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-01. ციტირების თარიღი: 2024-06-06.
  48. «Динамо» Тб. 0–0 «Насьональ» Монтевидео // 16 июля 1969 года. Тбилиси
  49. პირველი მერცხალი (1975) // georgian-cinema.ge
  50. პირველი მერცხალი: ერის ისტორიული ცხოვრების ალეგორია. fortuna.ge
  51. შოთა იამანიძეზე გადაღებული ფილმი
  52. XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 2024-06-06.
  53. საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
  54. „სახალხო გაზეთის“ ვერსიით // „ლელო“, 09.01.2001.
  55. მილანის ფესტივალზე პირველობა ერგო // „საქართველოს რესპუბლიკა“, 19.12.2013.
  56. მიხეილ მესხის ძეგლი „მიხეილ მესხზე“. worldsport.ge
  57. თბილისში ლეგენდარული მიხეილ მესხის ძეგლი გაიხსნა