პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. სახელი | Vitali Məcid oğlu Rəhimov |
დაბ. თარიღი | 27 აგვისტო, 1984 (40 წლის) |
დაბ. ადგილი | მეღრი |
სიმაღლე | 166 |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ვიტალი მეჯიდის ძე რაჰიმოვი (აზერ. Vitali Məcidoviç Rəhimov[1] დ. 27 აგვისტო, 1984, მეღრი) — აზერბაიჯანელი მოჭიდავე, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების წევრი. აზერბაიჯანის სპორტის დამსახურებული ოსტატი.[1]
ვიტალი რაჰიმოვი დაიბადა სომხეთის სსრ-ის სოფელ მეგრში,[2] 1984 წლის 26 აგვისტოს. 1990 წელს რაჰიმოვების ოჯახი საცხოვრებლად აზერბაიჯანში გადავიდა. 1994 წელს ვიტალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის წრეზე შევიდა. „ჩემმა ძმამ კლასიკურ ჭიდაობაზე მიმიყვანა“, - იხსენებს ვიტალი. - „სიმართლე გითხრათ, მაშინ არ ვიცოდი რა განსხვავება იყო ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობას შორის. მაგრამ არ ვნანობ ჩემს არჩევანს“.
2004 წლის საბერძნეთში, ათენში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რაჰიმოვმა დაამარცხა ამერიკელი ჯიმ გრეუნვოლდი, ანგარიშით 7-0. შემდეგ შეხვედრაში დამარცხდა სერბ დავორ სტეფანეკთან.[3]
2005 წელს მოიგო ვარნაში, ბულგარეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი. ფინალში დაამარცხა რუმინელი ეუსებიუ დიაკონუ.[4] 2008 წელს მონაწილეობა მიიღო ჩინეთში გამართულ, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა. თავდაპირველად დაამარცხა ჩინელი შენგ ჯიანგი. მისი შემდეგი მეტოქე იყო რუმინელი ეუსებიუ დიაკონუ, ამას მოჰყვა ბულგარეთის სახელით მოასპარეზე არმენ ნაზარიანისა და თურქმენი ნურბაკიტ ტენგიზბაიევის დამარცხება. ფინალში დამარცხდა რუსეთის წარმომადგენელ ისლამბეკ ალბიევთან. 2016 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ვიტალი რაჰიმოვი გაასამართლა ანტიდოპინგური წესების დარღვევისათვის და ჩამოართვა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ვერცხლის მედალი.[5] 2009 წელს ჰერნინგში, დანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 1/32 ფინალში დაამარცხა იტალიელი პაოლო ფუჩილე (1:0, 6:0). 1/16 ფინალში დაამარცხა ყირგიზი რუსლან ტიუმენბაიევი (1:0, 1:0). მეოთხედფინალში დაამარცხა ქართველი მოჭიდავე რევაზ ლაშხი (1:0, 1:0). ნახევარფინალში დამარცხდა უზბეკ დილშოდ არიპოვთან. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დაამარცხა თურქი სონერ სენჯუ. [6] 2010 წელს, ერთი წლის შემდეგ მოსკოვში, რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 1/32 ფინალში დაამარცხა ინდოელი სუმილ კუნარ რანა, ანგარიშით 5:1. 1/16 ფინალში დაამარცხა სომეხი არმან ადიკიანი. მეოთხედფინალში დამარცხდა რუსეთის სახელით მოასპარეზე ამბაკო ვაჩაძე. რეპეშაჟში დაამარცხა შვეიცარიელი პასკალ სტრებელი. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დაამარცხა უნგრელი ტამაშ ლიორინცი. [7] 2011 წელს გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
რაჰიმოვს მიღებული აქვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდო, მედალი „პროგრესი“.