ხენანის მუზეუმი

ხენანის მუზეუმი
34°47′20″ ჩ. გ. 113°39′58″ ა. გ. / 34.7888889° ჩ. გ. 113.6661111° ა. გ. / 34.7888889; 113.6661111
დაარსდა 10 ოქტომბერი, 1928 წ.
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
მდებარეობა Jinshui District
ოფიციალური საიტი http://www.chnmus.net/ და http://english.chnmus.net/
Map

ხენანის მუზეუმი (ჩინ.: 河南省) — ისტორიული და არქეოლოგიური მუზეუმი ჭენჭოუში, ხენანის პროვინციაში, ჩინეთი. მუზეუმის კოლექცია მოიცავს 130 000-ზე მეტ კულტურულ რელიქვიას სხვადასხვა ეპოქიდან. გარდა ისტორიული კოლექციებისა, მუზეუმში ასევე განთავსებულია ბუნების მრავალი რელიქვია, მათ შორის დინოზავრის ძვლები და ნამარხები. ხენანის მუზეუმის თანამედროვე შენობა, რომელიც 1997 წელს გაიხსნა, მოიცავს 100 000 კვადრატულ ფუტზე მეტ ფართობს, ხოლო მთლიანად მისი ფართი 78 000 კვადრატული ფუტია.[1]

ფლეიტა, ხენანის მუზეუმში.

ამჟამად მუზეუმს აქვს 130 000-ზე მეტი კულტურული რელიქვია-ნიმუში, რომელთაგან 5 000-ზე მეტი კლასიფიცირებულია პირველ და მეორე ხარისხის საგანძურად. მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია კულტურული რელიქვიები, შანგის და ჭოუს დინასტიების ბრინჯაოს ჭურჭელი, ასევე ჩინეთის ისტორიის სხვადასხვა დინასტიის კერამიკა და ფაიფურის ნაწარმი, რომელიც ჩინეთში საკმაოდ ფასეულია. მუზეუმში განთავსებულია ძირითადი საგამოფენო დარბაზები, სპეციალიზებული საგამოფენო დარბაზები და დროებითი საგამოფენო დარბაზები. პირველ ჯგუფში წარმოდგენილია ორი ძირითადი და ექვსი სპეციალიზებული გამოფენა.

ხენანის მუზეუმი არის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმი ჩინეთში. 1927 წლის ივნისში, გენერალმა ფენგ იუციანგმა, ეროვნული რევოლუციური არმიის სარდალმა და იმ დროს ხენანის პროვინციის პრეზიდენტმა, ჩამოაყალიბა მტავარი პრინციპი: „განათლება არის ქვეყნის მშენებლობის ფუნდამენტური პოლიტიკა“. ივლისში ჩამოყალიბდა ხენანის მუზეუმის დაარსების კომიტეტი. მუზეუმისთვის განკარგული ადგილი იყო ყოფილი სამართლის სკოლა, რომელიც მდებარეობდა კაიფენის სასამართლოს დასავლეთ ქუჩაზე. ასე დაიბადა მუზეუმი.

1928 წლის მაისში, პროვინციის ყოფილმა მთავრობამ ხენანის მუზეუმს უწოდა „სახალხო მუზეუმი“, რათა მუზეუმა წარმოეჩინა სხვადასხვა ერის ისტორია და თანამედროვეობა. 1930 წლის 1 დეკემბერს, ხენანის პროვინციის მთავრობამ მუზეუმს კვლავ გადაარქვა სახელი და უწოდეს „ხენანის მუზეუმი“, როგორც სოციალური საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება პროვინციის განათლების სამინისტროს. სკოლის შენობა გახდა ძველი ნივთების გამოფენის ადგილი. შეიქმნა ექსპონატების დაცვის განყოფილება და შეგროვებისა და გამოძიების დეპარტამენტი. დაარსდა აღმასრულებელი საბჭო, რომელიც მოიცავდა სამოქალაქო ადმინისტრაციის და განათლების ოფისის დირექტორებს, ხენანის უნივერსიტეტის პრეზიდენტს და მუზეუმის კურატორს. ყოფილი სახალხო მუზეუმის 19 საგამოფენო დარბაზი გარემონტდა და გამდიდრდა ისტორიული კულტურული რელიქვიებით. 1930 წლიდან 1937 წლამდე ხენანის მუზეუმმა განიცადა უპრეცედენტო განვითარება. მაღალკვალიფიციური მკვლევარების გუნდის და გუან ბაიის ხელმძღვანელობით, მუზეუმმა შეაგროვა შესანიშნავი და მნიშვნელოვანი კოლექციები, რომლებიც აქცენტს აკეთებდნენ ადგილობრივ ისტორიაზე. იმ დროს ხენანის მუზეუმი გახდა ძალიან ცნობილი, მოიპოვა აღიარება როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

