ვილჰელმინენბერგის სასახლე (გერმ. Palais Lieben-Auspitz) — ყოფილი XX საუკუნის დასაწყისის სასახლე, რომელიც დღეს ოთხვარსკვლავიან სასტუმროს, რესტორანს და საკონფერენციო დარბაზს წარმოადგენს. იგი მდებარეობს გალიცინბერგის აღმოსავლეთ ფერდობებზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენის დასავლეთ ნაწილში, ვენის ტყის ტერიტორიაზე.
1781 წელს ფელდმარშალმა ფრანც მორიც ფონ ლასიმ შეიძინა საკუთრება ოტაკრინგში, მთაზე, რომელსაც „პრედიგშტული“ ეწოდებოდა, და სასახლის მშენებლობა დაიწყო. მისმა მეგობარმა, ვენაში რუსეთის ელჩმა, თავად დიმიტრი გოლიცინმა, რომლის პატივსაცემად მოგვიანებით მთას მისი სახელი ეწოდა, გამოისყიდა ეს საკუთრება და შემდგომში შეიძინა ტყისა და საძოვრების სხვა ნაწილებიც ოტაკრინგის თემისგან. გოლიცინმა ეს ტერიტორია გადააქცია პარკად, რომელიც დღემდე არსებობს. პარკს ამშვენებდა რამდენიმე ტბორი, მრგვალი ტაძარი, რომაული ნანგრევები და სანადირო სახლი. 1793 წელს გოლიცინის გარდაცვალების შემდეგ, ეს საკუთრება ნიკოლაი რუმიანცევმა მემკვიდრეობით მიიღო.
რამდენიმე მფლობელის ცვლილების შემდეგ, 1824 წელს პრინცმა იულიუს ფონ მონლეარტმა და მისმა მეუღლემ, მარია კრისტინამ, გახსნეს სასახლე, რომელიც უკვე რეკონსტრუქციას საჭიროებდა . 1838 წელს მას ორი გვერდითი ფლიგელი დაემატა.
პრინცის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობითი დავა გაჩაღდა, რის გამოც საკუთრება სასამართლოს გადაწყვეტილებით 125,000 გულდენად გასაყიდად გამოიტანეს. 1866 წელს მორის დე მონლეარმა სასახლე და მისი ტერიტორია თავის მეუღლეს, ვილჰელმინას, აჩუქა. რადგან მისი მოთხოვნა, მთისთვის გალიცინბერგის ნაცვლად ვილჰელმინენბერგი ეწოდებინათ, ოფიციალურად არ დაკმაყოფილდა, პრინცმა სასახლის ყველა შესასვლელთან ტაბლები მიამაგრებინა წარწერით „ვილჰელმინენბერგი“, რითაც სახელის არაპირდაპირი შეცვლა მაინც უზრუნველყო.
1887 წლის 16 მარტს პრინცი გარდაიცვალა და მისი ქვრივის თხოვნით სასახლის ტერიტორიაზე, ნეოგოთურ სტილში აშენებულ მავზოლეუმში დაკრძალეს. პრინცესა ვილჰელმინამ მემკვიდრეობა თავის ნათესავებს გაუნაწილა, ხოლო მხოლოდ პირადი საკუთრება და ვილჰელმინენბერგის შემოსავალი შეინარჩუნა. მისი გულუხვობის გამო, განსაკუთრებით ღარიბების მიმართ, მას „ვილჰელმინენბერგის ანგელოზს“ უწოდებდნენ. 1895 წლის 26 მარტს ის გარდაიცვალა და მეუღლის გვერდით, მავზოლეუმში დაკრძალეს.
1903-1908 წლებში მოძველებული სასახლე დაანგრიეს, ხოლო მის ადგილას ნეოამპირის სტილში ახალი სასახლე აშენდა არქიტექტორების ედუარდ ფრაუენფელდის (1853–1910) და იგნაც სოვინსკის გეგმის მიხედვით. ეს სასახლე ავსტრიელი ერცჰერცოგების საცხოვრებლად იყო განკუთვნილი. მშენებლობის ხარჯებმა, მათ შორის სამეურნეო შენობების ჩათვლით, 1.4 მილიონი კრონა შეადგინა. სასახლის მფლობელი თავდაპირველად ერცჰერცოგი რაინერ ფერდინანდი იყო, ხოლო 1913 წლის იანვრიდან — მისი ძმისშვილის, ერცჰერცოგ ლეოპოლდ სალვატორის.
პირველი მსოფლიო ომის დროს სასახლე ჰოსპიტალად და ომის მსხვერპლთა რეაბილიტაციის სახლად გადააკეთეს.
1922 წელს ის ციურიხის ბანკის დირექტორმა, ვილჰელმ ამანმა, შეიძინა. 1926 წლის 16 ნოემბერს ქალაქმა ვენამ იგი აუქციონზე გამოისყიდა და 1927 წელს სასახლეში მუნიციპალური ბავშვთა თავშესაფარი დააარსა. 1934-1939 წლებში შენობაში ვენის ბიჭუნათა გუნდის რეზიდენცია მდებარეობდა.
1938 წლის მარტში ნაციონალისტებმა სასახლე კონფისკაციას დაქვემდებარეს და იგი ავსტრიის ლეგიონს გადასცეს. მეორე მსოფლიო ომის დროს სასახლე კვლავ სამხედრო ჰოსპიტალად გამოიყენეს და ის მეზობელ ვილჰელმინენჰოსპიტალთან დააკავშირეს.
1945 წელს სასახლე ბავშვებისთვის რეაბილიტაციის სახლად გადაკეთდა, სადაც ასევე განთავსდნენ ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრები. 1950 წელს შპიგელგრუნდიდან ვილჰელმინენბერგის სასახლეში სამკურნალო-სასწავლო დაკვირვების სადგური გადმოიტანეს.[1]
1961 წლიდან 1977 წლამდე შენობა სპეციალური სკოლების გოგონათა საცხოვრებლად გამოიყენებოდა (შემდგომში აქ ბიჭების ჯგუფიც შეიქმნა). 2011 წელს ცნობილი გახდა, რომ ამ პერიოდში საცხოვრებელში მრავალი ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევა მოხდა.
ვენის საქალაქო ადმინისტრაციამ თავი იძულებულად ჩათვალა, შეექმნა კომისია ამ დანაშაულების გამოსაძიებლად, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე სამართლებრივი ძალა დაკარგული ჰქონდათ.
ვილჰელმინენბერგის (და სხვა მუნიციპალურ სკოლებში) მომხდარმა ძალადობის ფაქტებმა ასევე გამოიწვია მოთხოვნა, გადაეხედათ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადებისთვის, რათა დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ.
1986 წლის 1 ივლისს ვიცე-მერმა ჰანს მაირმა განაცხადა, რომ სასახლეს რესტავრაცია ჩაუტარდებოა და სტუმრებისათვის განკუთვნილ სახლად გადაკეთდებოდა. 1988 წელს, 14-თვიანი სამშენებლო პერიოდის შემდეგ, გაიხსნა სამვარსკვლავიანი „Gästehaus Schloss Wilhelminenberg“.
სამწლიანი მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ, სასტუმროს სტატუსი ოთხვარსკვლავიან კატეგორიამდე აიწია. დღეს იგი „Austria Trend Hotels“ ბრენდის ქვეშ, „Verkehrsbüro Hotellerie GmbH“ კომპანიის მფლობელობაში ფუნქციონირებს.