ლულუვა ბინთ ფეისალ ას-საუდი | |
---|---|
![]() მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე. 30 ოქტომბერი—1 ნოემბერი, 2008 წ. | |
მშობლიური სახელი | არაბ. لولوة بنت فيصل آل سعود |
დაბადების თარიღი |
1948 ატ-ტაიფი, მექა, საუდის არაბეთი |
მოქალაქეობა |
![]() |
მეუღლე(ები) | საუდ იბნ აბდულ-მუჰსინ ას-საუდი |
მშობლები |
მამა: ფეისალი (საუდის არაბეთი) დედა: იფათ ბინთ მუჰამედ ას-სუნაიანი |
ლულუვა ბინთ ფეისალ ას-საუდი (არაბ. لولوة بنت فيصل بن عبد العزيز آل سعود; დ. 1948, ეტ-ტაიფი, საუდის არაბეთი) — საუდის არაბეთის მმართველი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, მეფე ფეისალის და მისი მეუღლის იფათ ას-სუნაიანის ქალიშვილი. საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საზოგადო მოღვაწე ქალი. საგარეო საქმეთა მინისტრ, უფლისწულ საუდ იბნ ფეისალ იბნ აბდულაზიზ ას-საუდის და ამერიკის შეერთებულ შტატებში საუდის არაბეთის ელჩის თურქი იბნ ფეისალ ას-საუდის ღვიძლი და.ის აქტიურად არის ჩართული ქალთა განათლებისა და ქვეყნის სხვა სოციალურ პრობლემებში.[1]
ლულუვა ბინთ ფეისალი საუდის არაბეთის მეფის ფეისალისა და მისი მეუღლის, თურქული ფესვების მქონე იფათის ცხრა შვილიდან ერთ-ერთია. მას ჰყავს ხუთი უფროსი ძმა: მუჰამედი (1937-2017), საუდი (1940-2015), აბდურრაჰმანი (1942-2014), ბანდარი (1943-2015), თურქი (დ. 1945 წ.) და სამი და: სარა (დ. 1935 წ.), ლატიფა. და ჰაიფა (დ. 1950 წ.).[2]
პრინცესა აღიზარდა ალ-ტაიფის სასახლეში. ფეისალის სხვა შვილების მსგავსად, მან განათლება საზღვარგარეთ მიიღო, სკოლა დაამთავრა შვეიცარიაში, ლოზანაში. ლულუვა ბინთ ფეისალი ცოლად გაჰყვა ერთ-ერთ ბიძაშვილს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა, მაგრამ ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ გაშორდა. როდესაც ლულუვა 20 წლის იყო, მამა მოკლა ძმისწულმა — ფეისალ იბნ მუსაიდმა.[3]
პრინცესა ლულუვამ თავისი საქმიანობა მიუძღვნა საუდის არაბეთში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით განათლების სფეროში. 1970 წლიდან "ალ-ნაჰდას" საქველმოქმედო ქალთა საზოგადოების წევრია, რომელიც მდებარეობს რიადში. 1990 წლიდან 1999 წლამდე ის ეხმარებოდა დედას, დედოფალ იფათს, საუდის არაბეთში, ჯიდაში არსებული პირველი ქალთა საშუალო დარ ალ-ხანანის სკოლის მართვაში. დედასთან და და-ძმებთან ერთად წვლილი მიუძღვის ეფფატის კოლეჯის (ახლანდელი ეფფატის უნივერსიტეტის) დაარსებაში 1999 წელს.
ლულუვა ბინთ ფეისალი კოლეჯის დაარსების ყველა ეტაპზე ღებულობდა მონაწილეობას, დაწყებული სახსრების მოზიდვით, სასწავლო გეგმის შემუშავებით, მშენებლობის ზედამხედველობით, ფაკულტეტისა და პერსონალის დაკომპლექტებამდე.[4][5]
ამჟამად იკავებს უნივერსიტეტის დამფუძნებლებისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ასევე მისი მთავარი ხელმძღვანელის თანამდებობას. 2005 წელს მან დასავლური მედიის წარმომადგენლებს პირველად დართო ნება ფოტოსესია მოეწყოთ.[6]
2007 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საჯარო სესიაზე ლულუვა გამოვიდა საუდის არაბეთში ქალებისთვის მანქანის მართვის აკრძალვის წინააღმდეგ. იგი იბრძვის ქალთა უფლებების გაფართოებისთვის ქვეყანაში, ამავე დროს გამოდის დასავლეთში საუდის არაბეთის ქალთა შესახებ გაბატონებული სტერეოტიპების წინააღმდეგ. იგი მოითხოვს მუსლიმი ქალებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭებისთვის, თუმცა არა აუცილებლად ისეთი უფლებების, როგორიც დასავლეთშია.[7]
ლულუვა ბით ფეისალი რეგულარულად წარმოადგენს საუდის არაბეთს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე. ის იყო საუდის არაბეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო სავაჭრო კომიტეტის წევრი. 2006 წელს ხელმძღვანელობდა საუდის არაბეთის მეწარმე ქალთა დელეგაციას ჰონგ-კონგში. პრინცესა ლულუვა მონაწილეობდა საუდის არაბეთის საგარეო სავაჭრო მისიებში, თან ახლდა საუდის სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრებს დიპლომატიურ ვიზიტებზე.[8]
ლულუვა გამოვიდა მოხსენებებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მუსლიმი ქალების უფლებების გაუმჯობესების შესახებ. მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამიტებში, მათ შორის ფორუმის სესიებზე გამოსვლის ჩათვლით. დავოსში 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს სამუშაო სესიაზე „როგორი განათლება როგორი მსოფლიოსთვის?“ გამოვიდა მოხსენებით განათლების ფილოსოფიის შესახებ. იგი გახლდათ მთავარი მომხსენებელი ლონდონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის კონფერენციაზე ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლაში 2003 წელს. საუდის არაბეთში გახლავთ მეფე ფეისალის სახელობის ფონდის გამგეობის წევრი.[9]
მამის, მეფე ფეისალის მსგავსად, ის თავისუფლად ფლობს მშობლიურ არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.[10]
2009 წელს ლულუვამ მიიღო საპატიო ხარისხი Mount Holyoke College-ში (მასაჩუსეტსი, აშშ). Mount Holyoke College-მა ასევე შეასრულა საკონსულტაციო როლი ეფფატის უნივერსიტეტის დაარსებაში.