1937 წელს მარკო პოლოს ხიდის ინციდენტი წამოიქმნა და იაპონიის არმია ოფიციალურად შეიჭრა ჩინეთში. მუზეუმი დაიხურა. ძირითადი კულტურული რელიქვიების 68 ყუთი გადაიტანეს ჩუნცინში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. ასევე ასობით ყუთი გომინდანმა გადაგზავნა ჩუნცინში შესანახად. მიუხედავად ამისა, 1940 წელს იაპონიის საოკუპაციო მთავრობამ ხელახლა გახსნა ხენანის მუზეუმი, სახელწოდებით „ხენანის პროვინციული მუზეუმი“, რამდენიმე განყოფილებით, როგორიცაა საქმეების ოფისი, შენახვის დეპარტამენტი და გამოძიების დეპარტამენტი. ანტიიაპონური ომის შემდეგ, გომინდანის ხენანის პროვინციულმა მთავრობამ განაახლა მუზეუმის მართვა. 1948 წლისთვის მუზეუმის არტეფაქტები გადაიტანეს ამჯერად ტაივანში. ეს არტეფაქტები ტაიბეის ისტორიის ეროვნული მუზეუმის ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც განმათავისუფლებელი არმია შევიდა კაიფენგში, 1949 წლის ნოემბერში, კუ ნაიშენგი, პროვინციული განათლების ოფისის დირექტორი, ხენანის პროვინციის მთავრობამ დანიშნა მუზეუმის კურატორად.

1961 წელს, პროვინციის დედაქალაქის გადატანასთან ერთად, ხენანის მუზეუმი გადავიდა კაიფენგიდან ჭენჭოუში. 1991 წელს მუზეუმი საფუძვლიანად გადააკეთეს. 1999 წელს ოფიციალურად გაიხსნა და მისი სახელიც ოფიციალურად გამოცხადდა როგორც „ხენანის მუზეუმი“. ახალი მუზეუმი მდებარეობს ჭენჭოუს ცენტრში, ნონგიეს გზაზე. მთავარი შენობა, რომელიც ტერიტორიის შუაგულშია აგებული, პირამიდის ფორმისაა. მის უკან განთავსებულია კულტურული რელიქვიების საწყობი, ხოლო მის გარშემო მდებარეობს ელექტრიფიცირებული საგანმანათლებლო შენობა, მომსახურების შენობა, ადმინისტრაციული შენობა და ტრენინგების შენობა. ახალი მუზეუმის დიზაინში შერწყმულია ცენტრალური ჩინეთის სამხატვრო სტილი და კულტურა.

დამთვალიერებლებისთვის უზრუნველყოფილია ისეთი მომსახურება, როგორიცაა აუდიო ტური, გადიდებული ვიდეო ფირის დაკვრა, კომპიუტერული კონსულტაცია და ინტერაქტიული საშუალებები.

ხენანის მუზეუმი აღჭურვილია უსაფრთხოების სისტემით, შენობების მართვის ავტომატური სისტემით, აუდიო-ვიზუალური განათლების სისტემით, მომსახურების საინფორმაციო კომპიუტერული ქსელის სისტემით, კულტურული რელიქვიების შენარჩუნებით, დაცვისა და კვლევის სისტემით და სხვა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით.

  • Lee Yuan-Yuan and Shen, Sinyan. Chinese Musical Instruments (Chinese Music Monograph Series). 1999. Chinese Music Society of North America Press. ISBN 1-880464-03-9

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 关于 - 河南博物院. ციტირების თარიღი: 2024-03-25